საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ თქვა, რომ ყბადაღებული PR („პიარი“, იგივე „ფიარი“, როგორც ზურაბ ჟვანია ამბობდა ხოლმე სწორად - ინგლისური ტრანსკრიფციით) სხვა არაფერია, თუ არა „საზოგადოებასთან ურთიერთობა“.
ნამდვილად ასეა, თუ უშუალოდ გადმოვთარგმნით. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში სიტყვებმა მრავალგვარი მნიშვნელობა და შინაარსი შეიძინეს, როდესაც ტერმინი არა მხოლოდ კონკრეტული ცნების, არამედ ღრმა, ფართო ფენომენის აღმნიშვნელი ხდება.
PR შეიძლება იყოს საზოგადოების ინფორმირებაც და პროპაგანდაც. გააჩნია ვის როგორ სჭირდება და ვინ როგორ იყენებს. ის, რაც ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით მოხდა და ხდება, არა მხოლოდ ტრაგედიაა მისთვის, ისევე, როგორც ყველა პატრიოტი ქართველისთვის, არამედ სერიოზული პრობლემა მთავრობისთვის, რომელიც, თავის მხრივ პრობლემად იქცა ქვეყნისთვისაც, რადგან ხელისუფლების მოქმედება ამ საქმეში სრული კატასტროფა გამოდგა.
და, რაც ყველაზე უარესია, ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რამდენად ძვირი შეიძლება „დაუჯდეს“ ამგვარი ქმედება (არა აქვს მნიშვნელობა, ბოროტი განზრახვით თუ, უბრალოდ, არაკომპეტენტურობით ან „PR-უუნარობით“) არა მხოლოდ მას, არამედ ქვეყანასაც, რომელიც ისედაც გაუთავებლად ბალანსირებს სამოქალაქო ომის ზღვარზე.
განსახილველ ისტორიაში სწორედ ეს მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ ყველას გვჯერა, რომ უკრაინა ისე არ დაეცემა, მისთვის მებრძოლი ჯარისკაცი რუსეთს გადასცეს! ესე იგი, გია ცერცვაძეს, საბედნიეროდ, ეშველება; მაგრამ ჩვენ თუ გვეშველება რამე?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კომიკურია „რუსთავი-2“-ზე და ოპოზიციაზე გაბრაზება, რაც ხელისუფლების ერთდროულად რამდენიმე წარმომადგენელმა გამოამჟღავნა. იმავე „ფიარის“ ურყევი კანონია, რომ ამგვარი „გაბრაზებით“ მხოლოდ თვით „გაბრაზებული“ ზარალდება და მეტი არავინ.
სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა (მათ შორის „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ჟურნალისტებმა) რამდენიმე აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა დასვეს. ოღონდ, აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა ლეგიტიმური კითხვა არ დაუსვამთ. მაგალითად, არ დაუსვამთ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: იცოდა თუ არა გიორგი ცერცვაძემ, რომ რუსეთში მას ბრალად სდებდნენ 2003 წელს, სოჭის ტერიტორიაზე ვითომდაც ჩადენილ მკვლელობას?
ინტერპოლი რომ ეძებდა, ეს შესაძლოა არ სცოდნოდა, მაგრამ რუსეთში რომ იყო მის წინააღმდეგ 2003 წლის ეპიზოდზე საქმე შეთითხნილი, ეს თუ იცოდა? ან თუ ვარაუდობდა მაინც?
ამ კითხვაზე საპასუხოდ ვერ გამოდგება ის ფაქტი, რომ გია ცერცვაძე 2003 წლის შემდეგ რუსეთში არ ყოფილა. ბუნებრივია, „აგვისტოს ომის“ მონაწილე სამხედროები რუსეთში მოგზაურობისგან ნებისმიერ შემთხვევაში თავს შეიკავებდნენ. მაგრამ ეს მოტივაცია თუ იქნებოდა საკმარისი საიმისოდ, რათა უკრაინაში გამგზავრებაზეც ეთქვათ უარი? მით უმეტეს, როდესაც უკრაინა ომობს რუსეთთან და ორგზის უმეტეს, როდესაც გია თვითონაც იბრძოდა უკრაინისთვის, ანუ სრულიად ბუნებრივია ჰქონოდა რწმენა, - კიევი მას არც ერთ შემთხვევაში არ დააპატიმრებდა, რუსეთისთვის გადაცემაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორიც არ უნდა იყოს პასუხი ამ „არდასმულ“ კითხვაზე, უეჭველია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხებს, ისევ და ისევ მივყავართ „მეგა საკითხთან“: რატომ არ გააფრთხილეს გია ცერცვაძე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან იცოდა რუსული სპეცსამსახურების მიერ 2003 წელს შეკერილი საქმის შესახებ, მისი რწმენა - მოძმე უკრაინაში სრული უსაფრთხოების შესახებ - სრული ილუზია იყო?
ილუზია იყო იმიტომ, რომ უკრაინა და რუსეთი, სინამდვილეში, ძალიან რთულ „საჭადრაკო პარტიას“ თამაშობენ და კიევი ისე რადიკალურად (უარყოფითი ან დადებითი ჟღერადობის გარეშე) არ მოქმედებს, როგორც ჩვენ ვიმოქმედეთ 2008 წელს: უკრაინა არ წყვეტს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას და თანამშრომლობს მასთან მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში. მათ შორისაა ინტერპოლი.
უკრაინას არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს ისეთი პრეცედენტის შექმნა, როდესაც „ლიონი“ (სწორედ იქ მდებარეობს ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა) კიევს დაადანაშაულებს ვალდებულებათა შეუსრულებლობაში. თუ „წითელმა ცირკულარმა“ მესაზღვრის კომპიუტერში ცერცვაძის გვარი „ამოაგდო“, მისი დაპატიმრება გარდაუვალი იყო. და რაკი გია უკრაინის მოქალაქე არ არის, ასევე გარდაუვალი იყო საექსტრადიციო პროცედურების დაწყება.
ხოლო გარჩევა იმისა, რა მოტივით სდევნის ცერცვაძეს მოსკოვი, - უკვე სხვა საკითხია და ავტომატურად სულაც არ გულისხმობს ჩვენთვის დადებით გადაწყვეტილებას. კიევს (ვიმეორებ) ძალიან არ აწყობს მოსკოვისთვის რაიმე დემაგოგიური არგუმენტის მიცემა, თორემ ეს პრეცედენტი შეიძლება მასვე შემოუბრუნდეს შემდეგ.
ამიტომ, როდესაც უკრაინელები გვეუბნებიან: „ეს რა დღეში ჩაგვაგდეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში გაგვჭედეთ - რატომ გამოუშვით ქვეყნიდანო“, სრულიად გულწრფელნი არიან: აუტკივარი თავი აიტკივეს მაშინ, როდესაც საქართველო იყო ვალდებული, თავი აეტკივებინა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორ? ვიმსჯელოთ მარტივი ფაქტებით, რომელთაც არავინ უარყოფს: ის, რომ ცერცვაძე ინტერპოლმა „წითელ ცირკულარზე“ დასვა, ანუ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა, დეკემბრის ბოლოს უკვე ცნობილი იყო შესაბამისი სამსახურებისთვის.
თავის მხრივ, ცერცვაძე რომ საქართველოში არ დააკავეს და არ ცნეს ეჭვმიტანილად ინტერპოლიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე - ლიონისთვის მხოლოდ და მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იცოდა მისი ადგილსამყოფელი.
ან იცოდა, მაგრამ მოსკოვის ბრალდებით ქართველი ოფიცრის დაპატიმრება არ სურდა. თუმცა, ეს ვერსია რომც დავიჯეროთ, მაშინ უჩუმრად რატომ არ გააფრთხილა?
„ცერცვაძის მონაცემები თბილისმა - მოსკოვს გადასცაო“, უტრირებაა. მოსკოვს არ გადასცა, მაგრამ გადასცა ინტერპოლს, რომელიც, თავის მხრივ, რასაკვირველია გადასცემდა მოსკოვს: „ინტერპოლს“ მანამ არ აინტერესებს არანაირი პოლიტიკა, სანამ არ აიძულებ დაინტერესდეს! ამ შემთხვევაში კი, ლიონის „იძულებას“, როგორც ჩანს, თბილისიდან არავინ ცდილობდა.
შესაძლოა, თბილისში შეეშინდათ, რომ თუ ისინი ინტერპოლს დაუსვამდნენ კითხვას: „საეჭვოა, რატომ ეძებს მოსკოვი ჩვენს სამხედრო მოსამსახურეს და აგვისტოს ომის მონაწილესო“, მაშინ ლიონიდან მოვიდოდა ბიუროკრატიულად ჩლუნგი პასუხი: „ეს საკითხები მას მერე გავარკვიოთ, რაც ამ პიროვნებას თქვენვე დააკავებთ და გამოძიებას დაიწყებთ. თორემ ახლა ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ იცით მისი ადგილსამყოფელი და გვატყუებთ, თითქოს ვერ პოულობთო“.
აი, სწორედ აქ უნდა ვეძიოთ ამ ისტორიის გასაღები: გასაგებია, რომ ხელისუფლებას, რასაკვირველია, არ აწყობდა ცერცვაძის დაპატიმრება საქართველოს ტერიტორიაზე მოსკოვის მოთხოვნით. ისიც გასაგებია რატომაც არ აწყობდა: იმიტომ, რომ ეს ნებისმიერ შემთხვევაში დააზარალებდა და ოპოზიციას „ააყვირებდა“. მაგრამ ის, რაც რეალურად გამოვიდა, ბევრად უარესი აღმოჩნდა: შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად გაატარა საზღვარზე საკუთარი მოქალაქე, რათა იგი უკრაინელებს დაეპატიმრებინათ და შემდეგ რუსეთისთვის გადაეცათ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამის დაჯერება მაინც ძალიან ძნელია, რადგან მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ, გამოდის, „თვითმავნებელი“ და „ასოთმჭამელი“ ხელისუფლება გვყოლია, რომელიც თავად უქმნის ოპოზიციას არგუმენტებს, - „მოღალატე მთავრობის“ წინააღმდეგ რევოლუციის მოსაწყობად! ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი დატრიალდებოდა, გია რომ იმავე ან მეორე დღეს მოსკოვისთვის გადაეცათ უკრაინელებს.
„საზღვარზე თუ შევაჩერებდით, მაშინ ხომ უნდა დაგვეკავებინაო“. კი, მაშინ უნდა დაეკავებინათ, რათა „ინტერპოლის“ წესდება არ დაერღვიათ, მაგრამ რეალურად რაც გამოვიდა, ეს ბევრად უარესი არაა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორ მოიქცეოდა ამგვარ შემთხვევაში, მაგალითად ისრაელის სპეცსამსახური? ანუ იმ ქვეყნისა, რომლის უამრავ მოქალაქეს ეძებს „ინტერპოლი“ სხვადასხვა სახელმწიფოს მოთხოვნით?
პირდაპირ, რასაკვირველია არ იტყოდნენ: „ეგღა გვაკლია ჩვენი ღირსეული ოფიცერი დავაკავოთ და გავასამართლოთო“. უბრალოდ, საიდუმლოდ გააფრთხილებდა ამ მოქალაქეს და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა მეთოდით დაარწმუნებდა, რომ მისი წარმოდგენა „ხელშეუხებლობაზე“ იმ ქვეყანაში, რომელსაც იგი ისრაელის მოკავშირედ აღიქვამდა და ეგონა, იქ „ხელს არ ახლებდნენ“ - საშიში ილუზია იყო.
ერთი სიტყვით, არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა ამ ქვეყნის მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემა იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში, ასეა დღესაც და როგორც ჩანს, კარგა ხანს არაფერი ეშველება თუ საერთოდ კიდევ დიდხანს გაძლებს ასეთი (!) სახელმწიფო.
კახა კირვალიძე