კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე დღეს საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. მაისურაძემ განაცხადა, რომ ის საქართველოდან დეკემბერში წავიდა და საქართველოს საზღვარზე მისთვის არ უთქვამთ, რომ რუსეთის მიერ ინტერპოლით იძებნებოდა. ზურაბ მაისურაძეს ჩრდილო კავკასიელი მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდებაში ედებოდა ბრალი.
მაისურაძე ვილნიუსში ჩასვლისას დააკავეს და რამდენიმე დღის შემდეგ გამოუშვეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, სასამართლო ჩატარდა და დადგინდა, რომ არსებობდა პოლიტიკური დევნის ნიშნები და არშემდგარი დანაშაული.
მას ვილნიუსში პასპორტი ჰქონდა ჩამორთმეული, რომლის დაბრუნების შემდეგაც ის საქართველოში დაბრუნდა.
მაისურაძეს კოპიტნარის აეროპორტში ,,ევროპული საქართველოს“ წევრები დახვდნენ. გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ თუკი კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი იძებნებოდა, ის საქართველოდან არ უნდა გაეშვათ.
ზურაბ მაისურაძის მსგავსად, 15 იანვარს ქართველი მებრძოლი გია ცერცვაძე უკრაინაში დააკავეს, რომელიც ასევე რუსეთის მიერ, ინტერპოლით იძებნებოდა.