”ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება პოლიტიკური რეპრესიები და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს.
რაც შეეხება გენერალური მდივნის თანამდებობას, კალანდაძის თქმით, ვინაიდან ვანო მერაბიშვილის არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, ის დარჩება თავის თანამდებობაზე.
”ვანო მერაბიშვილს პოზიცია არ დაუფიქსირებია. ამას ვიღებთ მოცემულობად, გენერალური მდივნის არჩევნები არ დადგება დღის წესრიგში. ვანო მერაბიშვილი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, თუმცა დელეგირებულია მისი უფლებები. ამ უფლებამოსილების დელეგირება კვლავ მოხდება”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ყრილობაზე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე, ასევე სხვა მმართველობითი თანამდებობები.
”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი.