თბისლისი "ბორჯომის ვაგზლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, "ბავშვთა სამყაროს" შენობა და იქვე მდებარე საწყობები თითქმის მთლიანად დაიწვა. სახანძრო სამსახურის მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხანძრის სრულად ლიკვიდირებას. მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სახანძრო სამსახურის ათეულობით ბრიგადამ ხანძრის ძირითადი ნაწილის ჩაქრობა მოახერხა.
შემთხვევის ადგილას შენობაში მდებარე მაღაზიების და საწყობების მეპატრონეები და თანამშრომლები იკრიბებიან. ზოგიერთი მათგანი დამწვარი მაღაზიებიდან ნივთების გადარჩენას ცდილობს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრში დილის 3 საათისთვის გაჩნდა და მეხანძრეები თითქმის ხუთი საათია უკვე ადგილზე მუშაობენ.
ცეცხლი მთელ შენობას მოედო და ის მთლიანად დამწვარია. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც იქ ვაჭრობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ასევე ზარალის ოდენობა. დიდუბის გამგებლის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, საკმაოდ დიდი იქნება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.