სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე განცხადებას აკეთებს Human Rights Watch-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლი.
გიორგი გოგია ამბობს, რომ Human Rights Watch ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა სამაუწყებლო კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სამართლებრივ პროცესებს.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია იმ რისკებზე, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს მედია, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში.
ასევე ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა ჩარეულიყო სასამართლო პროცესებში.
Human Rights Watch მოუწოდებს ხელისუფლებას, რა ტიპის გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სტრასბურგის სასამართლომ თავად უზრუნველყოს ის, რომ სამართლებრივი დავის დასრულებამდე არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მოსახლეობის, მედიის მრავალფეროვნებაზე წვდომაზე, მრავალფეროვან კონტენტზე, ასევე ქვეყანაში ოპოზიციურ მედიაზე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ის როგორ მიმდინარეობდა პროცესი, ხელისუფლების როლი მასში, რეალურად აყენებს საფრთხის წინაშე მედია თავისუფლებას ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გოგიამ.