მინდა მოგილოცოთ, რომ ივანიშვილისეული გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაქოცების და ჯიბეში ჩადების, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არა უკანასკნელი მარცხი“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ის ყრილობაზე, ვაშინგტონიდან პირდაპირი ჩართვისას.
„თქვენ ვერ დაგაყენათ ღალატის გზაზე. თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე. ივანიშვილი ვერასდროს გაიგებს, თუ რა არის „ნაციონალური მოძრაობა“. მის ტვინამდე ვერასოდეს ვერ მივა, თუ რა გვამოძრავებს ჩვენ, რა გვაძლევს ძალას იმისა, რომ არ შევშინდეთ და არ ჩავიქნიოთ ხელი. ოლიგარქებს არ ესმით, რა არის ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ისინი ქმნიან პროექტებს, დებენ ფულს, ყიდულობენ პოლიტიკოსებს, შემოჰყავთ და გაჰყვათ პოლიტიკურ არენაზე პარტიები, მათი მარიონეტები, მაგრამ ნამდვილ პარტიებთან და ნამდვილ იდეალისტებთან ყოველთვის მარცხდებიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყრილობის დელეგატები აირჩევენ პოლიტსაბჭოს წევრებსა და მის თავმჯდომარეს. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, ეს პოსტი ისევ ვაკანტური დარჩება.
იგეგმება სხვადასხვა თანამდებობის, სამდივნოების გაუქმება, რაც შესაძლოა შეეხოს გენერალური მდივნის პოსტსაც, რომელიც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილს უკავია.
გაიზრდება პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა, რომელიც აქამდე 76 ადამიანით განისაზღვრებოდა.
რიგით მე-7 ყრილობაზე პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს ახალ სახეებსაც გააცნობენ და წარადგენენ საპარლამენტო ფრაქციის შემადგენლობასაც, რომელსაც უკვე ცნობილია, რომ რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს.