„გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ საქმეზე უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი რომ ახლოვდება, იმ სკანდალითაც ჩანს, რაც ბოლო დღეებში აგორდა: თუ უმაღლესი სასამართლო ინსტანცია ამ საქმეს „ხელახლა განსახილველად“ დააბრუნებს, ეს ამჟამინდელი მფლობელებისა და მენეჯმენტის გამარჯვება იქნება; ხოლო თუ ქიბარ ხალვაშს გადასცემს - უმწვავესი დაპირისპირების წინაპირობად იქცევა.
მეორე ვარიანტი დღემდე, თითქოს, უფრო სავარაუდო სჩანდა, თუმცა სკანდალმა ბევრი რამ „არია“ საჭადრაკო დაფაზე. თანაც, ყველა „მოჭადრაკე“ ცდილობს, მაქსიმალურად დაგვაბნიოს, სიტუაცია კიდევ უფრო აბურდოს და გააბუნდოვანოს, რათა ბევრი ვერაფერი გავიგოთ, - ვინ ვის რა „ამანათი“ გაუგზავნა, რა „სქრინშოტები“ გამოქვეყნდა უკრაინულ რესურსებზე და ა.შ.
საქმის ხილული, უფრო ზუსტად „სმენადი“ ნაწილი დაიწყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე დაიდო მიხეილ სააკაშვილისა და დავით საყვარელიძის „უაიბერ-მიმოწერა“. ორგზის ექს-პროკურორის მოადგილე ერთგზის ექს-პრეზიდენტს უყვებოდა, რომ უზენაესი სასამართლოს ორ წევრს არათუ გაეგზავნა, არამედ უკვე „ჩაბარდა“ რაღაც „ამანათი“.
თავისთავად „ამანათს“ ვინ როგორ წაიკითხავს, - სხვა საკითხია. თეორიულად (თუმცა მხოლოდ თეორიულად) შეიძლება უკრაინული „პერცოვკაც“ ყოფილიყო და ფულით გატენილი „დიპლომატიც“ იგულისხმებოდეს. ან უბრალოდ წერილი. თუმცა პირველი კითხვაც აქვე ჩნდება: წერლებს ვინღა აგზავნის? ესე იგი, ვიღაცამ ხელით გადასცა? ვინ, კონკრეტულად?
თუმცა, ეს არ არის ჯერ არსებითი. არსებითია, რომ „ამანათის“ ჩაბარების, აგრეთვე ჩაბარებამდე მიმდინარე „სმს“ თუ სხვა „კომუნიკაციის“ შემდეგ, მოსამართლეებმა მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს განცხადებით და „ზეწოლის“ შესახებ ამცნეს.
ამ ტერმინს („ზეწოლა“) ყველა ტელევიზია თუთიყუშივით იმეორებს „მთავარი ტელევიზიის“ კანონდებით. ანუ, რაკი „იქ“ ამგვარი ინტერპრეტაციაა, მაშინ ყველა სხვამაც იგივე ინტერპრეტაციით უნდა გააშუქოს.
არადა, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სინამდვილეში, იგულისხმება, უბრალოდ, მოსყიდვის მცდელობა! „ბიძინას ტელევიზიად“ მიჩნეული „იმედის“ მენეჯმენტი იმდენად უნიჭო აღმოჩნდა, „კანონმდებლის“ კლიშე ვერ დაარღვია და მართლა თუთიყუშივით ჩლუნგად იმეორა: „ზეწოლა . . . . ზეწოლა . . . ზეწოლა“, მაშინ როდესაც, თუკი ინტერპეტაციაზე მიდგა საქმე და თუ „იმედის“ მიზანი მართლა სააკაშვილ-საყვარელიძის „გაშავება“ იყო (არადა, ნამდვილად იყო) მაშინ უბრალოდ, „ხალხისთვის გასაგები“ ენით უნდა ეთქვათ სიმართლე: „მოქრთამვისა და გადაბირების მცდელობა!“. მორჩა და გათავდა. თორემ ყბადაღებული „ზეწოლა“ მაყურებელმა ვერ გაიგო, ან ისე გაიგო, როგორც იმ „მეორე მხარეს“ აწყობდა.
ეს ამგვარი „დამორჩილების“ პირველი შემთხვევა არ არის. გასაგებია, რომ „რუსთავი“ ყველაზე ნიჭიერი და უნარიანი ტელევიზიაა, მაგრამ ზოგჯერ რაღაც კონკურენციის გაწევა ხომ უნდა სცადოთ (მაინც) თქვე საცოდავებო?
ოღონდ, ამას მარტო თვალების ჟუჟუნი ან ჰალსტუხის სწორი შერჩევა კი არა, ინტელექტუალური რესურსიც სჭირდება, რაც იმავე ნიკა გვარამიას უხვად აქვს, მის კონკურენტებს კი - ბევრად ნაკლებად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ახლა, რაც შეეხება „სქრინშოტებს“: ნიშანდობლივია, რომ „რ2“ -მა ისინი არ გამოაქვეყნა („იმედისგან“ განსხვავებით) იმ გულისამაჩუყებელი არგუმენტით, რომ ამ ტელევიზიას და მის ხელმძღვანელს, თურმე, „ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად“ მიაჩნია უკანონოდ ან გაუგებარი გზებით მოპოვებული, „აუთენტურობადაუდასტურებელი“ ჩანაწერების გამოქვეყნება.
არც ისე შორეული წარსულის გათვალისწინებით, მართლა კეთილშობილი ცრემლი როგორ არ მოგადგება თვალზე ადამიანს?!
გაუთავებლად ჟღერდა ეთერში ძალიან უცნაური კითხვები. „უცნაური“, მათ შორის იმიტომ, რომ ზოგიერთს თავად გასცეს პასუხი. მაგალითად: რატომ არ შეატყობინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ (ეს ქალბატონი რომ მართლა „მრავალგანზომილებიანი საცოდაობაა“ ამაზე ნუ ვიდავებთ) იუსტიციის საბჭოს და რატომ გადააგზავნა მასალები პროკურატურაში?
არადა, კითხვას თვით გენდირექტორმა გვარამიამ უპასუხა დილის ბრიფინგზე: „იუსტიციის საბჭო“ ერთვება, როდესაც საქმე გვაქვს იმ დონის „უკანონო კომუნიკაციასთან“ როდესაც სასჯელი, შესაძლოა, ჯარიმით შემოიფარგლოს; ხოლო „მოსყიდვის მცდელობა“ იმ კატეგორიის ჩარევაა, რაც უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს.
„ნინო გვენეტაძემ საჯარო განცხადება რატომ არ გააკეთაო“ - კიდევ ერთი კითხვაა, რაც ასევე „ექოსავით“ ბრუნავდა მედიასივრცეში ყველა არხზე, - იმავე უბადრუკი წამხედურობით. არადა, ვინც ამასაც თუთიყუშივით „იმეორებდა“, არ ინტერესდებოდა, რატომ არ სვამდა ამ „კითხვა-ბრალდების“ პირველწყარო იმ ბევრად უფრო ლოგიკურ კითხვას, თუ თვით მოსამართლეებმა რატომ არ გაასაჯაროვეს ამბავი?
ეს კითხვა გვენეტაძის მიმართ არსებობს და თვით „დაზეწოლებული“ მოსამართლეების მიმართ არა?
მით უმეტეს, თუკი არა ყოფილი პრეზიდენტის თუ ნაპროკურორალ საყვარელიძის მხრიდან მოსყიდვა-გადაბირების მცდელობა, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლების (სუს-ის) ზეწოლა იგულისხმება?!
აბა, მართლა კლინიკური იდიოტის გარდა ვინ დაიჯერებს, რომ „ბიძინას სპეცსამსახურები“ ზეწოლას ახდენდნენ მოსამართლეებზე, მათ „გმირული წინააღმდეგობის“ გაწევა გადაწყვიტეს და ნაცვლად იმისა, ხელისუფლების ამ ბოროტმოქმედების შესახებ, პირდაპირ ეთერში, სკანდალურ პრეს-კონფერენციაზე მოეყოლათ, „ბიძინას პროკურატურას“ მიმართეს თურმე განცხადებით!
თუმცა, ჩვენს „ტელეეშმაკუნებს“, ტრადიციულად, ბრიყვებად მივაჩნივართ და ჰგონიათ, ყველანი ყველაფერს „მივირთმევთ“, რასაც შემოგვთავაზებენ.
იმავე „სერიიდანაა“ ვერსია, რომ (თურმე ნუ იტყვით) მოსამართლეებმა „ბიძინას პროკურატურაში“ ჯერ ის თქვეს, „ბიძინას სპეცსამსახურები“ ახორციელებდნენ ჩვენზე ზეწოლასო და მერე პროკურატურამ აიძულათ, „სუბიექტები შეეცვალათ“, ანუ დაეწერათ: „სუს“-ი კი არა, სინამდვილეში, სააკაშვილი და საყვარელიძე ლამობდნენო ჩვენთან „უკანონო კომუნიკაციას“. ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, „ქრთამის შემოთავაზებას“.
მეტისმეტად „რთული კონსტრუქცია“ გამოვიდა. იმდენად რთული, მართლა ორგზის იდიოტი უნდა იყო რომ დაიჯერო,
მაგრამ ეს ყოველივე, ბოლოს და ბოლოს, ბრძოლის ტექნოლოგიაა და ის ნიჭიერი ხალხი, ვინც ამგვარი მეთოდებით იბრძვის, თავად სულაც არაა დამნაშავე, თუ ჩვენ აღმოვჩნდებით იმდენად დებილები, ვერ მივხვდებით, სინამდვილეში რა მოხდა, ან ახლა რა ხდება და რატომ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე ნიშანდობლივი მომენტი ნიკა გვარამიას ბრიფინგზე ის იყო, როდესაც მან მიხეილ სააკაშვილს „რუსთავი-ორთან ვითომდაც აფილირებული პერსონა“ უწოდა. თან რაღაც ბუნდოვანი მინიშნებებიც მოაყოლა ვიღაც „მეგობრებზე“, რომლებიც მას „მიუღებელ სქემებს სთავაზობენ“ სიტუაციიდან გამოსასვლელად და ა.შ და ა.შ.
გვარამიას (ვიმეორებ) ჭკუა არ აკლია და მართლა „ჩტო - გდე - კაგდას“ დონეზე არ აზროვნებს. მან უკვე შესანიშნავად იცის, რომ ეს „სქრინშოტებიც“ და პირადად მასთან ადრე გამართული სკანდალური „სატელეფონო სესიაც“, ისევე როგორც ნუგზარ წიკლაურთან და სხვებთან „რევოლუციურ სცენარებზე“ ტელეკონფერენციის ფორმატში მსჯელობა, იყო სააკაშვილის ძალიან ჭკვიანური, კარგად გათვლილი, ეშმაკური პროვოკაცია:
მიშამ შესანიშნავად იცოდა ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევში, რომ უსმენდნენ კიდეც და იღებდნენ კიდეც. ისიც ძალიან კარგად იცოდა, რომ მოსამართლეები, ვის „მოსყიდვასაც“ ვითომ ცდილობდა და „ამანათებს“ თუ „სმს“-ებს უგზავნიდა საყვარელიძის ხელით, ამას „ხელს არ მოაწერდნენ“ (შიშით) და აუცილებლად „ჩაარაკრაკებდნენ“ ყველაფერს, მაგრამ მას სჭირდებოდა ნებისმიერი შინაარსის სკანდალი სასამართლო ვერდიქტის წინ!!! და ისიც ჩვეული გონებამახვილობით გათვალა, რას და როგორი ინტერპრეტაციით მიაწოდებდა ამ ყოველივეს „პირდაღებულ მაყურებელს“ მისი, მუდამ მისი და მარად მისი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტელევიზიის დღევანდელ ტოპ-მენეჯერს ამგვარი მეთოდი სულაც არ ეპიტნავება, რაკი მეტისმეტად სარისკოდ მიაჩნია.
ვინ არის სააკაშვილ-გვარამიას ამ ფარულ დავაში მართალი? დავაკვირდეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, აგორებული გრანდიოზული სკანდალის ფონზე, ხელისუფლება, ან თუნდაც ის მოსამართლეები, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს? ახლა უკვე ღმერთმა დაიფარონ ხალვაშის სასარგებლო ვერდიქტისაგან!
გავიხსენოთ „ჯიუტი“ ფაქტი: ივანიშვილმა - ხალვაშს არჩევნებამდე სთხოვა - „შავ დღეში ნუ ჩაგვაგდებ, სასამართლო დავა შეაჩერე, „სათქმელს“ ნუ მისცემ და ფინანსურ ზარალს მე თავად აგინაზღაურებო“.
ახლა გვარწმუნებენ, რომ ივანიშვილი, ვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს იმ არჩევნების შედეგად, რომელშიც „რუსთავი-2“-მა მხოლოდ ის შეძლო, რაც რეალურად შეძლო (27 მანდატი) და ივანიშვილი, რომელიც უკვე ისედაც აკონტროლებს ყველაფერს, რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია; ივანიშვილი, ვინც საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო მთელი მისი კაპიტალი დასავლეთშია კონცენტრირებული, ანუ ნებისმიერ წამს შეიძლება იქცეს „მტვრად“ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი ღილაკის ამოქმედებით.....აი, სწორედ ეს ივანიშვილი, ამჟამად, რაღაც მანიაკალური სიჯიუტით ცდილობს, მაინცდამაინც „რუსთავი-2“ ჩაიგდოს ხელთ, რათა საქართველო „ევრაზიულ კავშირში“ შეიყვანოს და ამაში სწორედ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ უქმნის „უკანასკნელ ზღუდეს“
კი ბატონო, დავიჯეროთ, რომ ასეა, რაკი ამ კლიშეს ნიჭიერად „გვიფუთავენ“. მაგრამ ელემენტარული ლოგიკა ხომ მაინც „გვებრძვის“ ის ოხერი: თუკი არჩევნებამდე არა, - როცა ბევრად მეტი წყდებოდა, - დღეს რატომღა, როცა ყველაფერი უკვე გადაწყდა, თანაც ძალიან დიდი ხნით გადაწყდა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყველაზე საცოდავნი კი, ამ დროს, უზენაესი სასამართლოს წევრები არიან, რომლებმაც თებერვლის ბოლომდე განაჩენი უნდა გამოიტანონ. სხედან ახლა საბრალონი და იტანჯებიან, რათა როგორმე გამოიცნონ საიდან ემუქრებათ „მეტი საფრთხე“.
რეალურად, „ნაკლები საფრთხე“ სწორედ იმ შემთხვევაში დაემუქრებათ, თუ ყველაფერს დატოვებენ ისე, როგორც არის: ღრმად ვარ დარწმუნებული, ბიძინა და მისი გუნდი (კვირიკაშვილიან-ვოლსკიან-კობახიძიან-ბესელიანა) შვებით ამოისუნთქავს, თუკი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაში“ არც მენეჯმენტი შეიცვლება და არც მისი სარედაქციო პოლიტიკა: არანაირ საფრთხეს, არავითარ რეალურ პრობლემას, სინამდვილეში, ეს ტელევიზია (მით უმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრიყვული თვითმკვლელობის შემდეგ) ხელისუფლებას უკვე არ უქმნის! პირიქით - უფრო მეტადაც შეასრულებს პლურალისტური და დემოკრატიული „დიზაინის“ ფუნქციას, ვიდრე „კავკასია“ ასრულებდა იგივე როლს მიშასა და მისი გუნდის ცხრაწლიანი მმართველობისას.
აი, მფლობელის შეცვლა კი, ანუ „რ2“-ის ხალვაშისთვის სკანდალური „დაბრუნება“, ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ხელისუფლებას, რაც „ივანიშვილსა და კამპანიას“ სულაც არ ეპიტნავება.
მით უმეტეს, რომ არავითარი „დაბრუნება“ არ (ვერ) მოხდება რეალურად: ვერავინ გაბედავს ტელევიზიაში „სპეცდანით“ შევარდნას და იქ ძალის გამოყენებას. სხვაგვარად კი, უბრალოდ, არ გამოვა, ანუ ხელისუფლება „ვაისა და ვუის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ხოლო „დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი2“ ალყაშემორტმულ ციხე-სიმაგრედ იქცევა, სადაც „ევროკავშირის“ სახელმწიფოთა ელჩები (იმ „ევროკავშირისა“, რომელსაც „ვიზალიბერალიზაცია“ ჯერ სულაც არ დაუმტკიცებია) კარვებს გაშლიან, იქ დაიძინებენ, იქ გაათენებენ და ყავასაც იქ მიირთმევენ დილაობით.
რა ჯანდაბად უნდა ან შეიძლება უნდოდეს ეს ყოველივე დღეს ხელისუფლებას?!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ ბოლოს: „პატრიოტთა თამაშები“ იქით იყოს და, თუ „რუსთავი-2“-ს არა მხოლოდ პოლიტიკურ ან საინფორმაციო, არამედ კულტურულ ფენომენად განვიხილავთ, იგი უდავოდ საუკეთესო ქართული ტელევიზიაა ყველა, მათ შორის მხატვრული და პროფესიული თვალსაზრისით; ამიტომ მისი დანგრევა (თუკი მფლობელის შეცვლა არა მხოლოდ სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის, არამედ თვით მხატვრული ფენომენის დაკნინებას გამოიწვევს) ქვეყნისა და საზოგადოებისთვის დამაზიანებელი იქნება! ღირს კი ამად ისეთი „სუბიექტის“ დაკმაყოფილება, როგორიც ირაკლი ოქრუშვილის „ძმაკაც-მოლარე“ კიბარ ხალვაშია?
სჯობს „რუსთავი-2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის, რადგან პლუსები უკვე ბევრად აჭარბებს მინუსებს, ხოლო ღირსებანი - ნაკლოვანებებს, ან თუნდაც მანკიერებებს.
ნიკა იმნაიშვილი