სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. ამის შესახებ განცხადება სევდია უგრეხელიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ახლა, როდესაც საქართველო დგას დიდი საფრთხეების წინაშე, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების და არაფორმალური მმართველი ოლიგარქის წყალობით, ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დანაწევრება, ტაქტიკური განსხვავებებისა და პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არავითარი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არც ერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
მისივე თქმით, იგი რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრად, „თუკი ეს პარტია თავის სახეს შეინარჩუნებს“.
სევდია უგრეხელიძე 2016 წლის ბოლომდე საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე 2017 წლის 1-ელი იანვრიდან იგი მამუკა ახვლედიანმა შეცვალა.