დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო ნარკოკარტელის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულების გრიშა კომახიძისა და ლევან ღვინიაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
ღვინიაშვილი ბრალდებულია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, გამოძალვასა და ნარკოტიკების გასაღებაში, კომახიძე კი გამოძალვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, კომახიძემ და ღვინიაშვილმა 2010 წლის 13 იანვარს გაიტაცეს საქართველოში კოკაინის ტრაფიკის (საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვის) ხელმძღვანელი ნუგზარ ბოჭორიშვილი და მისი დაჯგუფების აქტიური წევრი გიორგი ჩეჩელაშვილი. გრიშა კომახიძემ და ლევან ღვინიაშვილიმა დანამდვილებით იცოდნენ რა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალების სატრანზიტო ოპერაციებით, აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ მოსთხოვეს 250 000 ევროს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით. მათვე ნუგზარ ბოჭორიშვილის დაშინების მიზნით გადაწვეს კოჯორში არსებული მისი სახლი.
გრიშა კომახიძისა და ლევან ღვინიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.