რამდენიმე კვირის წინ, ერევანში გაიმართა რუსეთის ინიციატივით შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (Организация Договора Коллективной Безопасности – ОДКБ) უმნიშვნელოვანესი სამიტი. სამწუხაროდ, მას საქართველოში ყურადღება თითქმის არავინ მიაქცია. დასავლეთში კი, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი არა პოსტსაბჭოური სივრცე, არამედ სირია და ახლო აღმოსავლეთია, საერთოდ მესამეხარისხოვან მოვლენად ჩათვალეს.
თუმცა, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ის, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის „მეორე“ თუ „მესამეხარისხოვანია“, საქართველოსთვის არათუ პირველხარისხოვანი, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ნიშანდობლივია, რომ ერევნის სამიტს არ დაესწრო ყაზახეთის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი. იგი მოულოდნელად გახდა ავად; თუმცა ყველას ესმის, რომ ეს ავადმყოფობა, ასე ვთქვათ, „დიპლომატიური ხასიათისაა“. ნაზარბაევმა, უბრალოდ, იცოდა, რა საკითხებს განიხილავდნენ ამ ისტორიულ სამიტზე და არ სურდა მათთან აფილირებულიყო.
ამგვარი სვლა ყაზახეთის მრავალნაცად პრეზიდენტს ადრეც გაუკეთებია და არ შემცდარა - იგი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და ეშმაკი (მაშასადამე პროფესიონალი) პოლიტიკოსია პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
ახლა ირკვევა, რომ მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნით, ОДКБ წევრებმა სამიტზე მიიღეს ე.წ. „ერევნის დოქტრინა“ და, რაც მთავარია, შექმნეს „ოპერატიული სარდლობა“. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია სიახლეა: „ოპერატიულ სარდლობას“ სამხედრო ბლოკი ქმნის მაშინ, როდესაც მის წინაშე უკვე არა მხოლოდ გრძელვადიანი, სტრატეგიული, არამედ მოკლევადიანი, ოპერატიული (ესე იგი მიმდინარე და აქტუალური) სამხედრო ამოცანები წარმოიშობა.
ბუნებრივია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყოველივე უკავშირდება სირიას, სადაც ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა ალეპოს შტურმის გამო. შესაბამისად იზრდება დაძაბულობაც რუსულ სამხედრო კონტინგენტსა და „ანტიასადურ“ კოალიციას შორის.
აქვე უნდა ითქვას, რომ როგორც სირიის ამბებით დადასტურდა, „კოალიციასაც გააჩნია“. ამერიკულ კოალიციაში 50 (!) სახელმწიფო შედის, ხოლო რუსეთის მოკავშირე მხოლოდ შუა საუკუნეებში ჩარჩენილი ირანია. კი ბატონო, მაგრამ . . . . მერედა რა, ამით? რეალურად რა იცვლება ბრძოლის ველზე, უფრო სწორად, სირიის ცაში? „50 წევრიანი კოალიცია“ ვერ ბედავს „არასაფრენი ზონის“ გამოცხადებას ალეპოს ცაში, ამიტომ რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს ალეპოს და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება კიდეც აიღოს ეს ქალაქი, რითაც სირიაში სამოქალაქო ომი მოსკოვის გამარჯვებით დასრულდება, ვინაიდან ალეპოს მიღმა მხოლოდ უდაბნოა და მეტი არაფერი. მეტი იქ პუტინს არც არაფერი აინეტრესებდა, მისთვის მთავარი იყო, დაებლოკა ყატარიდან - ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის მშენებლობა.
ამრიგად, სირიაში რუსეთს სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი ნამდვილად არ სჭირდება.
მეორე ვერსიით, ერევნის სამიტის მიზანი იყო, აზერბაიჯანის გაფრთხილება, არ გაბედოს „სტატუს - ქვოს“ დარღვევა ყარაბაღის გარშემო. ეს „სტატუს - ქვო“ 1994 წელს ჩამოყალიბდა, - ომში სომხეთის გამარჯვების შედეგად და ახლახანს კინაღამ დაირღვა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა არმიამ 2-3 კილომეტრით წაიწია ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში.
მაგრამ არსებობს ერთი ნიშან-თვისება, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ერევნის სამიტი და ОДКБ-ს სამხედრო მექანიზმთა მომზადება რუსეთს უფრო ფართო რეგიონული კონტექსტებისთვის სჭირდებოდა. ამ დისკურსში დავაკვირდეთ გადაწყვეტილებებს, რაც ერევნის სამიტის დასრულებისთანავე, ერთდროულად (!) მიიღეს ცხინვალსა და სოხუმში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენიმე დღის წინ, „სამხრეთ ოსეთის“ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ადგილობრივი ოსები, ამიერიდან, რუსეთის სამხედრო კონტინგენტში იმსახურებენ. იგულისხმება ის კონტინგენტი, რომელიც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა განლაგებული. არანაკლებ საგულისხმო და ნიშანდობლივია, რომ იმავე კონტინგენტში მიევლინებიან ის ოსი ოფიცრები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო სასწავლებელს ამთავრებენ.
გამოდის, მოსკოვი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქმნის ყოველივე ქართულის და ქართველების ფანატიკურად მოძულე ახალ „ოსურ არმიას“, რომლის რიგითი შემადგენლობა და ოფიცერთა კორპუსი (შესაძლოა გარდა უმაღლესი სარდლობისა) მთლიანად ოსური იქნება. სამაგიეროდ თვით „სამხრეთ ოსეთს“ აღარ ეყოლება არანაირი „არმია“ (ან კი როდის ჰყოლია) და მხოლოდ ფორმალურად იარსებებს „სამხრეთ ოსეთის თავდაცვის“ სამინისტრო.
პარალელურად, აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იქმნება ერთობლივი სამხედრო კონტინგენტი, რომელშიც შევა აფხაზეთის 800 კაციანი რაზმი, - არტილერიითა და საზენიტო დანადგარებით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ არც ე.წ. „აფხაზური არმია“ არსებობს რეალურად, ხოლო იმ გაქუცულ ფორმირებებში, რომელსაც „აფხაზურ არმიას“ უწოდებენ, სულ 500-800 „ჯარისკაცი“ და „ოფიცერი“ მსახურობს (საბაჟოზე და საზღვარზე, - სადაც ფული კეთდება, - იცოცხლე, ბევრნი არიან) გამოდის, ისევე როგორც „სამხრეთ ოსეთში“, აფხაზეთშიც ყველა შეიარაღებული ფორმირება შედის იქ დისლოცირებული რუსული კონტინგენტის შემადგენლობაში, ხოლო შესაბამისი „ხელშეკრულების“ ის დებულება, რომ ამ „გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების“ ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილებას „ერთობლივად იღებენ რუსეთისა და აფხაზეთის უმაღლესი მთავარსარდლები“, უბრალოდ სასაცილოა: როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პუტინი - ჰაჯიმბას დაეკითხება რამეს?
ცოტამ თუ იცის, რომ 2008 წლის 10 აგვისტოს, როდესაც გენერალ შამანოვის სარდლობით რუსული კონტინგენტი სამეგრელოში შემოიჭრა, სენაკის სამხედრო ბაზა დაარბია, ფოთი აიღო და სვანეთისკენ დაიძრა (რის შედეგადაც 2 500 კბილებამდე შეიარაღებულმა ქართველმა მეომარმა უბრძოლველად დატოვა კოდორის ხეობა და იარაღის მთებიც მიატოვა - აქაოდა „ალყას გვარტყამენო“), რუსებთან ერთად იქ ე.წ. „აფხაზური არმიის“ ქვედანაყოფებიც შემოვიდნენ. ბევრნი არ ყოფილან, - სულ რამდენიმე ასეული იყო. მაგრამ ნამდვილად იყვნენ, მოძრაობდნენ БТР-ებით „რუს მოკავშირეებთან ერთად“ და თუ იმდროინდელ კადრებს ყურადღებით ნახავთ, ამაში იოლად დარწმუნდებით.
მათ, რასაკვირველია, დიდი სურვილი ჰქონდათ სამეგრელო გადაებუგათ და გაეუპატიურებინათ, თუმცა სენაკის ბაზა გაძარცვეს და უკან, აფხაზეთში დაბრუნდნენ ნაალაფარით.
ასევე, ოსი ბლოგერები დღემდე ამაყობენ და თავს იწონებენ სოციალურ ქსელებში, რომ „სამხრეთ ოსეთის არმიის ქვედანაყოფებმა აიღეს გორი რუს თანამებრძოლებთან ერთად“ და ა.შ.
ეს ყოველივე, თითქოს ტაკიმასხარაობაა და მეტი არაფერი. ოღონდ მთავარი ისაა, რომ ზოგიერთი ცნობით, ერევნის ზესაიდუმლო სამხედრო დოქტრინაში, რომელიც ОДКБ სამიტმა დაამტკიცა, „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო კონტინგენტებს თავისი ფუნქცია აქვთ, ხოლო „ოპერატიული სარდლობა“, რაც ერევანში შეიქმნა, მათაც უხელმძღვანელებს სამხედრო ოპერაციათა განხორციელებისას; ესე იგი „გაერთიანებული ქვედანაყოფები“ უკვე იმ სამხედრო შენაერთებში განიხილება, რომელთა ამოქმედებას მოსკოვი გეგმავს სამხრეთ კავკასიაში. პირველ რიგში, რასაკვირველია, საქართველოს წინააღმდეგ!
აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ერთდროულად (!) მიღებული გადაწყვეტილებები არის „მესიჯი“, რომელიც მოსკოვმა გამოუგზავნა თბილისს და ჩვენს მოკავშირეებს; თანაც ძალიან თავხედური, ცინიკური, დაუფარავი და მკაფიოდ მოურიდებელი „შეტყობინება“!
რატომ? ან რატომ სწორედ ახლა? 8 ოქტომბრის არჩევნები ხომ სააკაშვილის პარტიას არ მოუგია?
იმიტომ, რომ პუტინი არ გამორიცხავს ალეპოსა და, მთლიანად, სირიაში მარცხს! თუ საქმე - საქმეზე მიდგა, თუ ამერიკას ეღირსა ისეთი ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ სექსუალური სკანდალებით არ იქნება დაკავებული და თუ ევროპამაც გაიღვიძა 70 წლიანი ტკბილი ძილის შემდეგ, პუტინს, შესაძლოა, სამარცხვინოდ გაქცევაც მოუწიოს ახლო აღმოსავლეთიდან. მაშინ მას აუცილებლად დასჭირდება „კომპენსატორი“, რათა გაგულისებულ რუსულ საზოგადოებას მწარე დამარცხების სანაცვლოდ რაიმე „ტკბილი ნუგბარი“ გადაუგდოს, შოვინისტური გრძნობები დაუკმაყოფილოს, სირიაში დამარცხებით შელახული „ველიკოდერჟავული“ სიამაყე დაუბრუნოს და ა.შ.
საქართველოს კი, როგორც ჩანს, ერთ-ერთ ამგვარ „კომპენსაციად“ განიხილავენ. ანუ, სულაც არ არის გამორიცხული, სირიაში რუსეთის მარცხი ჩვენ შემოგვიტრიალდეს; ამიტომ პირველ რიგში სწორედ მოკავშირეებს უნდა ვკითხოთ - ერევანში, სოხუმსა და ცხინვალში მიღებულ გადაწყვეტილებათა „მაგიდაზე დადებით“ და მათი რეალური შინაარსის ახსნით: „მოვლენათა უარესი სცენარით განვითარების შემთხვევაში, მზად ხართ, რაიმე უფრო ქმედითი და არსებითი გააკეთოთ საქართველოს მხარდასაჭერად, ვიდრე „შეშფოთების გამოთქმა“ ან ჰუმანიტარული ტვირთების გამოგზავნაა?!“
ნიკა იმნაიშვილი