„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე საპატრიარქოს მოვლენებს ეხმიანება და მთავარი პროკურორის საქმიანობაში სავარაუდო დანაშაულის შესწავლას მოითხოვს.
„საპატრიარქოსთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაზე გაკეთებული განცხადებები საქართველოს პროკურატურის მხრიდან იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და როგორც ჩანს, ეს ხორციელდებოდა განზრახ მთავარი პროკურორის მხრიდან. სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვიწყებთ მიმართვას დისციპლინური კომიტეტისადმი და საპროკურორო დისციპლინური საბჭოსადმი, რომ დაიწყოს შესწავლა მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შასახებ და ლოგიკური დასასრულიც მისი თანამდებობიდან გადადგომა უნდა იყოს. მთავარი პროკურორი პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ ქმედებებზე, ვინაიდან სწორედ მისმა ქმედებებმა და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განცხადებებმა საზოგადოებაში გამოიწვია მნიშვნელოვანი ვნებათაღელვა. იმისათვის, რომ სადისციპლინო საბჭომ საქმის წარმოება დაიყოს, სჭირდება 50 დეპუტატის ხელმოწერა და ვფიქრობთ, რომ უმრავლესობაშიც აღმოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც საკუთარ თავს სცემენ პატივს იმდენად, რომ ასეთ ქმედებებს მთავარი პროკურატურისგან არ მოითმენენ და მინიმუმ შესწავლას დაუჭერენ მხარს“, - აცხადებს აბესაძე.