დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თებერვალში, ვირუსების გამო, მომართვიანობის რიცხვის ზრდას მოელის. თუმცა, ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აქვე აცხადებს, რომ ეს საგანგაშო არ არის.
,,ვირუსული ინფექციების პიკი იყო გასული წლის დეკემბერში, როდესაც მომართვიანობა ყოველ 100 ათას მოქალაქეზე 400 ადამიანს შეადგენდა, თუმცა ეს პერიოდი გამოვიარეთ. შესაძლოა, გარკვეული აქტივობა თებერვლის მეორე ნახევარში კვლავ იყოს, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის”, - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, 2016 წელს ვირუსული ინფექციების გამო 4 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, ამჟამად მედიკამენტებთან მდგრადი ბაქტერია ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაფიქსირებული. რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე საშიში არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოშიც არ გახდნენ ბაქტერიები მედიკამენტებთან მდგრადები, იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ანტიბიოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან, ხოლო ვირუსული ინფექციების თავიდან არიდებისთვის დაიცვან ჰიგიენის ნორმები და ხშირად დაიბანონ ხელი.