დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო. პროცესი ნაწილობრივ დაიხურა და პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა დახურულ რეჟიმში მოხდება. სხდომის დახურვა ბრალდებამ მოითხოვა და ეს საიდუმლო მასალების გაჟღერებით ახსნა. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა გიორგი მამალაძემ. მან განაცხადა, რომ სურს სხდომა ღია და საჯარო იყოს. სავარაუდოდ, სხდომა გადაწყვეტილების გამოცხადების ნაწილში გაიხსნება.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს. მისი თქმით, ახალი გარემოებები და დამატებითი მტკიცებულებები აქვთ, რომელიც გიორგი მამალაძის უდანაშაულობაზე მიუთითებს. თუმცა ეს მტკიცებულებები ადვოკატმა პროცესამდე არ გაახმაურა. პროკურორი ზვიად გუბელაძე კი ამბობს, რომ ბრალდების მხარე პატიმრობის გაგრძელებას მოითხოვს. მისი თქმით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს და დეკანოზის თავისუფლებაში ყოფნა ამ პროცესს ხელს შეუშლის.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მოთხოვნა წინასწარი გამოძიების ვადის გაგრძელებაზე დაკმაყოფილდა და საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო.