ENG / RUS       12+

კოალიციური მთავრობის შესაძლო კომბინაციები

არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, ყველაზე გვიან, 28 ოქტომბერს უნდა  გაიმართოს. ამ ვალდებულებას კონსტიტუცია ითვალისწინებს, სადაც ნათქვამია, რომ    „საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში“.  ცხადია, მანამდეც შეიძლება სხდომის გამართვა, მაგრამ 28 ოქტომბერი არის ბოლო ვადა. თუმცა, ამისთვის ის წინაპირობაც არსებობს, რომ „პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება“. ანუ, მინიმუმ, 100 დეპუტატი უნდა იქნას პირველ ტურში არჩეული, პარლამენტმა მუშაობა რომ დაიწყოს.     

პროპორციული არჩევნებით 77 პარლამენტარი აირჩევა. შესაბამისად, პარლამენტის სხდომის მოსაწვევად საჭიროა, მინიმუმ, 23 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული უკვე გამოვლენილი იყოს.

დიდი კონკურენციისა და მაღალი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით, ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მასობრივად გახდება საჭირო მეორე ტურის დანიშვნა. შესაბამისად, 73 ოლქიდან რამდენში გამოვლინდება გამარჯვებული პირველივე ტურში, ძნელი სათქმელია.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური კი, კანონმდებლობით, იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. ანუ, მეორე ტური, მაქსიმუმ, 2 ნოემბერს უნდა გაიმართოს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურის შედეგები საბოლოოდ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება შეჯამებული,  გასაჩივრებების და სხვა პროცედურების გათვალისწინებთ. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების ვალდებულება მეორე ტურის ჩატარებიდან მაქსიმუმ მე-19 დღე აქვს.

 

პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის საკითხი

პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარების თარიღს მნიშვნელობა იმის გამო აქვს, რომ მასზეა დამოკიდებული  როდის შეიქმნება ახალი მთავრობა. ახალი მთავრობის  შესაქმნელად კი შესაძლოა, სხვადასხვა კომბინაციების გათამაშება გახდეს საჭირო. 

კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება და საქართველოს პრეზიდენტი მასვე აკისრებს მოვალეობის შესრულებას, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე. ახალი შემადგენლობის შესაქმნელად კი, მაქსიმუმ, 21-დღიანი ვადაა  განსაზღვრული.

ამ შემთხვევაში არსებითია ის, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს არჩევს არჩევნებში პირველი შედეგის მქონე პარტია, რომელიც  არჩევნების პროპორციული  ნაწილიდან ითვლება. ანუ, მთავარია, პარტიას სხვებზე მეტი შედეგი ჰქონდეს და თუნდაც 6%-იანი  შედეგით  პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება ეძლევა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში  მაჟორიტარების რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა, მაჟორიტარები და საერთოდ პარლამენტში მოპოვებული მანდატების  რაოდენობა უკვე შემდეგ მთავრობის დასაკომპლექტებლად არის საჭირო. ეს კი არსებითი საკითხია, რადგან სწორედ რაოდენობა წყვეტს, ვინც შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას და ვინ შეიძლება შექმნას კოალიციური მთავრობა. 

ეს ცხადი არჩევნების ჩატარების შემდეგ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში გარკვეულ კომბინაციებზე საუბარი შესაძლებელია.  წარმოდგენის შესაქმნელად კი რამდენიმე კომბინაციის განხილვა დაგვჭირდება.

მაჟორიტარების პირველი და მეორე ტურის საკითხი  

 პარლამენტი იკრიბება და მუშაობას იწყებს იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტის 2/3-ის  უფლებამოსილება იქნება ცნობილი. ანუ, არჩვენების პროპორციული ნაწილი ჩატარებულად უნდა ჩაითვალოს, ბარიერგადალახულ პარტიებზე განაწილდეს 77 მანდატი და მინიმუმ  23-მა მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვება პირველივე ტურში შეძლოს, რათა 100 დეპუტატის უფლებამოსილება იქნას ცნობილი.

სხვადასხვა ვარიანტებს მთავრობის შესაქმნელად სწორედ ასეთ შემთხვევაში განვიხილავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი შეკრებას ვერ მოახერხებს და მთავრობის დაკომპლექტების საკითხიც გადაიწევს.  

ზოგადად მეორე ტური, წესით,  ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს იმის გამო, რომ მეორე ტურში უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს და ამომრჩეველი არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ აკეთებს. ამის მიზეზი კი, როგორც საზოგადოებრივი აზრის მკვლევარები მიუთითებენ, არის ის, რომ, თუკი მოქმედი ხელისუფლება ვერ ახერხებს პირველ ტურში გამარჯვებას,  მოსახლეობა საბოლოოდ კარგავს მის მიმართ ნდობას და უკვე არჩევანს ოპოზიციის სასარგებლოდ აკეთებს. მეორე არგუმენტი კი ის არის, რომ მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობს (თუკი რამდენიმეს ხმები სრულიად იდენტური არ არის) და შესაბამისად, ოპოზიციურად  განწყობილი ამომრჩევლის ხმებიც აღარ იკარგება.

ამიტომაც, ხელისუფლება შეეცდება, რომ მთავრობა მეორე ტურის გამართვამდე დააკომპლექტოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პირველივე მცდელობაზე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ მისთვის მეტ-ნაკლებად სასურველი მთავრობის დაკომპლექტებასაც ვეღარ შეძლებს და უფრო მეტის დათმობა მოუწვეს სხვა პარტიებისთვის, უფრო იზრდება. 

იგივე ლოგიკა მოქმედებს იმ შემთხვევაზეც, საერთოდ რომ ვერ მოახერხოს მთავრობის დაკომპლექტება და პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვა მოუხდეს.  ასეთ შემთხვევაში კი იმის ალბათობა, რომ  ვადამდელ არჩევნებში ხელისუფლების შანსი  კიდევ უფრო რადიკალურად შემცირდება, დიდია. ამიტომ ხელისუფლებას არც ეს ვარიანტი აწყობს მაშინ, როდესაც გამორიცხული არ არის, რომ ძლიერმა ოპოზიციამ სწორედ ამაზე ითამაშოს და, თუკი პირველი  ტურის შემდეგ არ ექნება პრემიერობის კანდიდატის დასახელების უფლება, საერთოდ ვადამდელ არჩევნებზე იფიქროს. თუმცა, რისკები, ცხადია,  ოპოზიციისთვისაც არსებობს. თუნდაც ის, რომ ვადამდელ არჩევნებში სხვა ოპოზიციური ძალებიც ჩაერთვებიან და არ არსებობს გარანტი, რომ მაინცდამაინც ის ოპოზიციური ძალა გაიმარჯვებს, რომელიც პირველ ტურში მეორე ადგილზე იყო.  მაგრამ გაცილებით ნაკლებია ეს რისკი, ვიდრე ხელისუფლებისთვის.   

საბოლოოდ მაინც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ პირველი ტური რა შედეგით დასრულდება, როგორ გადანაწილდება ხმები და სათამაშოდ ვის რა ბერკეტი ექნება.

 

კოალიციური მთავრობის შესაძლო კომბინაციები         

ვიდრე  შესაძლო კომბინაციებს განვიხილავთ,  უნდა ვთქვათ, რომ მთავრობის დასაკომპლექტებლად 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ პირველივე ტურში სრული გამარჯვება უნდა მოიპოვოს, რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით  გამორიცხულია ვინაიდან,   ბარიერის მხოლოდ გადალახვა იმას ნიშნავს, რომ გადამლახავი პარლამენტში 6 მანდატს იღებს. 10%-იანი გამარჯვება კი, უხეში გათვლით – 8 მანდატს. ზუსტი გადანაწილება საბოლოო შედეგებზეა დამოკიდებული. ანუ, მმართველ  პარტიას  პროპორციულ ნაწილში 50%-იანი გამარჯვება და კიდევ მაჟორიტარების მოგებაც სჭირდება, ეს რომ შეძლოს. 

ამ ეტაპზე, კვლევების თანახმად, ამომრჩეველთა სიმპათიები „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იხრება. შესაბამისად, კოალიციური მთავრობის ფორმირება, თუ ამის საჭიროება გაჩნდა, მათი მეშვეობით უნდა მოხდეს. ამის ვარიანტი კი სამია: 1. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის კოალიციურ მთავრობას; 2. „ქართული ოცნება“ ქმნის კოალიციურ მთავრობას სხვებთან და 3. „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის კოალიციურ მთავრობას სხვებთან.

თუკი წინასწარი განცხადებებითა და ქმედებებით ვიმსჯელებთ, პირველი ვარიანტი თეორიულად გამორიცხულია და არა მხოლოდ პარტიული შეუთავსებლობის, არამედ   პირველ რიგში  მოსალოდნელი შედეგების გათვლებით.

თუკი „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები იწყებენ“  ერთმანეთში მოლაპარაკებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაახლოებით თანაბარი  შედეგები  აქვთ და კიდევ სხვა მოთამაშეები აღარ არიან  დარჩენილი. პერსპექტივაში კი „ნაციონალურ მოძრაობას“ მეორე ტური აწყობს და ამიტომ  პირველ ტურზე არ დათმობს არაფერს. არაფრის დამთმობი  არ არის „ქართული ოცნებაც“ იმ ლოგიკით, რომ ის არის მმართველი ძალა და რაც მთავარია, პირველი შედეგის მქონე. თუკი „ქართულ ოცნებას“ პირველი შედეგი არა აქვს და ეს უპირატესობა „ნაციონალებს“ ექნებათ,  მაშინ, ცხადია, კიდევ სხვა რეალობა იქმნება და „ქართული ოცნება“  იძულებულია დათანხმდეს ნაციონალების პირობებს. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ასეთ შემთხვევაში  „ქართულმა ოცნებამ“  უკვე მეორე ტურის იმედზე არ დათმოს და პროცესები გაიწელოს.

მეორე ვარიანტია ის, რომ ამ ორი ძალის გარდა  კიდევ რამდენიმე პარტია ახერხებს ბარიერის გადალახვას  და ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა ისევ იმას ექნება, ვინ გადის პირველ ადგილზე და  ხმები როგორ ნაწილდება.

განვიხილოთ ვარიანტი, როდესაც პირველ ადგილზე მმართველი ძალაა და ის იწყებს მოლაპარაკებას.  წინასწარი კვლევების მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ და ჩავთვალოთ, რომ  „ქართული ოცნება“  ხმების 35%-ს იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პროპორციული სიით 27 კაცის გაყვანას შეძლებს, თუკი გასანაწილებელ ხმებსაც დავუმატებთ, ყველაზე მაქსიმუმი 30 კაცი რომ ვიანგარიშოთ და კიდევ მაქსიმუმ 10 მაჟორიტარი, რომელიც პირველივე ტურში  შეძლებს გამარჯვებას,  36 ხმა მაინც დასჭირდება  იმისთვის, რომ მთავრობა დააკომპლექტოს.

ამ გათვლებით მმართველ გუნდს დაახლოებით 60/40-ზე უწევს პირობების დაყენება  პრემიერ-მინისტრის  კანდიდატურის ჩათვლით.  ასეთ  შემთხვევაში კი პირველი ის არის, თუ რა დათმობაზეა წამსვლელი  „ოცნება“ და  უფრო არსებითი კი ის, ვინ ლახავენ ბარიერს, ანუ ვისთან მოუწევს ვაჭრობა.

ყველაზე კარგ ვარიანტში ბარიერს, წინასწარი კვლევებით, ბურჭულაძის  ბლოკი,  თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტები  და ინაშვილის პარტია ლახავენ. უარეს შემთხვევაში კი  ბარიერის გადალახვის  შანსი  ლეიბორისტებს და თავისუფალ დემოკრატებს აქვთ.  მათ შორის ხმები კი ძირითადად თანაბრად ნაწილდება.  დაახლოებით 25-10%-იანი შედეგი რომ ვივარაუდოთ „ნაციონალებისთვის“, რაც დაახლოებით 25 ხმაა, 20-22 ხმა რჩება დანარჩენ პარტიებზე გადასანაწილებელი,

იმ სცენარით, სადაც  ბარიერს  „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური“ მოძრაობის გარდა   4 პარტია ლახავს, თითოზე საშუალოდ  6-7 ხმა გამოდის, ცხადია, პირველ-მეორე ადგილზე გასული პარტიებისთვის  აღებული მანდატების დაკორექტირების ხარჯზე.   რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ შორის განსხვავება არ იქნება და მაინცდამაინც ასე გადანაწილდება ხმები, მაგრამ ჩვენ ბოლოს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე ვვარაუდობთ, სადაც მათ თანაბარი მაჩვენებლები აქვთ და ამასთან, ბარიერს ან ლახავენ და ან ვერა.   

ასეთ შემთხვევაში კი გამოდის, რომ მმართველმა ძალამ ოთხივე  მათგანთან უნდა გააკეთოს კოალიცია, რაც მოსალაპარაკებლადაც ძნელი იქნება და  ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ლეიბორისტები „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ თანხმდებიან. 

იგივე პრობლემა დადგება, თუკი პირველ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ გავა და მას მოუწევს კოალიციის შექმნა ამ ოთხ პარტიასთან. ამ კოალიციაზე უკვე  ინაშვილი არ იქნება  თანახმა. 

უარეს შემთხვევაში კი, თუ ჩავთვლით, რომ ბარიერის გადალახვას ეს ოთხი პარტია ვერ მოახერხებს და ამის შანსი, როგორც ბოლო კვლევა  აჩვენებს, „ლეიბორისტებს“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ, მაშინ უფრო გართულდება საქმე. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ორ პარტიას მხოლოდ ბარიერის გადალახვა არ ეყოფა, რომ  მესამე-მეოთხემ პირველთან მეორეს გარეშე შექმნას კოალიცია.  ასეთ შემთხვევაში, ცხადია, პირველო-ორის მაჩვენებელი აიწევს, მაგრამ არა იმდენით,  რომ 12-15 ხმა, რასაც ორი მხოლოდ  ბარიერგადალახული პარტია აიღებს, მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისი იყოს. 

გასათავლისწინებელია ისიც, რომ პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, რაღაც ხმებს აიღებენ და შესაძლოა, ამ ხმებმა 10%-საც კი მიაღწიოს, მათი შესაძლო რეიტინგებიდან გამომდინარე. 10% დაახლოებით 7 ადგილია. ეს ადგილები კი ჯერ იმ პარტიებზე ნაწილდება, ვინც ბარიერი გადალახა და ფრაქციის შესაქმნელად, ანუ 6 კაცისთვის ხმები აკლდება. დანარჩენი კი პირველ ადგილზე  გასულს მიაქვს.  თუმცა, ეს მაინც არ  იქნება საკმარისი, რომ პირველი-მესამე-მეოთხეს  კომბინაციამ მთავრობის დაკომპლექტება შეძლოს,  რაც შედარებით ადვილია იმ შემთხვევაში, თუკი პირველ-მეორეს გარდა ბარიერს კიდევ 4 პარტია გადალახავს. რაზეც ზემით  უკვე ვისაუბრეთ.

პირველი-მესამე-მეოთხეს კომბინაცია იმ ვითარებაში, როდესაც მესამე-მეოთხე ადგილზე ალასანიას და ნათელაშვილის პარტიები გადიან,  გაცილებით წამგებიან სიტუაციაში მმართველი გუნდია, რადგან  ნათელაშვილი მათთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ბურჭულაძე-ონაშვილს კი, ამ კომბინაციით ან ერთ-ერთის მონაწილეობით,  რაც მმართველ გუნდს უფრო მეტად აწყობდა,  ბოლო კვლევებით, გაცილებით ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი  ყველაზე რეალისტურად  და ლოგიკურად  პროცესის მეორე ტურამდე გაწელვა ჩანს, რაც  ყველაზე ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება. თუმცა, ეს ვარიანტი ყველაზე წამგებიანი ხელისუფლებისთვისაა და ამიტომაც ყველაფერს შეეცდება, რომ  საქმე აქამდე არ მიიყვანოს.                       

 რუსა მაჩაიძე

ავტორი: . .