ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს დავით ჯაფარიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ 5000 ლარიან გირაოზე დაცვის მხარეს უარი უთხრა.
ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლთან დააკავეს. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
რურუას შტაბში ამტკიცებენ, რომ მას ნაგანის ტიპის პისტოლეტი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციოში გაასაჩივრებს.
„ყველაზე კომიკური იყო ბრალდების დასაბუთებაში ის გარემოება, რომ პროკურორი მიუთითებდა, რომ თითქოს სხვა დანაშაულის ჩასადენად მიდიოდა, ამის ეჭვი არსებობსო. მაშინ, როდესაც ის დააკავეს საკუთარი სახლის შესასვლელთან და ხელში ეჭირა არაჟნის ბოთლი,“ - განაცხადა დავით ჯაფარიძის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
განცხადება გააკეთა თავად ნიკა რურუამაც.
„ღირსება აყრილი, ნამუსახდილი სასამართლო ვიხილეთ ახლა, როგორც სპექტაკლი, სადაც ადამიანს, ვისაც იარაღი ჩაუდეს, იმიტომ რომ ხელი შეეშალოს ჩემი საარჩევნო შტაბის მუშაობას და არჩევნებში რაიმე უპირატესობა მოიპოვოს ოლიგარქიულმა მმართველობამ, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჩასვეს. ეს იყო საბოლოო ნიღბის ჩამოხსნა,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.