ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, 5 პროცენტიანი ბარიერი სულ სამმა პარტიამ გადალახა: პარლამენტში შევლენ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ (48,6%) მიშა სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა (27,14%) და ირმა ინაშვილ-დათო თარხან მოურავის „პატრიოტთა ალიანსი“ (5%).
სხვა პარტიებმა ბარიერი ვერ დაძლიეს. „ქიმს“ მიღმა დარჩნენ „თავისუფალი დემოკრატები“, რისი მთავარი მიზეზიცაა მათი არასწორი მენეჯმენტი ორ ცნობილ სკანდალთან დაკავშირებით; აგრეთვე „მარად გუშინდელი“ „ლეიბორისტები“, კომიკურ ფიგურად ქცეული დიდი ბანი და ა.შ.
მაგრამ ნაპოლეონი რომ ამბობდა „ - სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“, ზუსტად ისაა, რაც მუდამ ემართებოდათ, ემართებათ და მიმდინარე საუკუნეში, როგორც ჩანს, ყოველთვის დაემართებათ „რესპუბლიკელებს“: დათო უსუფაშვილმა ლევან გოგიჩაიშვილთან წააგო. და არა მხოლოდ მასთან. წააგო კატასტროფულად. არადა, უსუფაშვილი (ასევე ხმალაძე, ბერძენიშვილი, ივლ. ხაინდრავა) შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს, მაგრამ ნებისმიერ კარგ პარლამენტს დაამშვენებდა.
წააგო ვისთან?! „პირველთან“ უფრო მეტად, ვიდრე „მეორესთან“.
თუმცა, ამის გამო თავის მოკვლას არ აპირებს და არც პოლიტიკიდან წავა, რადგან „რესპუბლიკელთა“ უნიკალურობაც ესაა: იქნებიან კიდევ ასე . . . 20 წელი ევროპული „ინტელექტუალური კლუბის“ ფორმატში და შემდეგ აუცილებლად ისევ დასჭირდებიან რომელიღაც სახელისუფლო ძალას: როგორც დასჭირდნენ ლეგიტიმაციისთვის, ანუ, ჟარგონით თუ ვიტყვით, „გაპრავებისთვის“, ზვიად გამსახურდიას (1990 წელს ეხვეწებოდა ბერძენიშვილებს, ერთიანი ბლოკი შევქმნათო), შემდეგ შევარდნაძეს, მერე სააკაშვილს . . . . ივანიშვილს . . . და ვილაპარაკოთ ახლა, რომ „2%-იც ვერ აიღეს“. ვერ აიღეს და ნუ აიღეს - ამით ეს მართლა პარტია-უნიკუმი არ გაქრება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რაც შეეხება ქალბატონ ბურჯანაძეს, მის მორიგ მარცხს ორი მთავარი მიზეზი აქვს და ორივე უნდობლობას უკავშირდება: ჯერ ერთი, ის, სინამდვილეში, არაფერს ამბობდა ისეთს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ აკეთებდა. „უბლოკო სტატუსი“ კი მორიგი ულტიმატუმის შთაბეჭდილებას ტოვებდა: „რუსეთმა ჯერ მოგვცეს გარანტია, რომ დაგვიბრუნებს აფხაზეთს და მერე . . . . . . “
მიშა, 2004 წელს, ყველა შეხვედრაზე ეუბნებოდა ამას პუტინს და იდენტურ პასუხს იღებდა: „არც არაფერს დაგიბრუნებთ, მაინც ვერც ვერანაირ „ნატო“ - ში ვერ შეხვალთ, ამიტომ პირობებს ნუ მიყენებთ და ჩაიკმინდეთ ხმა“.
ბურჯანაძეს პირდაპირ ისიც კი არ უთქვამს არც ერთხელ, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენდა და რა აზრი ჰქონდა მაშინ მის არჩევას თუნდაც პრორუსულად განწყობილი ელექტორატისთვის?
მეორე მიზეზი კი „წყეული წარსულია“, რომელიც ამ პოლიტიკოს ქალბატონს არ მოეშვება არასდროს - არც ერთი მომავალი საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების დროს: მეტისმეტად დიდხანს იყო მიშასთან, რომლის გახელისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მეტისმეტად დიდხანს მოქმედებდა უნისონში მის საგარეო პოლიტიკასთან 2008 წლამდე. ზოგჯერ კიდევ უფრო მკაცრი განცხადებებით მოსკოვის მიმართ, რამაც, პრორუსთა თვალში, საბოლოოდ, 2008 წლის საზარელი ტრაგედია განაპირობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
5%-იან ბარიერს რაც შეეხება: რამდენიმე პარტია და მათი მომხრეები გულის ფანცქალით ადევნებდნენ თვალს პროცენტულ მაჩვენებლებს ტელეეკრანებზე: გადალახავს . . . . . . . . ვერ გადალახავს . . . ბოლოს სულ სამმა გადალახა.
„მაღალი ბარიერი“ სერიოზულ პრობლემად იქცა, ზოგადად, ქართული დემოკრატიისათვის, თუმცა ეს სხვა საკითხია. ახლა კი, სწორედ დემოკრატიული განვითარებისა და „პლურალისტური პარლამენტის“ კონტექსტში გავიხსენოთ გამაოგნებელი ისტორიული ფაქტი, რომელიც ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყველამ მიივიწყა: 2003 წლის 2 ნოემბრის „საშინელი“ არჩევნების შედეგად, 7% - იანი საარჩევნო ბარიერი ექვსმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და თორმეტმა პარტიამ გადალახა!
თუ არ ჩავთვლით 1992 წლის პარლამენტს, რომელიც არ არჩეულა, არამედ, ფაქტიურად დაკომპლექტდა „სამხედრო საბჭოს“ მიერ ე.წ. „პრეფერენციების სისტემით“, როდესაც ამომრჩეველს შეეძლო ერთდროულად სამი პარტიისთვის მიეცა ხმა (?!) სწორედ 2003 წლის 2 ნოემბერს აირჩა პირველი და, როგორც ჩანს, უკანასკნელი ნამდვილად მრავალპარტიული, პლურალისტური, დემოკრატიული პარლამენტი.
მაგრამ ის პლურალისტური პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა, მიშამ და მისმა გუნდმა დაამხო (იმავე „რესპუბლიკელების“ მხარდაჭერით, - დღეს რომ ცრემლებს აღვარღვარებენ „საპარლამენტო პლურალიზმზე“) და 2004 წლის გაზაფხულზე „აირჩა“, ფაქტიურად ერთპარტიული პარლამენტი - საკონსტიტუციო უმრავლესობით.
ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გორში იყრიდა კენჭს, ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „რევოლუციამდე, ქვეყანა იყო არეული და უნდა დაგველაგებინა!“
დავაკვირდეთ: ზუსტად ასეთი პასუხი გასცა 1927 წელს ბენიტო მუსოლინიმ ერთ-ერთი იტალიური გაზეთის კორესპონდენტს, როდესაც რომზე „მაშხალებით სვლის“ შესახებ ჰკითხეს. ანუ, „ქვეყანა იყო არეული და უნდა დაგველაგებინა“
ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ იმ ე.წ. „ვარდების რევოლუციას“ დემოკრატიასთან და პლურალიზმთან საერთო არაფერი ჰქონდა: ის იყო, ავტორიტარული მეთოდებით ქვეყნის სწრაფი მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა.
ამიტომ, იმ ხალხის კვნესა - გოდება, ვინც მაშინ (2003 წელს) ეს ინტენცია ვერ შენიშნა (ან არ შენიშნა) ხოლო დღეს მოთქვამს „არაპლურალისტური პარლამენტის“ გამო, ნამდვილად ვერ დაიმსახურებს თანაგრძნობას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არჩევნების დასრულებისთანავე, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საოცარი განცხადება გააკეთა: „შესანიშნავი დასწრება იყოო“.
51,63% „შესანიშნავი დასწრებაა?“
დავაკვირდეთ: ეს ციფრი „ცესკო“ - ს საიტზე ისე გულმოდგინედაა დამალული, იოლად ვერ მიაგნებ. ესე იგი, ამ საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის თითქმის ნახევარმა მონაწილეობა არ მიიღო. მარგველაშვილმა კი ეს „შესანიშნავ დასწრებად“ იმიტომ გამოაცხადა, რომ ზოგადად, ქართულ პოლიტიკურ კლასს (რომელსაც დღევანდელი პრეზიდენტი თავს აკუთვნებს) არ აწყობს აღიაროს: იგი მთლიანად დევალვირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში.
საქართველოს მოქალაქეთა ნახევარი ვერ ხედავს თავისი ინტერესების გამომხატველს პოლიტელიტაში და სრულიად გულგრილია ზემოთ გამართული თამაშობებისადმი. ამის მიზეზი, ისევ და ისევ, ბოლო 25-30 წლის ისტორიაა მისი გადატრიალება-რევოლუციებით, რომელსაც უბრალო ადამიანები სწორედ ასე აღიქვამენ: „ზემოთ“ რაღაც ხდება და ჩვენ ვინ რას გვკითხავს?“ ამიტომ, ისევ და ისევ, რაც 2003 წლის ნოემბერში მოხდა, არანაკლები დანაშაული იყო ქართველთა სათუთი, ახლადშობილი დემოკრატიული შეგნებისთვის, ვიდრე 1992 წლის სისხლიანი გადატრიალება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რატომ მოიგო არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ - არასწორი, უფრო ზუსტად, არასწორად დასმული კითხვაა. ბევრად რელევანტურია ვიკითხოთ: რატომ წააგო მიშამ და მისმა პარტიამ?“ ვინაიდან სწორედ ზემოთაღწერილი ნიჰილიზმის მიზეზით და შედეგად, ქართველი ამომრჩეველი „მომხრედ“ კი არ გამოდის, არამედ „მოწინააღმდეგედ“:
8 ოქტომბრის არჩევნები ბიძინამ კი არ მოიგო, არამედ მიშამ წააგო და ამის მთავარი მიზეზიც თავადაა: როგორც არ უნდა „გაეპიარებინა“ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის“ ეთერში ფერადი, ლამაზი ტურისტული თუ ინდუსტრიული პროექტები: ბათუმის უნივერსიტეტი . . . გოდერძის გვირაბი . . . ლაზიკა . . . და ა.შ და ა.შ“, ხალხს ასე იოლად ვერ მოატყუებ, რადგან ქართველა ობივატელური (კონოტაცია აქ ნეიტრალურია) უმრავლესობის თვალში მიშა ასოცირდება არა შადრევნებთან, არა ბათუმის ცათამბჯენებთან, არა სათხილამურო ტრასებთან, არამედ მუდმივ დაძაბულობასთან, 2004 წელს ცხინვალში სამარცხვინოდ დაჩოქილ ქართველებთან, აგვისტოს საზარელ ომთან. . . . ამ უმრავლესობისთვის მიშა ნიშნავს ომს! ომი კი ძალიან არ უნდა.
თანაც, თავად მიშამ, სრულიად უცნაურად, გააკეთა ყველაფერი, რათა ეს აღქმა გაეძლიერებინა: ჯერ ერთი, თავად უკრაინაა ომში და იქედან მიშას ჩამოსვლა აქ მეორე ფრონტის გახსნად აღიქმებოდა.
გარდა ამისა, ეს გაუთავებელი ფარული ჩანაწერები რევოლუციურ სცენარებზე . . . ბარიკადებზე . . . რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ „გაყალბებულია“, ობივატელს ესმის ის, რაც ესმის და, კაცმა რომ თქვას, ხმაც „მეტისმეტად ჰგავს“, გაყალბებული იყოს.
ქართველთა უმრავლესობას კი ცხოვრება უნდა . . . მეტი არაფერი. უბრალოდ ცხოვრება . . . . ოჯახური მყუდროება, სიმშვიდე . . .ანუ ყველაფერი ის, რისი ანტიპოდიცაა „მიშა“. ამ ადამიანებს უკვე ვერ მოატყუებ აღმშენებლობითი პროექტებით. მათთვის მიშა ნიშნავს ომს! მორჩა და გათავდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუ გავითვალისწინებთ, რომ მაჟორიტარულ ოლქთა უმრავლესობას „ქოცები“ იგებენ, შეიძლება დავასკვნათ, რომ მომავალ პარლამენტში მათ, შესაძლოა არათუ აბსოლუტურ, არამედ კონსტიტუციურ უმრავლესობას „მიუკაკუნონ“. მით უმეტეს ინაშვილთან და თარხან-მოურავთან კავშირში. ანუ, არ არის გამორიცხული ისე ფიგურა და ნაცების ერთადერთი გამარჯვება იგივე სანდრა გახდეს - ზუგდიდის სოფლებში.
მაგრამ ეს მიშასთვის იქნება სერიოზული წარმატება და არა პარტია „ნაციონალური მოძრაობისთვის“.
ხოლო მთლიანობაში, იმან, რაც მოხდა, ნამდვილად დაადასტურა: მართალი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც ამბობდა, რომ სერიოზული წარმატებისთვის აუცილებელია, ეს პარტია გაემიჯნოს სააკაშვილს და ამით ამომრჩეველს შესთავაზოს „კარგი-ცუდის გარეშე“.
ესე იგი, შესთავაზოს ის ნამდვილად დადებითი, რაც რეფორმების შედეგად „დაიდო“ ამ ქვეყანაში (საპატრულო პოლიცია, კორუფციის აღმოფხვრა, ინფრასტრუქტურა, მედიცინა, საერთო-ეროვნული გამოცდები, იუსტიციის სახლები), ოღონდ ომის, უბედურების, დაძაბულობის გარეშე.
ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობდა მოდერნიზაციის იდეას, მაგრამ არ აწყობდა თვით მიშას, რომელიც არ ეშვება და არც ოდესმე მოეშვება (მისი მენტალობიდან გამომდინარე) „იმავე მდინარეში“ მეორედ, მესამედ და მეათედ შესვლის მცდელობას. შესაბამისად, ეს პარტიაც „მარად მეორედ“ დარჩება მანამ, სანამ არ აღიარებს, რომ მიშა, როგორც პოლიტიკოსი, უკვე წარსულია.
იგი მეტისმეტად სასტიკად დამარცხდა 2008 წელს და ვეღარასოდეს მობრუნდება.
ნიკა იმნაიშვილი