მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებებს გიორგი ფანცულაიასთან ერთად მიხეილ რამიშვილიც დაიცავს. რამიშვილს მამა გიორგის უფლებების დაცვის თხოვნით დეკანოზის ოჯახი დაუკავშირდა.
ახალი ადვოკატი ბრალდებულს ჩაფიძის სახელობის კლინიკაში დღეს შეხვდება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ის მკვლელობის მომზადების ფაქტზეა დაკავებული. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.