საქართველოს პრემიერ-მინისტრს მძიმე დრო დაუდგა. აშკარად ვერ არის თავის „ყალიბში“ და შეცდომებსაც უშვებს. პირველად იმ მომენტიდან, როდესაც მთავრობის მეთაურად დაინიშნა. მაგალითად, ასეთი შეცდომა იყო განცხადება, რომ მინისტრთა კაბინეტი „აუცილებლად განახორციელებს რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას“.
აბსოლუტურად გაუგებარი განცხადება იყო. როგორც ჩანს, ესაა ე.წ. „ჩუმი ისტერიკა“, რომელსაც არანაირი ხილული საფუძველი თითქოს არ ჰქონდა, მაგრამ თავისთავად შექმნა წინაპირობა მითქმა-მოთქმისა და ჭორებისათვის ხელისუფლებაში „ღრმა განხეთქილების“ შესახებ.
კაცმა რომ თქვას რა უნდა ეფიქრათ ამ განცხადების შემდეგ იმ ადამიანებს, ვინც ქევყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს ყურადღებით აკვირდება? რომ პრემიერ-მინისტრს მედიაში ატეხილი გნიასის ან უმცირესობის კრიტიკისა შეეშინდა? არადა, ამ უმცირესობას არაფრის უნარი არ გააჩნია სწორედ მისი მცირერიცხოვნების გამო ხელისუფლების იმ ერთადერთ შტოში, სადაც ჯერ კიდევ არის წარმოდგენლი, ესე იგი პარალმენტში.
არის კიდევ „მეოთხე ხელისუფლება“, ანუ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, ოღონდ, ჯერ-ჯერობით, „დოლარის ლარიზაციისა“და აქციზური საქონლის გაძვირების საკითხი ამ ტელევიზიის დირექტორის კაბინეტში ნამდვილად არ განიხილება. მაშ რამ აიძულა გიორგი კვირიკაშვილი ასეთი, აშკარად „არაპოლიტიკური“ და წამგებიანი განცხადება გაეკეთებინა, რითაც საფუძველი მისცა უამრავ „ჩასაფრებულს“, - „პრემიერსა და ფინსანსთა მინისტრს შორის არსებულ განხეთქილებაზე“ ელაპარაკათ?“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ჩანს, მიზეზი ფსიქოლოგიურ დისკომფორტში უნდა ვეძიოთ, რომელშიც კვირიკაშვილი (ვიმეორებ) პირველად აღმოჩნდა ალბათ მთელი მისი მღვაწეობის განმავლობაში. გავიხსენოთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი ჯერ კიდევ დაუვიწყარ 1990-იან წლებიდან იყო პარლამენტის წევრი, მაგრამ ვინმეს გახსოვთ მისი ინიციატივა, გამოსვლა, გაბრაზება, მისალმება, განცხადება, დაგმობა, პოლემიკა, დათანხმება, მოწონება, უარყოფა . . . . . . . ერთი სიტყვით,რაიმე ისეთი ქმედება, რაც დაადასტურებდა, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვისაც არ უჭირს დამოუკიდებლად მოქმედება.
სულ რამდენიმე იმდროინდელი კადრია შემორჩენილი, როცა მიშამ (ეს უკანასკნელი სულ სხვა „ფქისო-ტიპია“) კომიტეტის სხდომაზე შეუტია კვირიკაშვილის ფრაქცია „ახალ მემარჯვენეებს“ და კვირიკაშვილი, როგორც იქნა ფეხზე წამოდგა, თუმცა არფერი უთქვამს - ისევ დაჯდა. ეს იყო და ეს.
ეკონომიკის მინისტრობისა და პრემიერობის პირველ პერიოდში (ანუ 2012-2016 წლებში) გიორგი კვირიკაშვილი ზუსტად იმ ვითრებაში იმყოფებოდა, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება მის ფსიქოტიპს: მშვიდი, წყნარი მუშაობა, არც თუ უნიჭო, არც თუ მხოლოდ „ბიუროკრატიული“, მაგრამ მძიმე და სარისკო გადაწყვეტილებების გარეშე და, რაც მთავარია, მაშინ თვით სიტუაცია იყო იმგვარი, რომ ეკონომიკის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისაგან რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას არ მოითხოვდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ ვითარება შეიცვალა: დოლარი მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო გამყარდა, საქართველოს სავაჭრო სალდო ბევრად გაუარესდა, ეკონომიკური და საფინანსო ფონიჩვენს რეგიონში დამძიმდა;შესაბამისად, ლარის დევალვაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და დადგა მომენტი როცა გიორგი კვირიკაშვილი უკვე იძულებულია გააკეთოს ის, რაც მისთვის ყველაზე მტანჯველი და ფსიქლოგიურად შემაწუხებელია: გამოიჩინის ინიციატივა, წავიდეს რისკზე, გადადგას პოლიტიკური უკურეაქციისა და გაურკვევლობის (!) ალბათობის შემცველი კარდინალური ნაბიჯები, - წარმატების ყოველგვარი გარანტიის გარეშე. არადა, ეს მას ძალან არ უყვარს. ნამდვილი ბანკირია. ბანკირები კი, სინამდვილეში, იშვიათად რისკავენ. მით უმეტეს ქართველი ბანკირები.
თუმცა, სიტუაციამ მოითხოვა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებში, კადრების 10%-იანი შემცირება. კვირიკაშვილის მენტალობიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია მას ჭკუიდან არ შლიდეს ისეთი „ცინიზმი და უსინდისობა“, რაც ახლა მედიაში ხდება ამ „შემცირებებთან“დაკავშირებით.
დავაკვირდეთ; ზუსტად ის ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ისტერიულად „აპიარდებდა“საბიუჯეტო-სამთავრობო ხარჯების შემცირების აუცილებლობას (რაც, რასაკვირველია, პირველ რიგში სწორედ სახელფასო ფონდის შეკვეცას ნიშნავს, რადგან ეს ხარჯის 90%-ია) ახლა ასევე ისტერიულად „აპიარებს“ მთავრობისა და მისი მეთაურის „უგულობას“, „უმოწყალობას“, რაკი „ადამიანები სამსახურებიდან გაუშვეს“, „ულუკმაპუროდ დატოვეს“, „რაღა ეშველებათ“ და ა.შ
სწორედ ის ხალხი, ვინც ბუღსა და გნიასს აყენებდა, რომ მთავრობა „სოციალისტურ სისტემას აშენებს“ საყოველთაო ჯანდაცვით, ახლა გააფთრებით ესხმის პრემიერს იმის გამო, რომ „საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ იქნება“ და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იოლი და კარგი იყო ცხოვრება, როცა არ გიწევდა „მარჯვენასაჭიანი“ავტომობილების დაბეგვრა, სხვა (ახალი) მანქანების დაბეგვრაც, ენერგომატარებლებზე აქციზის გაზრდა და ა.შ. ოღონდ ეს კარგი, ტკბილი, გემრიელი, მშვიდი ცხოვრება დამთავრდა: პრემიერ-მინისტრს უწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც უამრავ მტერს გაუჩენს, ათიათასობით ადამიანს მის თავს შეაძულებს და შეაზიზღებს.
აბა როგორ უნდა? პოლიტიკა სწორედ ამით განსხვავდება საბანკო საქმისაგან, სადაც კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული (თანაცკრეატიული) მენეჯერი იყო, რომ პოლიტიკაში ისე „დალაგებული“ ვერ იქნება ყველაფერი, როგორც საბანკო საქმეში. კვირიკაშვილი კი მიჩვეულია, ყველაფერი წესიერად „დალაგებული“ჰქონდეს, - ზუსტად იცოდეს რას-რა მოჰყვება.
არადა, ასეთი რამ თვით ყველაზე დალაგებულ ქვეყანაშიც კი არ არსებობს. ბელგიასა და შვეიცარიაშიც უამრავი რისკი და გამოწვევაა, როცა მთავრობა იძულებულია სარისკო გადაწყვეტილებები მიიღოს. სხვაგვარად არ გამოდის და არც გამოვა. საქართველოს იმდენი სისტემური პრობლემა აქვს, ამ ქვეყანაში მშვიდი ცხოვრება გამორიცხულია. აქ დაახლოებით იმ მენტალობის, ცინიზმისა და „მორალური უგრძნობელობის“ ადამიანი თუ შეძლებს გაუძღვეს საქმეს, როგორიც მიშა იყო (ანუ მთლად დალაგებული რომ ვერაა და PR-ზე გიჟდება), თორემ კვირიკაშვილიუკვე აშკარად ცდილობს, როგორმე ისევ ძველი „კომფორტი“ დაიბრუნოს და კადრების შემცირების ნაცვლად სამივლინებო ხარჯების შემცირებას სთავაზობს უწყებებს აქაოდა, „ნახევარი სამინისტრო დადიხართ ხოლმე მესამეხარისხოვან კონფერენციებზეო“, რაც აშკარა დემაგოგიაა: ჯერ ერთი, სამივლინებო ხარჯები 10%-საც არ შეადგენს და სახელფასო ხარჯებთან შედარებით მიზერია; გარდა ამისა, საგარეო აქტივობა სასიცოცხლოდ აუცილებელია იმ ქვეყნისთვის, რომლის არსებობაც კი არ იციან ხეირიანად საშუალო რგოლის „გადაწყვეტილებათა მიმღებებმა“ დასავლეთში.
კვირიკაშვილი სამსახურებიდან ხალხის გაშვების წინააღმდეგი იმიტომ კი არაა, რომ გულჩვილია და ვინმე ეცოდება („გულჩვილი ბანკირი“ოქსიუმორონია), არამედ მისი ფსიქოლოგიური, მენტელური მოწესრიგებულობის, „დალაგებულობისა“ და არარისკიანობის გამო. მისთვის ნებისმიერი მკაფიო, გადამჭრელი, ხმაურიანი, კარდინალური გადაწყვეტილება და შესაბამისი საჯარი აქტივობა მტანჯველია. ბოლოს როდის ჩაატარა პრეს-კონფერენცია და როდის უპასუხა ჟურნალისტთა კითხვებს ხომ არ გახსოვთ?! ძნელად თუ გაიხსენებთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აქედან გამომდინარე, თუ სიტუაცია უახლოეს მომავალში არ დასტაბილურდა იმდენად მაინც, პრემიერ-მინისტრს მუდმივად თავის მართლება არ უწევდეს არაპოპულარული გადაწყვეტილებების გამო, კვირიკაშვილის გადადგომა (ვთქვათ ავადმყოფობის მომიზეზებით) სულაც აღარაა ფანტასტიური და არარეალური სცენარი.
„კადრების გამგე“ კი სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინებს, რომ, ვთქვთ, იგივე კახი კალაძე, მისი ფსიქოლოგიური და მენტალური თვისებებით, ბევრად მეტად შეესაბამება არეულ რეგიონში, არეულ დროს, არეულ ქვეყანაში არეული საზოგადოებისა და არეული პოლიტიკური სიტუაციის სამართავად „მოხერხებული“ პრემიერის ზემოთაღწერილ, არცთუ სიმპატიურ მაგრამ, როგორც ჩანს, ერთადერთ შესაძლო პორტრეტს.
მიხეილ გეწაძე