ე.წ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალმა ხელმძღვანელობამ ულაპარაკოდ დახურა ეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გაურკვეველი ვადით (თუ სამუდამოდ არა) და განაცხადა, რომ 1-2 წლის შემდეგ შექმნის, ფაქტიურად, ახალ ტელევიზიას - ახალ ადგილას, ახალ შენობაში, ახალი კოლექტივით, განახლებული ტექნიკური საშუალებებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და ა.შ.
ხშირად ხდება ხოლმე, როცა ამა თუ იმ პროცესსა თუ მნიშვნელოვან მოვლენაზე მსჯელობისას, ივიწყებენ კონტექსტს. მათ შორის ისტორიულ კონტექსტს. ხოლო ის, ვისაც კონტექსტი არ მოსწონს, გაღიზიანებით გეკითხება: „ეს რა შუაშია?“. მაშინვე უნდა უპასუხო: „შუაში კი არა თავშია!“
გავიხსენოთ, რომ „დიდი რეფორმის“ განმახორციელებელნი სწორედ ის ვასიკო მაღლაფერიძე და ია ანთაძის წყვილია, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილისგან „მეცხრე არხი“ გამოეთხოვა, რათა იგი ალტერნატიულ „საზმაუდ“ ექცია.
მაგრამ ვერ მოახერხეს, რადგან მაშინ ბიძინაში ბიზნესმენის იმ ინსტინქტმა „იმუშავა“, რომლის თანახმად „კოტრება ცენტით იწყება და არა მილიონით“; ამიტომ მაღლაფერიძე-ანთაძის პროექტი ჩავარდა, ხოლო ისეთ ინვესტორს, რომელიც ტელევიზიაში იმდენ ფულს გადაიხდიდა, რაც ივანიშვილს „უღირდა“, მაღლაფერიძე- ანთაძე, რასაკვირველია ვერ იპოვიდნენ. ვერ იპოვიდნენ იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთი ინვესტორი ქვეყანაში მხოლოდ ერთია - თვით ბიძინა ივანიშვილი.
მას კი, როგორც ვთქვი, „არ უღირდა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ივანიშვილმა დაავალა თუ არა მაღლაფერიძე-ანთაძეს ის, რასაც ახლა აკეთებენ - სრულიად უაზრო კითხვაა. კომპიუტერული სტრატეგია ხომ გითამაშიათ? მთავარია კურსორით მიანიშნო სამხედრო „იუნიტს“ - საით გაემართოს, ვის ებრძოლოს და ის მერე თვითონ გააკეთებს საქმეს. შენი ჩარევა აღარ იქნება საჭირო.
ხოლო ბორდს, ვისაც ამ ორწევრიანი „იუნიტის“ შეჩერება შეეძლო, რაიმეს თავი რომ ჰქონოდა, არც აირჩევდა. ახლა ყველაზე საინტერესო საკითხი ისაა, დაამტკიცებს თუ არა სტრატეგიას, ანუ გამოიჩენს თუ არა ანტიკონფორმიზმს მაშინ, როდესაც ახა;ლი მენეჯმენტის არჩევისას სწორედ კონფორმიზმით იხელმძღვანელეს? „. . . . . . ალბათ „იმას“ ესენი უნდა და . . . რა იცი რა ხდება. . . . . “
მეორე „ეგ რა შუაშია“ კი, ამ, რბილად თუ ვიტყვით, „მრავალ ხელისუფლებას მოსწრებული“ ტელევიზიის წარსულსა და წარმომავლობას უკავშირდება, რაც უკვე სისტემურ პრობლემად იქცა:
რატომღაც არავინ იხსენებს, რომ სწორედ ეს ტელევიზია და მისი „შრომითი კოლექტივი“ გახდა საქართველოში საზარელი სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მთავარი პროვოკატორი 1991 წელს! იმ ომისა, რომელმაც დაანგრია და გაანადგურა ეს ქვეყანა როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად.
და ახლა, ზოგიერთი იმდროინდელი „რევოლუციონერი“ და პროვოკატორი ისეთი აპლომბით გველაპარაკება ტელეეკრანიდან, თითქოს დაგვავიწყდა მათი იმდროინდელი როლი. როგორც ჩანს, მართლა ჰგონიათ, აღარ გვახსოვს „კიბეებზე დასხდომები“ კიტოვანის ბანდის თანხლებით, რომელმაც საკუთარ დროშას ტყვია ესროლა სწორედ იმ საბაბით, რომ „დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას“ იცავდა თურმე.
თუმცა ამ ტელევიზიის ერთ-ერთმა მასტოდანტმა, ვალერი კვარაცხელიამ, მოგვიანებით, მას „მონობაში დაბადებული და მონობაში სიკვდილისთვის განწირული უწოდა“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია: „პირველყოფილი ცოდვა“, რომელიც ამ ტელევიზიას მუდამ თან სდევს არა მხოლოდ 1991 წლიდან, არამედ დიდი ხნით ადრე: კომუნისტურ საშოში ჩასახვის მომენტიდან.
„საზოგადოებრივ მაუწყებლად“ წოდებული ტელევიზიის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი მუდამ ხელისუფლების ინსტრუმენტი იყო და არა მედია-საშუალება. კიტრისგან კი ხანჯალს ვერ გააკეთებ!
უსასრულოდ გულუბრყვილო იყო მცდელობა, ამ ტელევიზიის „ბაზაზე“, მისი ნანგრევებით თუ საკადრო ნარჩენებით, შეექმნათ საზოგადოებრივი მაუწყებელი“. არადა ნანგრევები არ არის კარგი მასალა ახალი შენობის ასაგებად.
„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დიდ ბრიტანეთში მხოლოდ იმიტომ გაამართლა, რომ იმ საზოგადოებრივ კულტურას შეესაბამებოდა. ბრიტანეთი საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, მდგრადი, გაწონასწორებული, ღრმად ეშელონირებული სამოქალაქო საზოგადოებაა - მაღალი შეგნებით, კულტურითა და პასუხისმგებლობით.
ამიტომ BBC მართლაც იქცა „სოციალური მაუწყებლის“ ეტალონად, რომელიც, იმავდროულად, ყველაზე მკაცრ ჟურნალისტურ სტანდარტს შეესაბამება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საქართველოში კი ამგვარი რამ სისტემურად შეუძლებელია. იმიტომ, რომ სულ სხვა საზოგადოებაა: „უინტერესოაო“ საზოგადოებრივი მაუწყებელი „ვინ უყურებს მაგათ“, „აბა ორი-სამი გადაცემა მაინც ჩამოთვალე“ და ა.შ.
ზოგიერთი ამ კითხვათაგან სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმურია. მით უმეტეს, როდესაც „საზმაუზე“ წელიწადში 40-45 მილიონი იხარჯებოდა, ანუ, წლების განმავლობაში ნახევარ მილიარდზე მეტი თუ არა, ნაკლები არ დაიხარჯა!
მაგრამ მთავარი პრობლემა, ისევ და ისევ, საზოგადოებრივი დაკვეთაა. ამიტომ, ჩვენი საზოგადოების მოთხოვნიდან და კულტურის დონიდან გამომდინარე, ტელევიზია საქართველოში არ შეიძლება არ იყოს „სკანდალისტური“, ანუ სკანდალზე, ნეგატივზე, შავ რეიტინგზე ორიენტირებული.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მდიდარი სპონსორი ჰყავს, რომელიც პოლიტიკურად დაინტერესებულია ტელევიზია „ამუშაოს“ და თან „აყეფოს“, ეს სპონსორი (ვთქვათ ბიზნესმენი, ან დიდი ფინანსური შესაძლებლობების პოლიტიკური ჯგუფი) ეცდება სატელევიზიო ხარჯების მინიმიზებას, ხოლო რეიტინგის (შესაბამისად რეკლამის) მოსაპოვებლად აუცილებელია სკანდალი, სკანდალი, სკანდალი, ისევ სკანდალი და ამ აზრით გაგებული „ყურებადობა“, როდესაც ადამიანები ავადმყოფური აკანკალებით, ნარკომანებივით ელიან, როდის დაასრულებს „წიკწიკს“ საათის ისარი საინფორმაციო გადაცემის დაწყებამდე, რაკი ნამდვილად იციან, რომ „ნარკოტიკის“ მორიგი ულუფა ელით
ეს საზოგადოებრივი ავადმყოფობაა, რომლის სოციო-ფსიქოლოგიური ფესვები, ისევ და ისევ, ქართულ მენტალობასა და ბოლო 30 წლის განმავლობაში გადატანილ სტრესებში უნდა ვეძიოთ, ანუ ტელევიზიები თითქოს არ არიან დამნაშავენი, მაგრამ ხელი რომ შეუწყვეს ამ ავადმყოფობის განვითარებას - სრულიად უეჭველია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ასეთ „სამხეცეში“, რომელ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ შეიძლება ყოფილიყო საუბარი, რომელიც დაბალანსებულად გააშუქებდა პოლიტიკურ პროცესებს, ხოლო საინტერესოდ - სოციალურ პრობლემატიკას?
ეს ბოლო მომენტიც ძალიან ნიშანდობლივია: სოციალური პრობლემატიკის ტელეპროდუქციად, მით უმეტეს ტელემოვლენად ქცევა ისევ და ისევ მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საზოგადოებას აქვს მისი „აღქმადობის“ თვისება. ბრიტანულ და, ზოგადად, ევროპულ საზოგადოებას აქვს, მაგრამ ქართულს - არა: საქართველოში თუ სკანდალური არაა (მაგალითად მამამ შვილი გააუპატიურა და ა.შ) არავინ უყურებს - გადართავს სხვა არხზე, სადაც უხვად შესთავაზებენ ამ „ნარკოტიკს“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
და მაინც, ამ ობიექტური პრობლემატიკის მიუხედავად, სრულიად კანონიერია (ვიმეორებ) კითხვა: როგორ ვერ მოახერხა ასეთი შესაძლებლობების და ფინანსების ტელევიზიამ თუნდაც „ნიუსის“ ფორმატირება ისე, რომ საინტერესო და ყურებადი ყოფილიყო?
მაგალითად, რატომ ვერ შეძლეს გაეხსნათ ნამდვილი „კორ-პუნქტები“ ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, გაეგზავნათ „სპეც-კორები“ უკრაინისა თუ სირიის ომებში, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე და, იქედან საინტერესოდ, დაბალანსებულად მოეყოლათ მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოეპოვებინათ ექსკლუზიური ინტერვიუები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან და აქტუალურ პერსონაჟებთან; მიეწოდებინათ მაყურებლისთვის ხარისხიანი მხატვრული პროდუქცია.
ბოლოს და ბოლოს, რა უშლიდათ, ნიჭისა და უნარის დეფიციტის გარდა, თავად შეექმნათ ისეთი პოპულარული ტელეშოუები, როგორიცაა „ნიჭიერი“, „X-ფაქტორი“, „საცეკვაო კონკურსი“ და ა.შ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ის, რასაც მაღლაფერიძე-ანთაძის „რეფორმაცია“ ითვალისწინებს, არის სრულიად ახალი ტელევიზიის შექმნის მცდელობა.
ნამდვილად დიდებული საქმე იქნება „ოქროს ფონდის“ გაციფრულება, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, ტექნიკის შეძენა, კომუნისტურ-დროინდელი „ყორნების“ დაფრენა და ა.შ. მაგრამ რისთვის, რა მიზნით? - ესაა მთავარი კითხვა. ახალი „მეცხრე არხის“ ან „რუსთავი-სამის“ ასაშენებლად?
მაშინ, თუ ასეა, ბევრად ლოგიკური იქნებოდა, ამ ტელევიზიის „გარდაქმნაზე“ კი არ დახარჯულიყო მილიონები, არამედ უბრალოდ, მომხდარიყო მისი პრივატიზება; ანუ გვეღიარებინა, რომ ზემოთჩამოთვლილი სისტემური მიზეზებით, საქართველოში უბრალოდ შეუძლებელია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შექმნა, რომელიც ერთი მხრივ, აკადემიური იქნებოდა, ხოლო მეორე მხრივ - ყურებადი, ანუ ნაწილობრივ მაინც რენტაბელური როგორც სოციალური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
თუმცა პრობლემა, როგორც ჩანს ისაა, რომ „რეფორმატორთა“ აზრით, პოტენციურ მყიდველს ეს ტელევიზია „არ უღირს“, ისევე, როგორც „მეცხრე არხი“ არ უღირდა. ამიტომაც, საქმე ისევე ჩაფლავდება, როგორც ქართული BBC-ს შექმნის ყველა სხვა ადრინდელი მცდელობა.
ტელევიზია საზოგადოების სარკეა. ქართული საზოგადოების სარკეა „რუსთავი-2“! ამიტომაცაა ყველაზე პოპულარული, ნიჭიერი, კრეატიული, პროფესიული და წარმატებული.
ამიტომაც იკლავენ თავს მის ხელში ჩასაგდებად, თორემ ის ჩამყაყებული სარდაფი ვის რაში სჭირდება?
ნიკა იმნაიშვილი