ალექსანდრე რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ნოდარ ხარშილაძე, მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაშლილა და არსებობას განაგრძობს.
ამ საკითხზე მან გადაცემა არჩევანში ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ახლა „დუღილის ტემპერატურაა“, რომელიც მალე ჩაცხრება.
„დღეს ნაციონალური მოძრაობა არსებობს, არ დაშლილა, ამაში ვერავის ვერ დავეთანხმები. ის როგორც პარტია არსებობს, მას გამოეყო ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფი. პარლამენტის ¾-ც კი. დუღილის ტემპერეტურას რომ არ შევხედოთ. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივი პროცესი იყო,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
მისი აზრით, გამომდინარე იქიდან, რაც ბოლო წელი ხდებოდა, ეს უნდა მომხდარიყო, თუმცა მალე ორივე პარტია გადაერთვება შიდაპარტიულ მშენებლობაზე და ჩხუბს ორივე მხარე დაანებებს თავს.
ნოდარ ხარშილაძე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ ორმა პარტიამ კოალიცია შექმნას, რადგან ორივეს გააჩნია ერთნაირი ფასეულობები და განსხვავება მხოლოდ მეთოდებშია.
რაც შეეხება პარტიაზე პასუხიმგებლობას, ის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მორალური პასუხისმგელობა გააჩნია, თუმცა პარტიაში განვითარებული გადაჯგუფებები ერთ ადამიანს არ უნდა დაბრალდეს.