“ბიძინა ივანიშვილის მმართველოსბის პერიოდში ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა კი არ გაიზარდა, მოხდა პირიქით: ხალხი გაღარიბდა, შემცირდა ოჯახების მსყიდველუნარიანობა, ისინი მოიხმარენ სულ უფრო ნაკლებს. ეს მდგომარეობა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია,” - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, როგორ გაღარიბდება ქვეყანა და მისი მოქალაქეების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, ჩანს საგარეო ვაჭრობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან.
ექსპორტიცა და იმპორტიც (თუ იმპორტს C ჰეპატიტის სამკურნალოდ ამერიკის მთავრობის მიერ ნაჩუქარ მედიკამენტების ღირებულებას გამოვაკლებთ) 2011 წლის დონეზე დავიდა.
2011 წელს მთლიანი ექსპორტი 2.186 მლრდ დოლარი იყო, 2016 წელს კი - 2.114 მლრდ დოლარია. 2011 წლის მთლიანი იმპორტი 7.072 მლრდ დოლარი იყო, 2016 წლის - (C ჰეპატიტის წამლის გამოკლებით) 7.223 მლნ დოლარია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ექსპორტი 2015 წელთან შედარებით 4.1%-ით ნაკლებია, 2014 წელთან შედარებით - 26.1%-ით ნაკლები, 2013 წელთან შედარებით კი - 27.4%-ით ნაკლები.
“სამწუხაროდ, მთავრობა დღესაც არ აღიარებს პრობლემას და გამოდის იმგვარი ინიციატივებით, რომელიც არ ეფუძნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების კონკრეტულ და მკაფიო ხედვას. იმის ნაცვლად, რომ დაეწია გადასახადები და ამით შვება მიეცა ხალხისთვისაც და ბიზნესისთვისაც, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, მთავრობამ გადასახადები აწია. ეს იმის საპირისპირო ქმედებაა, რასაც ამგვარი ეკონომიკური კრიზისის პირობებში მთავრობა უნდა აკეთებდეს,” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.