უმრავლესობაში გაზპრომთან გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხის დაყენებას არ გამორიცხავენ.
შეთანხმებას ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებს ევროპული საქართველო და კალაძის საკანონმდებლო ორგანოში დაბარებას ითხოვს.
„ბევრი კითხვაა, რატომ გაფორმდა, ბევრი საკითხია საიდუმლო. ჩვენ დავიბარეთ, კახი კალაძეს გავუგზავნეთ ეს მოთხოვნა და ველოდებით, რომ კვირის განმავლობაშ იქნება გამოხმაურება,“-აცხადებს გიგი წერეთელი.
გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების მოთხოვნით რეზოლუციას ამზადებს ნაციონალური მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია მთავრობის გადადგომის საკითხს დააყენებს.
„ეს არის წამგებიანი როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით, ისევე ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მზადდება რეზოლუცია, რომელსაც შევიტანთ პარლამენტში. იმ შემთხვევაში თუ არ გასაჯაროვდება ეს დოკუმენტი და არ შეწყდება რუსეთთან მავნებლური ურთიერთობები, რომ დადგეს მთავრობის გადადგომის საკითხი,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
დოკუმენტზე გრიფის მოხნას ითხოვს 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაც.