არჩევნებიდან სულ რამდენიმე კვირის მერე, გამარჯვებული „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად ლამის ჩამოიშალოს. სიტუაცია ძალიან ჰგავს 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ წინარე პერიოდს, როდესაც უკვე „ატმოსფეროც“ კი გაჟღენთილი იყო რაღაცის მოლოდინით და ეს „რაღაც“ ნამდვილად მოხდა.
საერთოდ, ნებისმიერი რევოლუცია უპირველეს ყოვლისა საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ატმოსფეროს (!) პროდუქტია. ამიტომ „რაღაცის“ მოლოდინი უეჭველად განხორციელდება.
ზბიგნევ ბჟეზინსკის ეკუთვნის ერთი ძალიან ღრმა გამონათქვამი საქართველოზე: „სანამ სიტუაცია საქართველოში გამოიყურება, როგორც სტაბილური, იგი ასეთად დარჩება“.
მაშასადამე, თუ ლოგიკურად გავაგრძლებთ ამ აზრს და მის პერიფრაზსაც შევეცდებით, საქართველოში სიტუაციის „ასარევად“ საკმარისია, იგი აღარ „გამოიყურებოდეს“, როგორც სტაბილური, ხოლო ხელისუფლება ძლიერად დარჩება მხოლოდ მანამ, სანამ იგი ძლიერი „ჩანს“.
როგორც კი ხელისუფლება აღარ ჩანს ძლიერი, ანუ ტოვებს დაბნეულისა და შეშინებულის შთაბეჭდილებას, მისი საქმე წასულია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მერედა ვინ ქმნის ამ შთაბეჭდილებებს ქვეანაში, ანუ ვინ ამკვდრებს იმ მძიმე, ჩახუთულ ატმოსფეროს, რომელიც ადრე თუ გვიან (უფრო ადრე ვიდრე გვიან) რისხვიან ჭექა-ქუხილად და შვებისმომგვრელ რევოლუციურ თავსხმად მოევლინება ხელისუფლებას? რა თქმა უნდა მედია!
მიშამ ეს შესანიშნავად იცოდა. ისიც იცოდა, რომ რეკლამაზე (ესე იგი რეიტინგზე) დამოკიდებული ტელევიზია შეუძლებელია არ იყოს კრიტიკული, შეუძლებელია არ ამკვიდრებდეს ქვეყანაში აპოკალიპტურ ატმოსფეროს, ვინაიდან სკანდალი, ნეგატივი და „სიმძიმე“ უფრო საინტერესოა, უფრო მიმზიდველია, შესაბამისად, უფრო „იყიდება“. . . . . . . . . . ხელისუფლების მომხრეობა ცუდი ტონია (მინიმუმ), ხოლო მაქსიმუმ სამარცხვინოცაა.
ამგვარ გაწყობებზე მუშაობა უფრო მომგებიანია, ხოლო იმ ხელისუფლების საქმე, რომესაც მედიაში დასაყრდენი აღარ დარჩა, რომლის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე ტელექვემეხი ქუხს, თანაც კრეატიულად და ნიჭიერად, ხოლო სხვები, როგორც მინიმუმ ნეიტრალურები არიან (ერიდებიან მომხრეობა არ დაბრალდეთ) ორგზის წასულია.
ცოტა კომიკურია, რომ ხელისუფლების ჩამოშლაზე გვიწევს ლაპარაკი მაშინ, როდესაც არჩევნებიდან სულ რამდენიმე კვირაა გასული. 8 ოქტომბრის არჩევნები „ოცნებამ“ მოიგო! ნამდვილად მოიგო, რადგან ხალხის უმრავლესობამ, რომელსაც მშვიდი ცხოვრება უნდა, აღარ უნდა რევოლუციები და გადატრიალებები, სტაბილურობას მისცა ხმა.
მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს: ძალაუფების საკითხს საქართველოში წყვეტს არა ობივატელური, ტელევიზორთან წამოგორებული უმრავლესობა, არამედ პასიონარული, „გამკეთებელი“ და აქტიური უმცირესობა. ანუ ის კატეგორია, რომელიც „რამე რომ იყოს“, სადმე „შემვარდნია“. მით უმეტეს, როდესაც ხსენებული ატმოსფერო მართლა აირით გაძეძგილ კამერას ემსგავსება და ერთი ნაპერწკალიღაა საჭირო
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მივაქციოთ ყურადღება, როგორ „მოეფერა“ ბოლო დროს რამდენჯერმე მიშა (უკრაინიდან) თავის ერთგულ ახალგაზრდა გვარდიას - „თავისუფალ ზონას“. სწორედ იმ ბიჭებს, რომლებიც „შემვარდნი“ და „გამკეთებელნი“ არიან.
ამასობაში, ნაციონალური მოძრაობის მცირერიცხოვანმა, თუმცა გამოცდილმა და ენაგატლეკილმა გუნდმა ათით-ნოლი მოუგო ყველა საპარლამენტო დებატი მრავალრიცხოვან (საკონსტიტუციო), თუმცა პოლიტიკაში სრულიად გამოუცდელ, სოლიდურ, დინჯ, აკადემიურ, მაგრამ ენაბლუ, უნდილ, ნაცრისფერ უმრავლესობას. „ნაცების“ სპიკერებმა აშკარად დასჯაბნეს „ქოცების“ სპიკერები.
„ოცნების“ უმრავლესობის წევრთა გულგრილ;ად მშვიდ სახეებს აწერია: არჩევნები მოვიგეთ და აწი იყვირეთ რამდენიც გინდათ, მომავალ არჩვენებამდე კიდევ 4 წელია და მანამდე. . . .
ნურას უკაცრავად: მომავალ არჩევნებამდე, ანუ იმ კრიტიკულ მომენტამდე, როცა სიტუაციის და ატმოსფეროს მომწიფება ყოველთვის შეიძლება გამოიყენო რევოლუციის ასაგორებლად, 4 წელი კი არა 1 წელიც არ დარჩა: ადგილობრივი არჩევნები უკვე მომავალ წელსაა დანიშნული.
„ვარდების რევოლუციის“ ტექნოლოგია კი გულისხმობს არჩევნებს, როგორც საბაბს! არა აქვს მნიშვნელობა რა დონის არჩევნები იქნება: სერბეთში, მაგალითად, იქაური „ვარდების რევოლუცია“ არა საპრეზიდენტო ან საპარლამენტო, არამედ მუნიციპალური არჩევნების გაყალბების საბაბით მოხდა. მართლა იყო თუ არა გაყალბება, არავის დააინტერესებს. მთავარია ხელისუფლება იყოს დაჩმორებული და რევოლუციის „გაპრავება“ შეიძლებოდეს.
აქვე ჩანს, რა უმძიმესი შეცდომა დაუშვა „ოცნებამ„ (შესაძლოა მისთვის საბედისწეროც აღმოჩდეს), როცა არ დაეთანხმა წინადადებას საარჩევნო ბარიერის 5%-ან - 3%-მდე დაწევის შესახებ. თავის მხრივ სააკაშვილმაც ყველაფერი გააკეთა, პარლამენტში სერიოზულ ოპოზიციურ ძალად მხოლოდ მისი პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი. სხვა პარტიები კი - გაავებულ-გაბრაზებულნი - გარეთ დარჩენილიყვნენ. ამ მიზნით მიშამ სპეციალურად დააშინა „შუაშისტი“ ამომრჩეველი, თითქოსდა დაუყოვნებლივ დაბრუნებას აპირებდა და აიძულა იგი ოცნებისთვის მიეცა ხმა.
სხვა პარტიები გარეთ დარჩნენ და ბურჯანაძე, ნათელაშვილი, სხვები და სხვები ამის გამო მიშას ან „ნაცებს“ პარტიას კი არა, „ოცნებას“ უპირისპირდებიან. ისევ და ისევ „რამე რომ იყოს“, ისინი ნებისმიერ რევოლუციას „გააპრავებენ“. თვით სააკაშვილსაც კი „გაუპრავებენ“, რაკი „ოცნებამ“ გარეთ დატოვა.
პარლამენტში მათი ყოფნა ბევრს არაფერს შეცვლიდა ოცნებისთვის ხელისუფლების განხორციელების თვალსაზრისით ვინაიდან საკმარისი უმრავლესობა მაინც ეყოლებოდა, სამაგიეროდ, პარლამენტში მყოფი ბურჯანაძე, პარლამენტში მყოფი ნათელაშვილი და სხვები „რევოლუციურ სცენარს“ არ მიიღებდნენ, რათა შევარდნაძის პარლამენტის ბედი არ გაეზიარებინათ.
ახლა კი, თუ მაგალითად იმავე ნინო ბურჯანაძის განცხადებებს გავითვალისწინებთ, ის ყველაფერზე ხელს მოაწერს და აბსოლუტურად ყველა სცენარში მიიღებს ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობას, რაკი დღეს ბიძინაზე უფროა გაბრაზებული, ვიდრე მიშაზე.
ეს უნდოდა „ოცნებას?“ და რად უნდოდა, თუკი ოხრად დარჩებათ ის საკონსტიტუციო უმრავლესობა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ ხალხმა გულწრფელად ვერ გაიგო, რომ უმრავლესობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არათუ „ბევრს არაფერს“, არამედ საერთოდ არაფერს წყვეტს. გადამწყვეტია კონკრეტული რესურსებოს ოდენობა და ხარისხი.
როდესაც შენს მხარესაა თუნდაც მილიონახევარი ამომრჩეველი, ხოლო რევოლუციონერთა მხარეს „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, ეს ტელევიზია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რესურსია, ვიდრე უზარმაზარი ობივატელური მასა, რომელიც ოცნებას ნამდვილად აძლევს ხმას მშვიდი ცხოვრების ნატვრით.
ტელევიზიით შესაძლებელია არა მილიონახევარი, არც ნახევარი მილიონი, მაგრამ 50 000 „გამკეთებელი“ პასიონარის მობილიზება და წამხდარი, დაჩმორებული, უკვე გაფუჭებული, ლარს გადაყოლილი ხელისუფლების დამხობა.
გასაგებია, რომ ლარის დევალვაცია ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალი იყო და ამას ოპოზიცია აუცილებალდ იჭიერად გამოიყენებდა ხელისუფლების გასაშავებლად, მაგრამ „ოცნებას“ უფრო პლურალისტური პარლამენტი რომ დაეშვა, რომელიც ამ თავდაჯერებული („აკი საკონსტიტუციო უმრავლესობა ვართ და . . . „. ) პერსონაჟებით არ იქნებოდა გამოტენილი, - ყველა დებატს რომ ათით-ნოლს აგებენ „ენაგატლეკილებთან“, - დღეს სიტუაცია ბევრად მყარი იქნებოდა.
რევოლუციურ ატმოსფეროს ამწიფებს სახელისუფლებო ფიგურათა გამაოგნებელი განცხადებებიც: დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს სვანეთში ნამდვილად შეხვდა მოხუცი ქალი, რომელმაც „ფულის ბღუჯა ამოიღო ჯიბიდან“. მაგრამ საქართველოში ამის თქმა როგორ შეიძლება? ხომ არ გაპატიებენ, ანეკდოტებისა და სატირული „მემ“-ების თემად აქცევენ, ფეისბუკზე დაატრიალებენ, იშაყირებენ . . . სულ ათასპროცენტიანად მართალიც რომ იყოს, მთავარია არა ფაქტი, არამედ მისი ინტერპრეტაცია. თავისუფალი მედია და სოციალური ქსელი კი ინტერპრეტაციის ამოუწურავ შესაძლებლობას ქმნის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არსებობს სულ რამდენიმე ოფცია, რათა ხელისუფლებამ თანდათან მომწიფებულ რევოლუციას თავი დააღწიოს: ნაციონალურ მოძრაობაში უნდა მოხდეს ისეთი ხმაურიანი და სკანდალური განხეთქილება, რომ ეს პარტია საერთოდ დაიშალოს, თან დიდი გნიასითა და ურთიერთლანძღვით; მეორე: მთავრობამ შეძლოს ლარის დასტაბილურება, ბიუჯეტის გამართვა - სამსახურებიდან ქუჩაში ხალხის გაყრის თავიდან აცილებით; „ოცნების“ სპიკერებმა მოულოდნელად გამოიჩინონ დებატების ფხა, მოუგონ PR-ომები მიშას გუნდს, კრეატიულად აამუშაონ ტელევიზიები და მოახერხონ არა მხოლოდ საქმის კეთება, არამედ გაკეთებულის აგრესიული „გაპიარება“.
მკითხველმა განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ამ ოფციებიდან რომელიმე და თუ არაა შესაძლებელი, ისტორია კიდევ ერთხელ განმეორდება, ხოლო მიშა დაამტკიცებს, რომ შეუძლია „იმავე მდინარეში მეორად შესვლა“.
ასეთი საზოგადოებრივი ისტერია კიდევ რამდენიმე კვირა თუ გაგრძელდა, ხელისუფლება ისევე „დაეცემა მიწაზე“, როგორც 2003 წელს, როცა მხოლოდ მისი „აღება“ იყო საჭირო, ხელის შემშლელი და წინააღმდეგობის გამწევი კი აღარავინ აღმოჩნდა.
გიორგი ლეჟავა