სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გიორგი გიუნაშვილისთვის 20 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ეხმიანება:
,,2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა.
ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება", ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები", არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად.
უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება”, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, გიუნაშვილი დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში - ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.