საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განმწესებულმა მოსამართლეებმა ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი დადეს.
მათ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის თანდასწრებით გამართულ ფიცის დადების ღონისძიებაზე პირობა დადეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას.
ფიცის დადების შემდეგ მათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.
"გერქვას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე არის ძალიან პრესტიჟული, თუმცა, ამავდროულად, არის დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი. ფიცი, რომელიც დადეთ თამასას წევს მაღლა, არ დაემორჩილოს არავის და არაფერს გარდა კონსტიტუციისა. მოსამართლეობა იყო ყველაზე მძიმე ტვირთი, ყველა დროში და ადამიანები, რომლლებიც ემსახურებიან სიმართლეს, მათი ბედი ყოველთვის მძიმეა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ძალიან რთულია იყო მოსამართლე და მან, როგორც პოლიტიკოსმა და როგორც მოქალაქემ თანადგომა გამოუცხადა ახალ მოსამართლეებს ამ რთული გზის გავლის დროს.
"ყოველთვის იქნება პოლიტიკოსები, რომლებსაც აქვს თავისი სიმართლე და პოლიტიკური დღის წესრიგი, შეიძლება იყოს ძლიერნი ამა ქვეყნისა ან საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც თავისი ხედვა აქვს, ამიტომ ამ გამოწვევების გამკლავება ურთულესია. გაუძლო ძალადობას, შანტაჟს, მოსყიდვას და საზოგადოებრივი აზრის შენს წინააღმდეგ მომართვას, ძალიან რთულია და ცოტაა ერში ასეთი ადამიანი, ვისაც ამ ტვირთვის მართვა შეუძლია" - განაცხადა მარგველაშვილმა.