ხვალ, 4 ივნისს, საქართველოს ნაკრები ბუქარესტში გაემგზავრება და ირბ-ის ერთა თასზე ითამაშებს. რუმინეთის დედაქალაქში გადახალისებული შემადგენლობა წავა, რადგან მორაგბეთა ნაწილი ტრავმების და სხვადასხვა პრობლემის გამო ნაკრების დახმარებას ვერ ახერხებს.
დღეს რაგბის კავშირში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ლეინმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ უპასუხეს. საქართველოს ნაკრების პირევლი მეტოქე 11 ივნისს შოტლანდიის A-ნაკრები იქნება. 15 ივნისს "ბორჯღალოსნები" იტალიის A-ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 20 ივნისს კი ნამიბიასთან ითამაშებენ.
"საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 4 ივნისს ბუქარესტში ირბ-ის ერთა თასზე მიემგზავრება, სადაც გუნდს მართლაც სერიოზული ტურნირი ელის. შოტლანდიისა და იტალიის "ა" ნაკრებებთან და ნამიბიის ეროვნულ გუნდთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის. ახლა დროის ისეთი პერიდოია, რომ უძლიერესი მორაგბეების შეკრება ვერ მოვახერხეთ. და ამიტომ ბუქარესტში უახლოესი რეზერვს გამოვცდით, ანუ იმ კონტიგენტის მოთამაშეებს დავაკვირდებით, რომლებსაც 2011 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი გუნდის განაცხადში მოხვედრის შანსი აქვთ", - განაცხადა ნიჟარაძემ.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, უკვე გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრეში, თბილისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ეროვნული ნაკრებები ეწვევიან და ჩვენს გუნდთან ტესტ-მატჩებს გამართავენ.