ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგი" კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" საწვავის ხარისხობრივ შემოწმებას ახორციელებს.
ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო "მონიტორინგის" ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, მიმდინარე თვეში ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო აგრძელებს კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმოებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხობრივ შემოწმებასა და სერტიფიცირებას.
ხარისხის შემოწმება ხდება ყოველი კონკრეტული საწვავის პარტიის იმპორტის განხორციელებისას.
"შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ბენზინის შემთხვევაში ოქტანური რიცხვი საკმაოდ მაღალია. თავის მხრივ, ოქტანური რიცხვი გახლავთ პროდუქტის ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური მახასიათებელი, რომელზეც მნიშვნელოვნადა დამოკიდებული საწვავის ხარისხი. ასევე ის კომპონენტები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ გარემოსა და ეკოლოგიაზე (არომატული ნახშირწყალბადები, გოგირდი, ბენზოლი, ტყვია) მნიშვნელოვნად დაბალი შემცველობისაა. შესაბამისად, ორივე სახის პროდუქცია (ბენზინი და დიზელი) სრულიად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს", - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.
მისივე განმარტებით, "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული აზერბაიჯანული რეგულარის ტიპის ბენზინის შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი ფიზიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლები: ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 92,8 - 93,0 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა); ტყვიის შემცველობა მასში ფაქტიურად არ არის - 0,0013 - 0,001 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით - უნდა იყოს არა უმეტეს 0,013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი შეადგენს 29 პროცენტს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 3 პროცენტამდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა არის 142 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა).
რაც შეეხება დიზელის საწვავის ლაბორატორიულ შედეგებს, ცეტანის რიცხვი შეადგენს 49-50,5 (მოქმედი კანონმდებლობით - არანაკლებ 45); აფეთქების ტემპერატურა - 67-720ჩ (მოქმედი კანონმდებლობით - არანაკლებ 62 0ჩ); გოგირდის მასიური წილი - 295-317 (მოქმედი კანონმდებლობით - არა უმეტეს 350).