„ჩვენ ახალ მსოფლიოში ვცხოვრობთ. მსოფლიოში ახალი ერა დაიწყო“ - განაცხადა, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უჭკვიანესმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
რით არის ამერიკა გამორჩეული და განსაკუთრებული ქვეყანა? რა თქმა უნდა ეკონომიკური განვითარებით, სამხედრო ძლევამოსილებით, ტექნოლოგიური ინოვაციურობით, მაგრამ ზბიგნევ ბჟეზინსკი, გახმაურებულ წიგნში The Grand Chessboard კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან (შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვან) ნიშან - თვისებას ასახელებს: მიმზიდველობა!
თავისთავად ამ მცნებას უამრავი განზომილება აქვს. მათ შორის ის, რომ ადამიანებს, მთელს მსოფლიოში, აღელვებთ და აინტერესებთ (!) რა და როგორ მოხდება ამერიკაში: 2008 წელს მთელი მსოფლიო მღელვარებით ადევნებდა თვალს და გულწრფელად (არა მხოლოდ პრაგმატულად) აინტერესებდა, აირჩევდა თუ არა ამერიკელი ხალხი პირველ შავკანიან პრეზიდენტს.
აქვე: სხვა საქმეა, რომ არანაირი „ზანგი“ ბარაკ ობამა, სინამდვილეში, არ ყოფილა: აღზრდით, ღირებულებებით, სტილით და მანერებით ის „თეთრკანიანია“ და ისტებლიშმენტის სრულუფლებიანი წევრი! რომ არა ეს „სტილი“ მას ამერიკის პრეზიდენტობა არ ეღირსებოდა: როგორც მარტინ ლუთერ კინგი ვერასდროს გახდებოდა ამერიკის პრეზიდენტი იმიტომ, რომ ის ნამდვილი ზანგი იყო - სტილითა და კულტურით.
ასევე სასაცილოა ლაპარაკი დონალდ ტრამპის „ანტისისტემურობაზე“. რა „ანტისისტემურობა“? ტრამპი მილიარდერია და ამერიკული ისტებლიშმენტის სისხლი-სისხლთაგანი. სხვაგვარად იგი იმავე ისტებლიშმენტის „საცერს“ ვერაფრით გაივლიდა, ანუ კანდიდატიც ვერ გახდებოდა, არათუ პრეზიდენტი.
მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს მას არა აქვს საშუალება განახორციელოს ამერიკაში დაახლოებით იმავე მასშტაბის რევოლუცია, რაც, თავის დროზე (1980-იან წლებში) რონალდ რეიგანმა, რომელიც აგრეთვე ამერიკული ისტებლიშმენტის მძლავრმა დაჯგუფებამ მოიყვანა ქვეყნის სათავეში.
ანუ, რაც არ უნდა ელაპარაკა ტრამპს საინაუგურაციო სიტყვაში „ვაშინგტონური ისტებლიშმენტის“ წინააღმდეგ, ეს მხოლოდ რიტორიკაა. უბრალოდ, ამერიკული ელიტის ერთმა ნაწილმა, რომელსაც მასათა განწყობის გამოყენება უკეთ ეხერხებოდა, ვიდრე კლინტონებს, შესაბამისი განწყობა გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპის ინაუგურაცია წარმატებული „ივენთი“ აღმოჩნდა და გლობალურ მოვლენად იქცა ორი ძირითადი ფაქტორის გამო.
პირველი: პრეზიდენტ ტრამპის სრულიად არაორდინალური, არასქემატური, თანაც მის მიერვე ძალიან ნიჭიერად დაწერილი „სფიჩი“ და მეორე - მელანია!
მელანია კნავს-ის (სხვათა შორის, ეთნიკური წარმომავლობით გერმანელია, თუმცა სლოვენიაში დაბადებული) დრეს-კოდი, ფიცის დადების დროსაც და საღამოს საპრეზიდენტო მეჯლისზეც, უმაღლესი გემოვნებისა და ელეგანტურობის ნიმუში იყო.
მისი პირველი ნაბიჯებიც ძალიან ჭკვიანური აღმოჩნდა: „10 წლის ბიჭს ნიუ-იორკის სკოლიდან სემესტრის დამთავრებამდე ვერ გამოვიყვან, ამიტომ თეთრ სახლში შემოდგომამდე არ გადავალო“. ასე მოიქცეოდა ნებისმიერი ნამდვილი დედა. ხოლო „პირველი ლედი“ ამერიკაში არა მხოლოდ ქალურობის, არამედ დედობრიობის განსახიერებაცაა.
ტრამპის სფიჩს რაც შეეხება, საყოველთაო აღიარებით, ლამის ყველაზე არაორდინალური, არასტერეოტიპული, საგნობრივი და „მესიჯური“ სიტყვა იყო ლამის მთელი ისტორიის განმავლობაში. ამ სიტყვით ტრამპმა დაადასტურა, რომ იგი „ამერიკელი ნაციონალისტია“ და უარს ამბობს გლობალიზაციაზე. რაც სრულებითაც არ ნიშნავს გლობალურ დომინირებაზე უარის თქმას.
ეს ბევრს ეშლება ტრამპის ფენომენის შეფასებისას: ტრამპმა მხოლოდ ის თქვა, რომ ის აღარ შეეცდება სხვა ქვეყნების „გადაკეთებას“ (Nation Building), - უცხოეთში დემოკრატიის კულტივირებას, დიქტატურების დამხობას, სხვა სახელმწიფოთა დაცვას, მათთვის მნიშვნელოვანი სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარების გაწევას; არამედ უზრუნველყოფს, რომ ეს სახელმწიფოები, განურჩევლად მათი შინაარსისა, განურჩევლად დემოკრატიულობა-დიქტატურობისა, ამერიკის ინტერესთა შესაბამისად მოქმედებდნენ!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამგვარი მიდგომა კარდინალურად განსხვავდება არა მხოლოდ ბოლო 25 წლის „გლობალიზაციისგან“, არამედ XX საუკუნის დასაწყისის ამერიკული იზოლაციონიზმისგანაც!
როდესაც ტრამპი ვაშინგტონის ისტებლიშმენტს „ამუნათებდა“ და უბრალო ამერიკელებს „ძალაუფლების დაბრუნებას“ ჰპირდებოდა, იგი სწორედ იმას გულისხმობდა, რომ ხსენებულ „უბრალო ამერიკელს“ სულ არ აღელვებს რა დაემართება უკრაინას, რა ეშველება საქართველოს, როგორ მოიქცევა პუტინის რუსეთი პოსტსაბჭოურ სივრცეზე, - აღადგენს თუ არა იმპერიას .......... ხოლო „ისლამური სახელმწიფო“ მხოლოდ იმიტომ აინტერესებს, რომ უშუალოდ ამერიკას ემუქრება.
ტრამპმა თქვა, რომ აღარ აპირებს NATO-ს დაფინანსებას მაშინ, როდესაც უმდიდრესი გერმანია ბევრად ნაკლებს ხარჯავს და, სამაგიეროდ, ჯანდაცვა-განათლება, ფაქტიურად უფასო აქვს. რატომ უნდა აფინანსებდეს ამერიკა უფასო ჯანდაცვასა და უფასო უმაღლეს განათლებას გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა უამრავ ევროპულ ქვეყანაში?
აქ მნიშვნელოვანი ისტორიული ნიუანსია: როდესაც დასავლელი ლიდერები, უინსტონ ჩერჩილიდან და ფრანკლინ დელანო რუზველტიდან - რონალდ რეიგანამდე, NATO-ს ქმნიდნენ და განამტკიცებდნენ, მაშინ დასავლურ ცივილიზაციას ჰყავდა სამკვდრო-სასიცოცხლო მტერი და ემუქრებოდა ეგზისტენციური საფრთხე კომუნისტური სსრკ-ს სახით.
დღეს მოსკოვი ევრო-ამერიკულ ცივილიზაციას სულაც არ ემუქრება - ემუქრება მხოლოდ საქართველოს, უკრაინას და სხვა მეზობლებს, რომელთა არსებობა ამერიკელთა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის. ხოლო თვით რუსეთი, ამჟამად, უკვე, ალტერნატიულ ფორმაციას არ ქმნის და რუსები დღეს ისეთივე კაპიტალისტები არიან, როგორც ამერიკელები და ევროპელები. ბევრად „უარესნიც“: საბჭოთა კავშირის დროს პოლიტბიუროს წევრები ლონდონურ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ არ ფლობდნენ, დღეს კი იმავე „ჩეკისტ-კაპიტალისტებს“ ერთი სული აქვთ, დასავლეთში აწარმოონ ბიზნესს და ფლორიდის სანაპიროზე დაისვენონ ოჯახებთან ერთად. ამერიკას ისინი არაფერს ერჩიან.
პუტინმა ძალზე ეშმაკურად შექმნა სიტუაცია, როდესაც ამერიკელი და ევროპელი ობივატელი უშუალო საფრთხეს არ გრძნობს კრემლის ექსპანსიისგან, ხოლო ის ქვეყნები, ვისაც ეს ექსპანსია რეალურად ემუქრება, იქაური ობივატელისთვის „სულ ერთია“.
სწორედ ამ განწყობის გამოხატულებაა ტრამპი, რაც, რასაკვირველია, არათუ ცუდი, არამედ კატასტროფულია ჩვენთვის, მაგრამ ვითარების აღწერა ერთია, ხოლო მისი მოწონება - სულ სხვა. ძალიან არ მოგვწონს, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი პრიორიტეტი ამერიკის შიდა პრობლემები იქნება. პირველ რიგში დასაქმება და ინფრასტრუქტურა. ვისაც ვაშინგტონიდან - ნიუ იორკამდე მატარებლით გიმგზავრიათ, დამეთანხმებით, რომ თბილისი-ბათუმის მატარებელი ბევრად კომფორტულია ყველა თვალსაზრისით.
ტრამპი აპირებს ტრილიონობით დოლარი დახარჯოს სწორედ ინფრასტრუქტურაზე. ესე იგი გზებზე, ტრანსპორტზე, ხიდებზე და ა.შ. მან უკვე მოაწერა ხელი „ობამაქეარის“ ანუ საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმებას, რასაც რესპუბლიკელებმა, თავის დროზე, „ჯანმრთლობაზე გადასახადი“ უწოდეს და ამერიკული ცივილიზაციის ფუძემდებლურ პრინციპთა დარღვევად მიიჩნიეს: თუ ჯანმრთელ ადამიანს დაზღვევა არ სურს, სახელმწიფო მას არ უნდა აიძულებდეს დაეზვიოს, რათა მისი ფულით ავადმყოფებს უმკურნალოს.
ცუდად ჟღერს, მაგრამ ასეა.
გარდა ამისა, ტრამპი გეგმავს საერთოდ გააუქმოს საშემოსავლო გადასახადი წელიწადში 25 000 ნაკლებ შემოსავალზე, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია ამერიკისთვისაც; დააბრუნოს ოფშორებიდან 1,5 ტრილიონი დოლარი; გაათავისუფლოს ყოველგვარი შეზღუდვისგან ნავთობმოპოვება, მათ შორის საოკეანო სანაპიროსთან და ალიასკაზე; აღადგინოს ქვეყანაში ამერიკული საწარმოები და მისცეს ნება ამერიკულ პოლიციას, ქუჩაში შეუმოწმოს საბუთები მოქალაქეებს - უკანონო მიგრანტთა გამოსავლენად.
დღემდე ასეთი უფლება პოლიციელებს ამერიკაში არ ჰქონდათ, რადგან შემოწმებულთა შორის ამერიკელებიც იქნებოდნენ (ძირთადად ზანგები და ლათინოსები), რომლებიც აუცილებლად ატეხენ ყვირილს, რომ პოლიციამ გარეგნული ნიშნებით, ანუ რასობრივი სიმპტომატიკით გამოარჩია ისინი სხვებისგან. მაგრამ ამ უფლების მინიჭებით, ამერიკის პოლიცია სულ იოლად შეძლებს მილიონობით უკანონო მიგრანტის გაძევებას ქვეყნიდან, რაც ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჯერ ჯერობით, დოუ-ჯონსის ინდექსი, ესე იგი ეკონომიკური აქტივობის უმთავრესი მაჩვენებელი განუხრელად იზრდება და ყველა წარმოუდგენელ რეკორდს ხსნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრამპის პირველი ნაბიჯები მოსწონს ბიზნესს და შემდგომ ბენეფიტებსაც ელოდება.
ტრამპი გამოვიდა წყნარი ოკეანის სავაჭრო შეთანხმებიდან და აპირებს გააუქმოს ყოველგვარი პრივილეგია, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში დაუწესა ამერიკამ ჩინეთს - საკუთარ ბაზარზე დაშვების თვალსაზრისით. სწორედ ამ პრივილეგიებმა (და არა იქაური „კომპარტიის“ ლიდერთა რაღაც განსაკუთრებულმა „გენიალურობამ“) განაპირობა, სინამდვილეში, ჩინეთის ეკონომიკური ბუმი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში: ამერიკის მაღაზიებში ყველაფერი ჩინურია. ტრამპი აპირებს, ამას წერტილი დაუსვას. ხოლო მისი ფილოსოფია, საგარეო ვაჭრობის სფეროში, ძალიან მარტივ ფორმულას ეფუძნება: თავისუფალი ვაჭრობა და კონკურენცია შესაძლებელია მხოლოდ თანაბართა შორის: მაგალითად ინგლისმა და ამერიკამ შეიძლება შექმნან „თავისუფალი სავაჭრო ზონა“, რადგან ორივეგან არსებობენ პროფკავშირები, ორივეგან დაახლოებით ერთი და იგივე „მოდალობაა“ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, ორივეგან სიტყვის თავისუფლებაა და არჩევითი, პლურალისტური დემოკრატია.
მაგრამ აშკარა თაღლითობაა „თავისუფალი კონკურენცია“ ამერიკასა და ჩინეთს შორის მაშინ, როდესაც იქ არც ნამდვილი პროფკავშირი არსებობს, არც გაფიცვის რეალური უფლება, არც სიტყვის თავისუფლება და არც არჩევითი დემოკრატია, ანუ მუდმივი კონკურენცია „მემარცხენეებსა“ და „მემარჯვენეებს“ შორის. ხოლო ეროვნული ვალუტის კურსს ხელოვნურად, არაეკონომიკური და არაფინანსური კატეგორიების შესაბამისად, ადგენს ჩინეთის კომპარტია. შედეგად, ჩინეთს შეუძლია არაბუნებრივად დაწიოს იუანის კურსი და კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გახადოს საკუთარი პროდუქცია ამერიკულ ბაზარზე.
ტრამპი აცხადებს, რომ ამას არ შეურიგდება და ჩინეთის მიმართ ისევე მკაცრი იქნება, როგორც რონალდ რეიგანი - საბჭოთა კავშირის მიმართ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ისტებლიშმენტს, ტრამპი არ არის ანტისისტემური პოლიტიკოსი იმ აზრით, რომ სულაც არ აპირებს ებრძოლოს ელიტებს და „სოციალისტური რევოლუცია“ მოაწყოს ვაშინგტონში; მაგრამ იგი ნამდვილად იბრძოლებს, მაგალითად, „ელიტური კორუფციის“ წინააღმდეგ: 5 წლით შეუზღუდავს ლობისტურ საქმიანობას ყოფილ სენატორებსა და კონგრესმენებს (ესეც კორუფციის ფორმაა) და სამუდამოდ აუკრძალავს მათ უცხო სახელმწიფოთა ბიზნეს-ინტერესთა ლობირებას.
გარდა ამისა, განსაზღვრავს სენატორთა თუ იმავე კონგრესმენთა არჩევითობას მხოლოდ 2 ვადით. ისევე, როგორც პრეზიდენტის შემთხვევაშია. დღეს ამერიკის სენატში არიან პერსონაჟები, რომლებიც 40 წლის წინ აირჩიეს და მას შემდეგ არიან . . . . არიან. . . . . არიან და არიან. ტრამპს ეს არანორმალურად მიაჩნია და ძნელია შეედავო.
მთლიანობაში, დონალდ ტრამპმა ამერიკული დემოკრატია კი არ დაასუსტა, არამედ პირიქით, ახალი ძალა, ხიბლი და მიმზიდველობა (!) შესძინა, რაკი „ჭაობი დააშრო“ - როგორც ეს აღიქმება ყველგან.
ამერიკა იმიტომაცაა ზესახელმწიფო, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ადამიანებს აღელვებთ და გულწრფელად აინტერესებთ, ვის აირჩევენ ამერიკელები პრეზიდენტად, რა ბრძანებულებას მოაწერს იგი პირველ რიგში ხელს, რას განაცხადებს და რა ეცმევა „პირველ ლედის“ საინაუგურაციო ცერემონიალზე.
და სანამ ეს ინტერესი იარსებებს, ამერიკაც მანამ შეინარჩუნებს ზესახელმწიფოს რანგს!
სინამდვილეში, ეკონომიკაც და სამხედრო ძლევამოსილებაც, დღევანდელ გლობალიზებულ და „ინფორმატიზებულ“ მსოფლიოში, უკვე მეორეხარისხოვანია: ამერიკა ზესახელმწიფო იმიტომ კი არ არის, რომ ყველაზე დიდი ფლოტი ჰყავს, არამედ იმის წყალობით, რომ მუდამ ახერხებს მსოფლიოს ახალი „დღის წესრიგი“ და ახალი ალტერნატივები შესთავაზოს.
8 წლის წინ ეს ალტერნატივა და სიახლე პირველი აფროამერიკელი იყო, დღეს - ბიზნესმენი, რომელსაც მანამდე არც ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ უმუშავია (ამგვარი რამ პირველად მოხდა ამერიკის ისტორიაში), აბრაჰამ ლინკოლნის პარტია, ფაქტიურად „შტურმით დაიპყრო“ და უმოწყალო ბრძოლაში გაიმარჯვა, რათა „სხვაგვარად, ახლებურად, თავისებურად ემოქმედა“.
მელანიასთან „სამეფო ვალსის“ შესრულებისას, ფრენკ სინატრას უკვდავი I did it My way შემთხვევით არ შეურჩევია.
ნიკა იმნაიშვილი