ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, კონსტანტინე გამსახურდია პარლამენტს მიმართავს თხოვნით, რათა დონორებში მოიძიოს 8-10 ათას დოლარამდე, რაც საშუალებას მისცემს კალიფორნიაში მცხოვრები ექსპერტის, დოქტორ ფროსის დაქირავებას ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დასკვნის გასაკეთებლად. ეს საკითხი კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს, პარლამენტში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასასრულს დასვა.
როგორც მან აღნიშნა, კალიფორნიაში მცხოვრებ დოქტორს გაუგზავნეს წერილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და მათ უკვე მიიღეს პასუხი, სადაც ამერიკელი ექსპერტი ითხოვს იმ დოკუმენტაციას, რომელიც არსებობს ზვიად გამსახურდიას ცხედრის აღმოჩენასთან დაკავშირებით და ასევე, იმ ადამიანების ჩვენებებს, რომლებმაც პირველებმა ნახეს გარდაცვლილი ზვიად გამსახურდია.
ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტაციის საფუძველზე დოქტორი ფროსი შეძლებს დადოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, აღნიშნული დოკუმენტაცია გამოდგება მტკიცებულებად თუ, საერთოდ გამორიცხავს ამ დოკუმენტაციის მტკიცებულების ძალას. თუმცა კონსტანტინე გამსახურდიასვე თქმით, დოქტორი ფროსი ერთი საათი სამუშაოს შესრულებისათვის იღებს 450 დოლარს. აღნიშნული დასკვნის დასაწერად კი საერთო ჯამში დაჭირდება 15-20 საათი, რისთვისაც კონსტანტინე გამსაუხრდიას გამოთვლით 8-10 ათასი აშშ დოლარი იქნება საჭირო. კონსტანტინე გამსაუხრდია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ აღნიშნული თანხის გადახდა, არც პირადად მას და არც საქართველოს პარლამენტს არ შეუძლია. სწორედ ამიტომ პარლამენტს მიმართავს თხოვნით, რათა მოიძიოს დონორები აღნიშნული თანხის საშოვნელად.
კონსტანტინე გამსახურდიას ამ განცხადებას საპარალმენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე კომისიის სხდომაზევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იგი გამოდის ინიციატივით შეიქმნას საგანგებო ფონდი, სადაც ჩაირიცხება თანხები და საშუალება იქნება, როგორც აღნიშნული სპეციალისტის დაქირავების, ასე შემდგომ ყველა ღონისძიების განხორციელებისთვის.
"მე არ მეგულება ქვეყანაში არც ერთი თავმოყვარე ადამიანი, რომელიც ამ საკითხის საბოლოოდ გარკვევას არ მოინდომებს და ამიტომ პარალმენტმა უნდა მისცეს მაგალითი და შეიქმნას ფონდი, სადაც ჩაირიცხება თანხები რათა ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ფაქტს", - განაცხადა ეკა ეხრხეულიძემ.