საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე არის შესაძლებელი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებით განცხადების მიღების ონლაინ სისტემაა დანერგილი.
ამ წესით საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიენიჭა 8 ადამიანს. ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა სამ პირს. პირველად ონლაინ მოქალაქეობის სერვისით ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა მოქალაქემ ცოტნე ჯავახიშვილმა ისარგებლა. ამჯერად დისტანციური წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით, განხილვაშია 21 ადამიანის განცხადება.
აღნიშნული ნოვაციით საქართველოს მოქალაქეობის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის მეშვეობით, შეავსოს ონლაინ აპლიკაცია, დაასკანეროს ყველა საჭირო დოკუმენტი, ელექტრონულად მიაბას განაცხადს და დაარეგისტრიროს თავისი განცხადება. ამასთან, მან უნდა ამობეჭდოს შევსებული განაცხადი და ხელმოწერილი ვარიანტი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად დაზღვეული ფოსტით გააგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში.
ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ მცხოვრებ პირთათვის, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა სურთ. მათ აღარ დასჭირდებათ განცხადების წარსადგენად სხვა პირთათვის სპეციალური მინდობილობის გამოგზავნა. ისინი ვებგვერდზე:www.cra.gov.ge ონლაინ აპლიკაციას თავადვე შეავსებენ. მომსახურების საფასური მოქალაქეობის მინიჭებისთვის 200 ლარს შეადგენს.