„პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია“ - განაცხადა ციხიდან ახლახან გამოსულმა გიგი უგულავამ, რომელიც კვლავ არ პასუხობს მთავარ კითხვას: მიიღებს თუ არა მონაწილეობას ის და მისი გუნდი (სინამდვილეში სწორედ მისი გუნდია და არა ბოკერიასი) 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაში.
თვით განცხადების არსი იოლი ამოსაცნობია: „გაყოფა“ შინაგანი პროცესების შედეგიც შეიძლება იყოს, „დანგრევა“ კი, უმრავლეს შემთხვევაში, გარეგანი ზემოქმედების შედეგია. ანუ, უგულავა არა პირდაპირ, ჯერ-ჯერობით დიპლომატიურად, თუმცა მაინც ამბობს, რომ მიშა სააკაშვილმა დაანგრია „ნაციონალურ მოძრაობა“.
ოღონდ, მიშა ამას ვერ შეძლებდა, თუ არა პარტიული ელიტის ერთი ნაწილის სრულიად უგუნური, უფრო მეტიც, აბსურდული და გიჟური გადაწყვეტილება, - ჩამოეკიდონ პოლიტიკურ გვამს, რომელსაც ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა აღარ აქვს გარდა ერთი, მართლა „კლინიკური“ ალბათობისა: თუ საქართველოში მოხდა მორიგი „რევოლუცია“, „გადატრიალება“, „ამბოხება“ ან ნებისმიერი სხვა ევფემიზმით დეტერმინირებული კიდევ ერთი, მასშტაბური, ანტიკონსტიტუციური „ისტორიული“ მოვლენა.
სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს: ამ ხალხმა, ვისაც შეიძლება ჰქონდეს იმედი, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებენ ოდესმე, მერე ამნისტიას გამოაცხადებენ, მიშას მოქალაქეობას დაუბრუნებენ და ა.შ, ვერაფრის დიდებით ვერ გაიგო ის, რაც მთლიანად დადასტურდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე: მიშას ამომრჩევლის უმეტესობა ე.წ. „პროტესტული ელექტორატია“. მაგრამ ამომრჩევლის ეს კატეგორია ქვეყანაში არ შეიძლება უმრავლესობა იყოს, რადგან საპირისპირო შემთხვევაში (ის რომ უმრავლესობა იყოს) საქართველო ქვეყანა კი არა, სომალი იქნებოდა - რუსთაველზე ტანკები იგრუხუნებდნენ, კოცონები დაენთობოდა და თავმოკვეთილი გვამები ეყრებოდა.
საბედნიეროდ, ამგვარი ვითარება არ არის. მნიშვნელოვანწილად, იმავე მიშასა და მისი რეფორმების წყალობითაც. მაგრამ არსებობს „ისტორიულად შეუქცევადის“ ცნება, რაც გამოიხატება „ბებერი“ მაქსიმით - „იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის“ შეუძლებლობაზე. ამდენად, მიშას „დაბრუნება“ კონსტიტუციური გზით სრულიად გამორიცხულია. იგი, თეორიულად, შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ რევოლუციით, როდესაც საზოგადოების აქტიური, პასიონარული უმცირესობა ახერხებს თავს მოახვიოს უმრავლესობას საკუთარი ნება.
ოღონდ, 2003 წლის „ვარდების რევოლუციისგან“ განსხვავებით, ახლა უკვე „უსისხლო“ ვერ იქნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ნაციონალთა“ მეორე ფრაქცია ცდილობდა აეხსნა ყოფილი თანამოაზრეებისთვის, რომ პროექტი „გაუმჯობესებული მიშა“, თვით მიშას მონაწილეობით (და მისი სახელისუფლებო ამბიციის გამორიცხვით) ბევრად პერსპექტიულია პარტიისთვის; ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ გიგი უგულავას (და არა გიგა ბოკერიას), მით უმეტეს მიშას მხარდაჭერით, აქვს პოტენციალი იქცეს ქარიზმატულ ლიდერად, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში კონსტიტუციური გზით დაბრუნების პერსპექტივა, რაც სულაც არ გულისხმობს მიშასგან გამიჯვნას და მისი დამსახურების დაკნინებას; მაგრამ ვერაფერს მიაღწია იმიტომ, რომ თვით სააკაშვილი აღმოჩნდა აბსოლუტურად შეურაცხადი ნებისმიერი კომპრომისისა და რაციონალური არგუმენტისათვის.
თუმცა, აქ ნიშანდობლივი მისი აშკარად ავადმყოფური რეაქცია კი არ არის, არამედ მისი მომხრე ჯგუფის დაჟინება, როდესაც მართლა ვეღარ ხვდებიან, ვეღარ ამჩნევენ, რომ ღია განხეთქილება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აშკარა ურთიერთდაპირისპირება, საჯარო ურთიერთბრალდებები, მედია-ისტერიკები, ბოლოს განხეთქილება და გაყოფა, ამ პარტიას აქცევს მარგინალურ ორგანიზაციად, როგორიც უამრავია საქართველოში!
არანაირი პერსპექტივა არც ერთ განაყოფს (ერთი მათგანი ალბათ სახელს შეინარჩუნებს, მეორე კი „ევროპულ საქართველოს“ დაირქმევს) აღარ ექნება. გავიხსენოთ, რა დაემართა გაყოფის შემდეგ ოდესღაც უძლიერეს „ეროვნულ - დემოკრატიულ პარტიას“: უცვლელი ლიდერის, გია ჭანტურიას გარდაცვალების შემდეგ, მათ ვერ მოილაპარაკეს ახალი ლიდერის ვინაობაზე, დასუსტდნენ, დაქუცმაცდნენ, ყოველგვარი „აურა“, ავტორიტეტი, იმიჯი დაკარგეს და ბოლოს, ფაქტიურად გაქრნენ პოლიტიკური ასპარეზიდან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ქართველი ამომრჩევლის მენტალობა ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ გაყოფის შემთხვევაში იგი ორივე მხარისადმი კარგავს ინტერესს; და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „მცირე ჯგუფი“ ტოვებს პარტიას, ეს „მცირე ჯგუფი“ საპარლამენტო ფრაქციის უმრავლესობაა და უკვე ამიტომ ვერ მარგინალიზდება იმდენად, ამომრჩეველმა მხოლოდ ის „მეორე ნაწილი“ აღიქვას „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრედ - სახელის, ბეჭედის, ოფისების და სახელმწიფო დაფინანსების შენარჩუნების მიუხედავად.
მთელს ამ მარაზმატულ ისტორიაში კიდევ ერთხელ გამოვლინდა თვისება, რომელიც მუდამ, მთელი ისტორიის (არა მხოლოდ უახლესი ისტორიის) განმავლობაში ხელს უშლიდა ნორმალური, ქმედითი, ფუნქციონირებადი ქართული სახელმწიფოს შექმნას: ქართულ ელიტათა სრული უუნარობა, მიაღწიონ კომპრომისს!
ანუ, ელიტების, შესაბამისად, მათთან აფილირებული სოციალური ჯგუფების პათოლოგიური, თვისებრივი უკომპრომისობა და „კომპრომისის კულტურის“ სისტემური დეფიციტი: ყოველგვარი რაციონალური გათვლის, თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე პრაგმატული გადაწყვეტილების უკანმოუხედავი „მოკვეთა“ და ჩლუნგი დაპირისპირება ფორმულით „ყველაფერი ან არაფერი“. „უჩვენოდ ვით იმღერეთა“ ანუ Zero sum game - როგორც ანგლოსაქსური ტრადიცია უწოდებს ამ ფენომენს.
ანგლოსაქსებს რომ ისტორიულად ეს ფენომენი არ დაეძლიათ და უძვირფასესი თვისება („კომპრომისის კულტურა“!) არ გამოემუშავებინა მათ ელიტებს, დღეს ისინი ნახევარი მსოფლიოს მმართველები არ იქნებოდნენ.
საქართველოს წინაშე ასეთი ამოცანა არასდროს იდგა: იარსებებს თუ არა ქართული სახელმწიფო საერთოდ - უკვე მართლა იწვევს ეჭვს.
გიორგი ლეჟავა