საზარელი ტრაგედია, რომელიც ახლა, აი ამ მომენტში, ალეპოში ტრიალებს, ქართული საზოგადოების ბევრად მეტ ყურადღებას იმსახურებს, ვიდრე რეალურად იგრძნობა.
ჩვენ ხომ, თითქოსდა, დამოუკიდებლობა იმისთვის გამოვაცხადეთ რათა „ვიდგეთ ერად სხვა ერთა შორის“, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ამ მისწრაფებას სულაც არ ადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, როგორ შეიძლება ქართული საზოგადოების ის ნაწილი, ვინც „არა პურითა ოდენ“ ასე გულგრილი იყოს (თუ ჟარგონული ტერმინით არ ვიტყვით) იმ საკაცობრიო მნიშვნელობის ტრაგედიის მიმართ, რაც ამჟამად ჩვენს თვალწინ ხდება და მთელი მსოფლიო შეძრწუნებული ადევნებს თვალს.
მსოფლიო არაფერს აკეთებს (ამაზე ქვემოთ), მაგრამ აღელვებს და თვალს მაინც ადევნებს. ჩვენთან კი საერთოდ არავის აინტერესებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ალეპო (არაბულად ხალებ) ქალაქი ლეგენდაა - როგორც ბაღდადი და პალმირა. ცივილიზებული ცხოვრების ნაშთი, რაც არქეოლოგებმა ამ გრძნეულ ქალაქში აღმოაჩინეს, ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულს (!) განეკუთვნება; ანუ ცივილიზებული, მეურნე ადამიანი იქ 8 ათასი წლის წინ დასახლდა.
ოსმალეთის იმპერიაში ალეპო მესამე იყო სიდიდით კონსტანტინეპოლისა და ქაიროს შემდეგ. სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებისას, მოსახლეობა 2,5 მილიონს აღწევდა.
როდესაც 5-6 წლის წინ, სირიაში ჯერ გაღვივდა ხოლო შემდეგ იფეთქა (დასავლეთის აქტიური მხარდაჭერითა და დაიმედებით) აჯანყებამ ბაშარ ალ ასადის ალავიტური დიქტატურის წინააღმდეგ, ალეპო „ანტიასადური ოპოზიციის“ ცენტრად იქცა. აჯანყება სწრაფადვე გადაიზარდა სამოქალაქო ომში, ვინაიდან ასადი (რასაც ვერაფრის დიდებით შეაგნებინებდი ამერიკელ და ევროპელ „ვიზიონისტებს“ - ბილ კლინტონ - ჯორჯ ბუშ ჯუნიორ - ბარაქ ობამას წინამძღოლობით) ეყრდნობოდა ეთნო-კონფესიურ ძალთა და ინტერესთა გარკვეულ ბალანს.
რთული ბალანსი იყო. მაგრამ ასე თუ ისე, მშვიდობას მაინც ინარჩუნებდა.
ბაშარ ასადი (ისევე, როგორც მამამისი, ხაფეზ ალ ასადი) ეყრდნობოდა შიიტური ისლამის მოდიფიკაციას თუ შტოს, რომელსაც „ალავიზმი“ ეწოდება. ბუნებრივია, ოპოზიციამაც სულ მალე შეიძინა სუნიტური ელფერი, რაც აბსოლუტურად გარდაუვალი იყო და რასაც (ვიმეორებ) ვერაფრით შეასმენდი ამერიკელ გლობალისტ-ნეოკონებს, ვისაც ვერ აუხსნიდი, მაგალითად, რომ აჯანყება დიქტატორ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ არ არის და ვერც იქნებოდა იგივე, რაც, ვთქვათ, ამბოხი რუმინეთის სისხლიან დიქტატორ ჩაუშესკუს დასამხობად, ვინაიდან, როდესაც საქმეში ერთვება ეთნოკონფესიური დომინაციის მოტივი, იქ სამოქალაქო ომი გარდაუვალია, ხოლო „გამყოფი ზღვარი“ გაივლის „სისხლსა“ და „რჯულზე“.
„აბა ის ჯობდა“ - უსინდისო კონტრარგუმენტია. არსებობს „ცუდი“ და არსებობს „ბევრად უარესი“. პოლიტიკა ხშირად არის არჩევანი „ცუდსა და უარესს“ და არა „ცუდსა და კარგს“ შორის.
იმას, რაც ახლა ხდება სირიაში, უდავოდ ის რთული სტატუს-ქვო სჯობდა, რაც იქ 2010 წლისთვის არსებობდა. ამას დღეს არათუ ალეპოს უბედური მშვიდობიანი მაცხოვრებლები, არამედ ისინიც კი აღიარებენ, ვინც ხელში იარაღი აიღო დიქტატურის დასამხობად. სხვა საქმეა, რომ ამ უკანასკნელთ უკან დასახევი გზა არა აქვთ, ხოლო პირველთ არავინ არსად არასდროს არაფერს ეკითხება - მათ შორის საქართველოშიც: ერის ისტორიას ხომ მისი პასიონარული უმცირესობა ქმნის, და არა საბრალო, „მეოჯახე“, „ობივატელური“ უმრავლესობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლეთმა, უპირველესად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირა ანტიასადურ ამბოხს, რეგიონის სუნიტური სახელმწიფოებისგან (საუდის არაბეთი, ყატარი და ა.შ) ჩამოაყალიბა უდიდესი კოალიცია, რითაც კიდევ უფრო შეაგულიანა სამართლიანი საქმისთვის ამბოხებულები (მართლაც გაუგებარია, რატომ უნდა დამორჩილებოდა სუნიტური უმრავლესობა - ალავიტურ უმცირესობას), მაგრამ მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა, რომ ამ წაქეზება-წაგულიანების მიღმა არაფერი იდგა იმგვარი იდეოლოგიური კლიშეების გარდა, რაც ამერიკის კონგრესის ერთ-ერთ დარბაზს ამშვენებს; „ყველა, ვინც დედამიწის ნებისმიერ კუთხეში იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის ამერიკისთვის!“
ძალიან ამაყად და ლამაზად ჟღერს, მაგრამ სირიელები, ვინც გულწრფელად იწამა ისტორიული მდინარის შეუქცევადობა, ანუ - უეჭველობა ფორმულისა (ჩვენებურად თუ ვიტყვი) „ბოროტსა სძლია კეთილმან“, მწარედ მოტყუებულნი აღმოჩნდნენ: გაირკვა, რომ ძალა აღმართსაც ხნავს და ისტორიულ პროცესსაც!
გააჩნია ძალას:
მოსკოვში მიხვდნენ, რომ თუ ასადი დაემხობოდა, მაშინ ყატარი აუცილებლად გაატარებდა სირიის ტერიტორიაზე, თურქეთის გავლით - ევროპაში, დიდ გაზსადენს და რუსული გაზი ევროპაში საერთოდ აღარავის დასჭირდებოდა.
ამიტომ, პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, აქტიურად, სამხედრო ძალით ჩარეულიყო სირიის ომში. მან არა მხოლოდ შეუნარჩუნა ძალაუფლება ასადს, არამედ ნელ-ნელა გააფართოვა მისი გავლენის არეალი და ბოლოს ალეპოსაც მისწვდა.
თუ ასადის ჯარი, რუსული ავიაციისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მხარდაჭერით, ალეპოს აიღებს, ეს სირიის გაყოფას ნიშნავს: ქვეყანა გაიყოფა რამდენიმე ნაწილად, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანს სწორედ ასადი გააკონტროლებს. სირიის ზღვისპირეთზე დამასკოს სრული კონტროლი კი უზრუნველყოფს, რომ „დიდი გაზსადენის“ თემა დაიმარხება.
მეტი სხვა პუტინს სირიაში არც არაფერი აინტერესებდა - თუ, რასაკვირველია, დასავლეთის სრული უმწეობის დემონსტრირებას არ მივიღებთ მხედველობაში. თუმცა ეს მეორეხარისხოვანი მიზანიც მიღწეულია, როგორც ვხედავთ: ალეპოში საზარელი გენოციდი მიმდინარეობს, რუსული ავიაცია და ფლოტი უმოწყალოდ ბომბავს ქალაქს უმართავი ჭურვებითა და ფრთოსანი რაკეტებით (გემებიდან); საშინელ ხოცვა-ჟლეტას ათიათასობით ადამიანი, მათ შორის ათასობით ბავშვი შეეწირა, იქვეა „ამერიკული კოალიციის“ უზარმაზარი არმია, სამხედრო თვალსაზრისით ასჯერ უფრო ძლიერი, ვიდრე რუსული კონტინგენტი და . . . . არაფერი: დასავლური სამყარო უმწეოდ ადევნებს თვალს, როგორ იმარჯვებს ასადი, როგორ მცირდება, შაგრენის ტყავივით, ოპოზიციის მიერ კონროლირებადი ალეპოს ტერიტორია და როგორ ზეიმობს ბოროტება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა კავშირშია, ამ ყოველივესთან, საქართველოს ბედისწერა? საქმეც ისაა, რომ ალეპოში მჟღავნდება მსოფლიო წესრიგის „დასავლური კონცეპტის“ უმწეობა. მისი იქ დამარცხება იმას ნიშნავს, რომ პუტინს პოსტსაბჭოურ სივრცეზეც ვერაფერი აღუდგება წინ. თუ პუტინმა დასავლეთი იმ რეგიონში დაამარცხა, სადაც ამერიკისა და ევროპის ინტერესები ისტორიულად განუზომლად მეტია, მაშინ პოსტსაბჭოურ სივრცეზე რაღა შეუშლის, - ეს სივრცე ხომ, სსრკ-ის დაშლისთანავე რუსული გავლენის სფეროდ აღიარა იმავე დასავლეთმა? ბალტიის გამოკლებით, რასაკვირველია. მაგრამ ჩვენ ბალტიის რესპუბლიკა არა ვართ! ჩვენ ვართ კავკასია, რომელიც 200 წელია მოსკოვური სახელმწიფოს გავლენის სფეროდ ითვლება.
ვითარება კიდევ უფრო გართულდა ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ: აშშ ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფი მდივანი, ჯონ ქერი ლამის ყოველ დღე ურეკავს რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს და სულ მუდმივად ხახამშრალი რჩება.
ბუნებრივია, როდესაც ნებისმიერ მოთხოვნას რეალური ძალა და ნება არ ახლავს თან, რუსეთი არც ალეპოს დაბომბვას შეწყვეტს და არც ასადს შეაჩერებს საზარელი სასაკლაოს მოწყობისგან. პრეზიდენტი ტრამპი კი ყველანაირად მიანიშნებს, რომ მზადაა გაურიგდეს მოსკოვს, ანუ დაეთანხმოს სირიის გაყოფას და ასადის დარჩენას ხელისუფლებაში.
თუმცა ტრამპი მხოლოდ „აფორმებს“ იმ რეალობას, რომელიც მის გარეშე დგება - მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ხოლო თუ ვინმეს ამერიკაში „მოუტრიალდება ენა“ ამის გამო უსაყვედუროს, ტრამპის გუნდი რეზონულად დაუბრუნებს კითხვას: „კი მაგრამ თქვენ არ იყავით ხელისუფლებაში ბოლო წლები? თავად რა გააკეთეთ? თქვენ თვითონ რატომ არ გამოაცხადეთ სირიის თავზე არასაფრენი ზონა, რატომ არ დაუწესეთ სერიოზული სანქციები რუსეთს - მე შეგიშალეთ ხელი?
და, რაც ყველაზე უარესია, სწორედ ეს „ლოგიკა“, - თუ ალეპო საბოლოოდ დაეცა და ამგვარი გარიგება გაფორმდა, - იქცევა „პატერნად“ ტრამპის დამოკიდებულებისთვის რუსეთის მიმართ ყველა სხვა კონფლიქტურ რეგიონში, სადაც არ არსებობს ამერიკის მკაფიოდ და მკვეთრად გამოხატული სასიცოცხლო ინტერესები: ბუნებრივია, ახლა რომ პუტინმა კუბაზე მოინდომოს ისევ რაკეტების დაყენება (როგორც ხრუშჩოვმა სცადა 1962 წელს) იცოცხლე, ამერიკული არმია სულ „დაადუღებს“ იქ ყველაფერს - სულაც მსოფლიო ომის ფასადაც დაუჯდეს.
მაგრამ საქართველოს გამო? უკრაინის გამო?
ტრამპი „ცივსისხლიანი“ ბიზნესმენია და მხოლოდ „მოგების“ კატეგორიით აზროვნებს ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც. მისი პრაგმატიზმი გულისხმობს ცინიკურ გარიგებებს, მაგრამ ეს ფენომენი შვა დასავლური სამყაროს ბოლოდროინდელ და ამჟამინდელ ლიდერთა უმწეობამ! მათ ვერ უპასუხეს ადექვატურად რუსულ აგრესიას ვერც სირიაში და ვერც უკრაინაში. შესაბამისად, შეუქმნეს ნოყიერი ნიადაგი „ტრამპოცინიზმს“, რომელიც საბოლოოდ დამკვიდრდება ალეპოს დაცემის შემდეგ და საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის დამოუკიდებლობასაც სასიცოცხლო საფრთხე დაემუქრება.
ამას ტრამპს ვერ დავაბრალებთ და ვერც ვერაფერს ვუსაყვედურებთ: ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ობამასაგან განსხვავებით, მას ხომ არავისთვის ყალბი ილუზიები არ შეუქმნია, არავის არაფერს დაჰპირებია და, შესაბამისად, არც არავინ მოუტყუებია.
ნიკა იმნაიშვილი