დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყო. ბრალდებული ბექა შენგელია მიიჩნევს, რომ მოკლული ქალის დანაწევრება, განსაკუთრებული სისასტიკე არაა
"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული", - აღნიშნა ბრალდებულმა.
რაც შეეხება მოკლული ქალის შვილს, ირმა ყოჩიაშვილს ის თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა" იყო.
გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.
ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ნოემბერს შეუფარდა.