რესპოდენტის შესახებ
- ბატონო სოსო, 30 მაისის თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ერთი კვირა გავიდა. ოპოზიციამ მოლოდინის მიუხედავად წინასწარი შედეგებით ოპოზიციამ დიდი პროცენტით წააგო. როგორ ფიქრობთ, ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის შემთხვევაში რა შედეგი დაფიქსირდებოდა?
- ვფიქრობ, ის ტაქტიკა, რომლითაც ოპოზიციური პარტიები მოქმედებდნენ, ერთიანი კანდიდატის შემთხვევაშიც განწირული იქნებოდა. ასეთ დროს, რასაკვირველია, ერთიანი კანდიდატი მისაღებია, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის. გამარჯვებისთვის აუცილებელი იყო უფრო ადრე და ბევრად უფრო აგრესიული საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ, ასევე მაქსიმალური მობილიზაცია უნდა გამოეყენებინათ იმ რესურსების, რაც ამა თუ იმ ოპოზიციური ძალის წარმოსაჩენად შეიძლება გამოეყენებინათ.
საჭირო იყო იმ ძალების მხილება და საზოგადოებისგან იზოლირება, რომელიც ქვეყანას კვლავ უსამართლო არჩევნების რეალობაში ამყოფებენ. მაგრამ არჩევნებამდე უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უფრო ძლიერი კრიტიკა ოპოზიციას მხრიდან ერთმანეთის მიმართ ისმოდა, ვიდრე ხელისუფლების მიმართ. ამის გათვალისწინებით, სახელისუფლებო კანდიდატმა გიგი უგულავამ საარჩევნო კამპანია ოპონენტების მხრიდან პრაქტიკულად კრიტიკის გარეშე ჩაატარა.
- და ეს უგულავას გამარჯვების კიდევ ერთი ფაქტორი გახდა?
- აქ ბევრი სხვა კომპონენტი იყო. არჩევნების წინ ამით პროტესტის მუხტი შემცირდა. თორემ ეს არჩევნები იდეალური რომ არ იყო და წინა არჩევნებისგან ბევრით არ განსხვავდებოდა, ცხადია. არანაირი განსხვავება არ არის, საარჩევნო უბნებს კრიმინალები გააკონტროლებენ თუ "სახელისუფლებო მხედრიონი".
ამასთან, პოლიტიკური პარტიები მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებაზე არიან ორიენტირებული და თუ როგორ უნდა განვითარდნენ არჩევნების შემდეგ, ამაზე მკაფო ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვთ. ამომრჩეველი კი საკმარისად არ არის ინფორმირებული, გამარჯვების შემთხვევაში ვინ რას აპირებს. ამიტომ ისინი იძულებულები არიან, ხმა სახელსა და გვარს, ხმაურიან ლოზუნგს მისცენ და არა ქვეყნის განვითარების შესახებ გააზრებულ პროგრამას. ამაში თავისთავად პოლიტიკური ძალების გარდა საზოგადოებასაც მიუძღვის წვლილი. კერძოდ კი, მის პასიურ ნაწილს, რომელიც საკმაოდ დიდია და კერძო ინტერესებით შემოიფარგლება, უკეთეს შემთხვევაში კი მხოლოდ პოლიტიკოსების სახელსა და გვარს აძლევს ხმას.
- საქართველოში პოლიტიკური ალიანსების შექმნა წინასაარჩევნო პრაქტიკად დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, ვერც ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ნაციონალურ მოძრაობას" კონკურენცია ვერ გაუწია... არჩევნების დასრულების შემდეგ რამდენად მოსალოდნელია ამ გაერთიანების დაშლა და ძალთა ახალი გადაადგილებები?
- ალიანსების ახალი დიზაინი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ტიპის ანალიზი გაკეთდება მისი წევრი სუბიექტების მხრიდან. თუ პოლიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ შედეგის ყველა მიზეზი, რომელიც მათ არჩევნებზე მიიღეს, "ნაციონალური მოძრობის" დამსახურებაა, მაშინ შეიძლება მიიჩნიონ, რომ შიდა პრობლემები არ აქვთ და იმ კონსტრუქციის ერთგულები დარჩნენ, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებამდე ჰქონდათ. ჩემი აზრით, ეს მცდარი ნაბიჯი იქნება.
თუ თვითკრიტიკულები იქნებიან და საკუთარ თავს იმ რეალობას არ დაუმალავენ, რომელსაც ალიანსის ყველა წევრი გულში გრძნობს, ვფიქრობ, ცვლილება გარდაუვალი იქნება. აუცილებელია პოლიტიკური დაჯგუფებების გადახალისება და გამდიდრება როგორც რაოდენობრივად, ასევე შინაარსობრივადაც. გადაჯგუფების შემთხვევაში უფრო სოლიდური გაერთიანების ჩამოყალიბებას არ გამოვრიცხავ.
- ტრადიცია გრძელდება და ოპოზიცია არჩევნების შემდეგაც ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად ერთმანეთის კრიტიკით დაკავდა. კერძოდ კი, ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ...
- ეს პოლიტიკური გემოვნების შეუთავსებლობის საკითხია. ბურჯანაძე და ალასანია დიდი ხანია ერთმანეთის მიმართ წინასაპრეზიდენტო საარჩევნო რეჟიმში არიან გადასული. ამის გათვალისწინებით კი ერთმანეთის კრიტიკა ყველა სახელმწიფოში მიღებული ფორმაა. თუმცა, ჩემი აზრით, წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვალ ნაადრევად მოუვიდათ.
- თუმცა ღია კრიტიკით შეიძლება ბურჯანაძემ და ალასანიამ ერთმანეთს მხოლოდ რეიტინგი გაუფუჭონ, რითიც კვლავ მმართველი გუნდის კანდიდატი ისარგებლებს...
- მოწინააღმდეგისთვის რეიტინგის გაფუჭება ყველა პოლიტიკოსის ამოცანა, მაგრამ თუ ადრე კონკურენციის გამყოფი ხაზი კითხვაზე - "არჩევნები თუ ჭექა-ქუხილი" გადიოდა, ახლა შეიძლება ეს ზღვარი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს სამართლიან საარჩევნო გარემოსა და რიგგარეშე არჩევნებს შორის. თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უსამართლო გარემოში არჩევნები ახლავე ჩატარდება თუ ორი წლის შემდეგ, სულ ერთია.
- რამდენად სავარაუდოა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება? როგორ ფიქრობთ, ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის მზად არის?
- არჩევნებისთვის ხელისუფლების მზაობა გამოხატული იქნება იმ ნაბიჯებით, რომელსაც ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის გადაგავენ. ჩვენი ძვირფასი და მიამიტი დასავლეთის დამკვირვებლები, რომლებიც პერიოდულად გვსტუმრობენ და დემოკრატიაში წინ გადადგმულ ნაბიჯებს გვილოცავენ, ხელისუფლების სიჯიუტეს ალბათ უფრო დაინახავენ ისეთ ელემენტარულ საკითხებში, რასაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ჰქვია. აქ იმდენად მარტივია დასაბუთება, იმის, როდის უფრო სამართლიანია არჩევნები და რა პირობებში, რომ ხელისუფლებას დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევს, ამტკიცოს, ორჯერ ორი ორი არასდროს ყოფილა და არც იქნებაო.
- რაც შეეხება ეროვნულ საბჭოს: მას შემდეგ, რაც საბჭოს ლიდერები არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარების შემთხვევაში "ბიშკეკიზაციით" იმუქრებოდნენ, მათი უეცრად კულუარებში გადასვლა რას უნდა მოასწავებდეს. ხომ არ დარჩა "ეროვნული საბჭოს" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის მფარველობის გარეშე?
- ვერ გეტყვით, რომ რუსეთი როდესმე ზურაბ ნოღაიდელზე ფსონის დადებას ფიქრობდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან "ეროვნულ საბჭოს" ახლა შიდა პრობლემები უფრო აწუხებს. თუმცა სამომავლოდ "კონსერვატორები" და "ხალხის პარტია" თუ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებაში შევლენ, ნოღაიდელის გარეშე გაცილებით მეტ სიმშვიდეს შეიძენენ.
"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა თამარ მამუკაშვილი