დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის გამზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.
როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულების საქმიდან არასრულწლოვნისა და ორი დაკავებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რომელთაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
,,ე.წ. კანიბალიზმის ვერსიას, ეს ჩემთვის გაურკვეველია, სანამ მტკიცებულებებს არ გავეცნობი. თუ ძიება მართლა ამ ვერსიაზე მიდის, შეიძლება სხვა პიროვნებებს ბრალი უფრო დაუმძიმონ, მაგრამ ეს ჩემთვის უცნობია. როგორც წინა მასალებიდან ირკვევა, დაკავებულები იმ ეტაპზე ბრალს აღიარებდნენ, თუმცა ბრალდებულს თავისი ჩვენების შეცვლა ყოველთვის შეუძლია“, - განმარტა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ავთანდილ ამირანაშვილის ადვოკატმა ქართლოს ვაშაკიძემ.
შსს-მ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 იანვარს არის ჩანიშნული.