შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა 2 ივნისს დაკავებული საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დანაშაულში მონაწილეობის დამადასტურებელი ახალი ვიდეო-მასალა. პირველ ვიდეოში ნაჩვენებია ასია მუსემიანის (ანასტასია ზაუტაშვილი) შეხვედრა კილერთან. მუსემიანი კილერს კურიერის მკვლელობას ავალებს, რომელმაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ნუგზარ ბოჭორიშვილისგან ფულის გამოძალვა განიზრახა.
მეორე ვიდეოში ნაჩვენებია ნარკოკარტელის ერთ-ერთი წევრის მევლუდ სვანიძის მანქანის ჩხრეკის კადრები, საიდანაც სამართალდამცველებმა 180 გრამი კოკაინი ამოიღეს. სვანიძის სახლიდან იქნა აგრეთვე ამოღებული ეზოში ჩამარხული 1 700 000 ევრო. სამართალდამცველები სვანიძის სახლის ჩხრეკას ისევ განაგრძობენ.
მესამე ვიდეოში ნაჩვენებია კახა სვანიძის აღიარებითი ჩვენება, რომელიც საერთაშორისო კარტელის წევრებს ეხმარებოდა სამხრეთ ამერიკიდან გამოგზავნილი ჯართის დაჭრაში და დამალული კოკაინის ამოღებაში, ასევე ნარკოტიკების მანქანის ბამპერში დამალვაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ესპანეთში გაემგზავრნენ, რათა ესპანელ სამართალდამცველებთან ერთად საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი კოორდინირება მოხდეს.