,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის დელეგატებს დღეს პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს. ენმ-ის წევრ პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, ყრილობაზე დელეგატების გარდა იქნებიან უცხოელი სტუმრები და მხარდამჭერები.
,,რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური გამოსვლები, ასევე მიხეილ სააკაშვილის ჩართვა. დღის წესრიგით ასევე გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტსაბჭოსა და მისი თანათავმჯდომარეების არჩევა, ასევე სხვა ტექნიკური საკითხები, მათ შორის სარევიზიო კომისიის დამტკიცება, რაც პარტიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა დღეს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.