ENG / RUS       12+

რა უნდა მიშას?

წინასაახალწლო დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ „უკანმოუბრუნებლობის წერტილს“ უახლოვდება. ანუ, ისეთ მდგომარეობას, რომლის გათვალისწინებით, რაიმე შერიგებაზე ან თანაცხოვრებაზე ერთი ორგანიზაციის ფარგლებში უკვე ლაპარაკიც ზედმეტია.

ზოგიერთი სიმპტომითა და განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ეს „წერტილი“ მხარეებმა უკვე განვლეს და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ერთ-ერთმა იდეოლოგმა, დავით დარჩიაშვილმა აღიარა, „ასრულებს თავის არსებობას“. მან შემდეგ კი დაამატა „იმ სახით როგორც ჩვენ ვიცნობდითო“, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ დარჩიაშვილს (და არა მხოლოდ მას) ეს პარტია მხოლოდ „იმ სახით“ მიაჩნია ლეგიტიმურად, შეიძლება მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ: ალტერნატიული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის შედეგად, მისივე საპარლამენტო წარმომადგენლობის დიდი ნაწილისთვის უკვე აღარ იქნება „ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა“, - იგივე სახელი რომც ერქვას.

არც ყრილობის გადაწყვეტილებათა პროგნოზირებაა ძნელი: „7 ათასიანი ყრილობა“ სხვა არაფერია, თუ არა მიტინგი. „მიტინგი“ უეჭველად მიშას დაუჭერს მხარს. უარეს შემთხვევაში, თავპირისმტვრევის თანხლებით.

თუმცა „გამარჯვებული მხარე“ არასასიამოვნო არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: პოლიტსაბჭოს მეორე ნაწილის შენარჩუნება გამორიცხულია. არადა, ამის გარეშე ისინი პარტიაში არ დარჩებიან, მაგრამ თუ პარტიაში არ დარჩებიან, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სიით არჩეულ დეპუტატთა დიდ ნაწილს დაკარგავს. „სინდისზე შეგდება“ და მანდატების დატოვების მოთხოვნა  ნამდვილად არ გაჭრის.

ანუ, შეიძლება თამამად დავასკვნათ, რომ სიტუაცია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლებელია არ იყოს ყველაზე „უკეთესი სცენარი“ ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისათვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ დაპირისპირებაში ბევრი საინტერესო და ნიშანდობლივი ელემენტია. მაგალითად, თუნდაც ის, რომ ირმა ნადირაშვილი და გივი თარგამაძე სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდნენ. ისიც საინტერესოა, რომ პირველი „გუნდა“ ყოფილ ლიდერს არა პოლიტსაბჭოს წევრებმა, არამედ „პარტიის მხარდამჭერებად“ წოდებულმა შოთა უტიაშვილმა და თამარ ჩერგოლეიშვილმა ესროლეს. თუმცა, მათ „პარტიული ელიტის“ მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობაც გამოხატეს უეჭველად.

არჩევნებში სააკაშვილის მონაწილეობა, მისი თავმჯდომარეობა, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა - არარჩევა მეორეხარისხოვანი საკითხებია, რომლითაც იჩქმალება მთავარი უთანხმოება: მიხეილ სააკაშვილის რეალური როლი, გიგი უგულავას შესაძლო როლი, როგორც პარტიის მომავალი ლიდერისა და, ზოგადად, ამ პარტიის ფუნქცია.

პარტიული ელიტის ის ნაწილი, რომელიც ახლა აშკარად მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით აკრიტიკებს სააკაშვილს,  ცდილობდა პროექტ „გაუმჯობესებული მიშას“ განხორციელებას!

სხვათა შორის, ეს ტერმინი სწორედ გიგი უგულავას ეკუთვნის. იგი გულისხმობს მიშასდროინდელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველაფერი იმ „კარგის“ აღებას, რაც ხალხს მოსწონს და რაზეც არავინ დავობს (რეფორმები, მშენებლობა და ა.შ), ოღონდ ყველაფერი „ცუდის“  და ხალხის უმრავლესობისთვის მიუღებლის წარსულში დატოვებით.

ოღონდ ამ პროექტს („გაუმჯობესებული მიშა“) ერთი დიდი ნაკლი და სისუსტე აქვს: მისი განხორციელება აბსოლუტურად შეუძლებელია თვით მიშას მონაწილეობის გარეშე, მით უმეტეს მიშას აქტიური წინააღმდეგობის პირობებში!

როგორც ჩანს, პროექტის ავტორებს ეგონათ, სააკაშვილი მას იოლად მიიღებდა და ამაში დაეხმარებოდათ კიდეც. არადა, დახმარება  იოლად შეეძლო: მაგალითად გამოსულიყო და ეთქვა: „ძვირფასო თანამემამულენო და თანაპარტიელნო. ყველას უნდა გვიყვარდეს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენში და არა ჩვენი თავი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამიტომ, მე ვრჩები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, მაგრამ თავმჯდომარედ ვასახელებ . . . .“ ვის დაასახელებდა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა დაესახელებინა იგივე დავით ბაქრაძე, ან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე ან ნებისმიერი სხვა. მთავარია, რომ ეს იქნებოდა პროექტ „გაუმჯობესებული მიშას“ განხორციელების დასაწყისი, ესე იგი „მიშა მინუს“ გირგვლიანი, რობაქიძე, 2008 წლის ომი . . . . . და  „პლიუს“ იუსტიციის სახლები, ბათუმი, პატრული და ა.შ და ა.შ“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როდესაც აღმოჩნდა, რომ სააკაშვილისთვის ეს პროექტი სრულიად მიუღებელია, დაიწყო მსჯელობა იმაზე, რა მოხდებოდა არჩევნებზე, მიშას „ახალი როლის“ გათვალისწინებით. დღეს „მიშას გუნდი“ ამტკიცებს, თითქოს „მის გარეშე იმ ხმებსაც ვერ მივიღებდით რაც მივიღეთ“; მეორე ნაწილის აზრით კი, სააკაშვილის აქტიურობამ გამოიწვია პოტენციური ამომრჩევლის, ანუ ე.წ. „მერყევი“, „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლის დაშინება და მისი კონსოლიდირება „ოცნების“ გარშემო, რამაც „დადო“ ის შედეგი, რაც დაიდო 8 ოქტომბერს.

რომელი მხარეა მართალი, ემპირიულად ძნელი დასადგენია. თუმცა, ბევრად ლოგიკური ჩანს მოსაზრება, რომ თუ მიშა თვითონ დაეხმარებოდა თანაპარტიელებს ამ პროექტის განხორციელებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად მეტ  ხმას მიიღებდა.

ოღონდ „თუ“ -  მხოლოდ ამ შემთხვევაში! მიშას აქტიური წინააღმდეგობის პირობებში კი, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ რადიკალურ ელექტორატსაც დაკარგავდა და „კონსტრუქციულსაც“ ვერ შეიმატებდა.

ანუ, ყველაფერი ისევ და ისევ თვით სააკაშვილზე იყო დამოკიდებული. ამიტომ, საკვანძო კითხვად მთელს ამ დისკურსში  სწორედ ეს ხდება: „რა უნდა მიშას?“

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საქმეც ისაა, რომ ყველაზე ძნელი დასადგენი, ყველაზე რთული საპროგნოზირებელი და „მისახვედრი“ სააკაშვილის მოტივაციაა. იგი მეტისმეტად ხშირად აგზავნის სრულიად საწინააღმდეგო „მესიჯებს“ უკრაინიდან. მაგალითად, ჯერ კატეგორიული წინააღმდეგი იყო პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში შესულიყო, თუმცა პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე დეპუტატებს „ხელების დაკაპიწებისა და აქტიური მუშაობისკენ“ მოუწოდა.

აქვე უნდა ითქვას: პოლიტსაბჭოს პარლამენტში „არშესვლის“ გადაწყვეტილება რომც მიეღო, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მაშინ დაინგრეოდა, რადგან დეპუტატთა დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ დაემორჩილებოდა და სადეპუტატო მანდატზე, შესაბამის სიკეთეებზე, უარს არ იტყოდა.

„რა უნდა მიშას“, როგორც ჩანს,   მაინც  უსაგნო კითხვაა. ცდება, ვინც სააკაშვილის დღევანდელ მოტივაციაში რაიმე რაციონალურ საწყისს  ან  პრაგმატულ თუ ეგოისტურ, თუნდაც ცინიკურ გათვლას. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკვე პოლიტიკური დეგრადაციის იმ სტადიაზე იმყოფება, როდესაც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ლამის ფიზიოლოგიური ინსტინქტით: რაღაცას ართმევენ, რაღაცით ამცირებენ და მან წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს!

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთელი მისი მდიდარი პოლიტიკური ინსტრუმენტალიდან, რაც ესოდენ უხვად ჰქონდა 2001 წელს, -  როცა რეალურად წამოიწყო პოლიტიკური მოღვაწეობა, - ამჟამად მხოლოდ ეს ინსტინქტი შერჩა და არავითარი რაციონალური გათვლის უნარი აღარ გააჩნია. იმდენად მაინც, რათა მიხვდეს: „ნაციონალური მოძრაობის“ დანგრევა და განადგურება პირადად მისთვისაც სახიფათოა, რადგან ეს პარტია და, განსაკუთრებით, მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა,  ერთადერთი რესურსია, რაც კიდევ აკავებს დასავლეთში (შესაბამისად უკრაინაში)  იმ ძალებს, ვინც სხვა ვითარებაში მზადაა სერიოზულად განიხილოს პროკურატურის მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირების  თაობაზე.

გიორგი  ლეჟავა 

ავტორი: . .