გიგი უგულავა 9 იანვარს გათავისუფლდება. სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილმერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა.
საუბარია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე. თბილისის ყოფილი მერი ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა და პატიმრობის ვადად 1 წელი 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით სასჯელი კიდევ უფრო შეუმცირდა და საბოლოოდ, 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კი კვლავ გამართლებული დარჩა.
უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება.
საქმე ”თბილსერვის ჯგუფში” ყოფილი მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებას და ამით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვასა და რიყის პარკის ტერიტორიის გასხვისებას ეხება. ”თბილსერვის ჯგუფის” ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა გაამტყუნა და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება რიყის პარკის ეპიზოდს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამართლდნენ. სახელმწიფო ბრალდება მათ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებოდა.
უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი პროკურატურამ გაასაჩივრა, თბილისის ყოფილი მერის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კი - მისი ინტერესების დამცველებმა.