თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჩეხეთის და შვედეთის სამეფოს ელჩებთან შეხვედრები გამართა. ჩეხ დიპლომატთან, ტომაშ პერნიცკისთან შეხვედრისას მხარეებმა სამხედრო სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და ერთობლივი პროექტების მომზადების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ირაკლი სესიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხ დიპლომატს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხადაჭერისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელიც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების სრულყოფილად მომზადებას ემსახურება.
„თავდაცვის სფეროში საქართველო და ჩეხეთი დიდი ხანია თანამშრომლობენ და რამდენიმე სერიოზული პროექტი მიმდინარეობის პროცესშია. შეხვედრისას ჩვენ პარტნიორობის ეს შესაძლებლობებიც განვიხილეთ და საუბარი სამხედრო მრეწველობის საკითხებსაც შეეხო. ჩეხეთი ასევე აქტიურად არის ჩართული თავდაცვის რეფორმის პროცესშიც. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტი და მისი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობა იგეგმება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
შვედეთის სამეფოს ელჩთან, მარტინა ქუიქთან შეხვედრისას ყურადღება საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განხილვას დაეთმო. აღინიშნა, რომ ბოლო პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ორივე მხარე მიესალმა. სწორედ საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატში, თებერვლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტს შვედეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, რომელსაც შვედეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს.
„მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის საქართველოს მასთან აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს. გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, შვედი სამხედრო ოფიცრები ინტენსიურად თანამშრომლობენ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის ცენტრთან“, - განაცხადა შეხვედრის დასრულებისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.