8 ივნისის, 18:00 საათზე, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება დასრულდება.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს ოცდახუთი წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი (ტესტური გამოცდა) ჩატარდება 2010 წლის 19 ივნისს, ხოლო მეორე ეტაპი (წერითი გამოცდა) - 2010 წლის 26 ივნისს. გამოცდა ჩატარდება სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის და საერთო სპეციალიზაციით.
გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი, ნიშნების ფურცელი) დედანი და ასლი;
გ) ავტობიოგრაფია;
დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4).