საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება იმ ოთხ გაერთიანებულ სარჩელზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ წელს განხორციელებულ ცვლილებებს ეხება.
9 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" 38 დეპუტატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ცალკეული მოქალაქეების სარჩელები იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევის შესაძლებლობა აეკრძალათ.
ასევე ნორმა, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს 10-წლიანი საქმიანობის შემდეგ ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება, იმ შემთხვევაშიც, როცა კანონით დადგენილ ვადაში არ არის დანიშნული მისი შემცვლელი.
პლენუმმა არაკონსტიტუციურად სცნო ის ახალი რეგულაციაც, რომლის მიხედვით, სადაო ნორმის შეჩერება მხოლოდ პლენუმს შეუძლია, ცვლილებამდე ეს შესაძლებლობა კოლეგიასაც ჰქონდა.
ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ასევე რეგულაცია, რომლის მიხედვით ორგანული კანონის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პლენუმის 6 წევრის თანხმობით არის შესაძლებელი, მოქმედ რეგულაციამდე გადაწყვეტილების მიღება ორგანული კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით პლენუმის უბრალო უმრავლესობას შეეძლო.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას დაერთო მოსამართლეების ირინა იმერლიშვილისა და მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი. სარჩელები არ დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების ვებ-გვერდზე დაუყოვნებლის გამოქვეყნებას ითვალისწინებს და ასევე პლენუმმა არ მიიჩნია ანტიკონსიტუციურად ის რეგულაცია, რომლის მიხედვით ორგანული კანონი მხოლოდ პლენუმმა უნდა განიხილოს.