ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს. მათ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოთხოვეს და არგუმენტად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს.
”გვაქვს დოკუმენტაცია, რომ მამა გიორგი მამალძემ საქართველოში ვერ გაიკეთა ოპერაცია. გადატანილი აქვს ძალიან მძიმე ოპერაცია გულზე, რომელიც გაკეთდა თურქეთში. როდესაც გაუმიზეზდა გულის პრობლემები, გადაყვანილი იყო ჩაფიძის კლინიკაში, ვინაიდან საქართველოს სამედიცინო სისტემაში ამის პრაქტიკა არ არსებობს, დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს მას”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა და აღკვეთ ღონისძიებად კვლავ პატიმრობა დატოვა. დღევანდელი სხდომა ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში წარიმართა, პროკურატურის განცხადებით, მათ პროცესზე საიდუმლო მასალები წარმოადგინეს და მიუხედავად დაცვის მხარის მოთხოვნისა, სხდომა არ უნდა გასაჯაროებულიყო.