ENG / RUS       12+

როგორი იქნება 9 ოქტომბერი?

მოსალოდნელი დესტაბილიზაციის განცდა, რომელსაც ადრე ცოტა ვინმე თუ გრძნობდა, დღეს შეიძლება ითქვას ლამის მთელს საზოგადოებას მოედო. ხალხი შეიძლება მოსალოდნელ არეულობებსა და მათ  მძიმე შედეგებზე უფრო მეტად ფიქრობდეს, ვიდრე  იმაზე თუ ვის მისცეს ხმა 8 ოქტომბერს.   არადა, სწორედ ეს არის ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიის ნაწილი - საზოგადოების  და ხელისუფლების დოზირებულად დაზაფრვა და დეზორიენტაცია და გადამწყვეტი აქტის წინ საჭირო კონდიციამდე მიყვანა.  დეზორიენტირებული და დაზაფრული საზოგადოებით მანიპულირება შემდეგ კი მისი აზრების და ქმედებების სასურველ კალაპოტში მიმართვა გაცილებით ადვილია. დესტაბილიზაციის მოლოდინით დეზორიენტირებული და დაზაფრული ხელისუფლება არაადექვატური ხდება. ის ადვილად უშვებს შეცდომებს და მარტივად წამოეგება მარტივ პროვოკაციაზეც კი.

სხვათა შორის, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ როდესაც მის ერთ ერთ გამორჩეულად აქტიურ  მონაწილეს რევოლუციის შიდა სამზარეულოზე ჰკითხეს, მან ირონიულად მიუგო, რომ რევოლუციის სამზადისის 80% ფარულად ხორციელდებოდაო.  რა თქმა უნდა ფართო საზოგადოებამ მაშინ ამაზე არაფერი არ იცოდა და მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო კულუარებიდან ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოჟონილი ინფორმაციით. 

სწორად განხორციელებულმა ფარულმა სამუშაომ განაპირობა დიდწილად რევოლუციის წარმატებაც. როდესაც 2003 წელს სააკაშვილმა სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან თბილისში ავტობუსებით ჩამოიყვანა ხალხი, მათთან კარგა ხანი მუშაობა მიდიოდა. როგორ და რა მეთოდებით, ცალკე თემაა. მაგრამ რევოლუციის მოსახდენად საჭირო კრიტიკული  მასა მომზადდა. ყველა ახსოვს როგორ დემონსტრატიულად გადავიდა პარლამენტთან მომიტინგე „რევოლუციონერების“ მხარეს  შს სამინისტროს ელიტარული სპეცრაზმი, რაც ასევე ფარული მუშაობის შედეგად მოხდა. ამ სპეცრაზმის მეთაურმა კი „რევოლუციონიერებისგან“ ჯილდოდ თავბრუდამხვევი კარიერული აღმასვლა მიიღო და უბრალო ოფიცერი გენშტაბის უფროსი გახდა. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როგორ მოახერხეს „რევოლუციონერებმა“ ხელისუფლების სტრუქტურებში მომხრეების გაჩენა ან გადმობირება. სწორედ ხელისუფლებისთვის საყრდენების გამოცლა და მისი სრული დემორალიზაცია არის „ფერადი რევოლუციის“ ფარული ნაწილის მთავარი მდგენელი. შედეგად ხელისუფლება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებიდან იღებს დარტყმებს. ერთის მხრივ ქუჩის აქციები, მეორეს მხრივ საინფორმაციო შემოტევები რევოლუციაზე მომუშავე მედიისგან და საზოგადოებრივი სექტორისგან, მესამე მხრივ საკვანძო სახელმწიფო სტრუქტურების ლოიალობის დაკარგვა, მათი სრულიად გამიზნული პასიურობა კრიტიკულ მომენტში და ბოლოს საერთაშორისო მხარდაჭერის გამოცლა. სწორედ ამ დროს იწყებს ხელისუფლება ფატალური შეცდომების დაშვებას.  ხშირად სიტუაციიდან გამოსავალს ის ძალის გამოყენებაში ხედავს და იწყებს შემორჩენილი ერთგული ძალოვანი სტრუქტურების დაგეშვას მომიტინგეებზე, მაგალითად როგორც ეს გააკეთა იანუკოვიჩის მთავრობამ უკრაინაში რევოლუცია „ევრომაიდანის“ დროს.

ამ დროს „ფერადოვანი რევოლუციის“  „საფირმო“ სვლაა საკუთარი თავის წარმოჩენა უმანკო მსხვერპლად, ხოლო ხელისუფლებისა ბოროტ მოძალადედ, რა თქმა უნდა ამ  ყველაფრის მედიაში, საელჩოებსა და მისიებში ფართოდ გავრცელებით.  „ფერადი რევოლუციის“ სწორედ მსგავს სცენარს გეგმავდნენ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ როდესაც ვნებათაღელვები აგორდა „რუსთავი-2“ მფლობელობის საკითხზე, რაც გაირკვა სააკაშვილსა, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას  სატელეფონო საუბრებიდან.  ტელეკომპანიის შენობასთან უნდა აღმართულიყო ბარიკადები, კარვები, დაწყებულიყო რამდენიმეკვირიანი მიტინგი, მოეყვანათ „ნაციონალების“ ერთგული ყოფილი სპეცრაზმელები,  მოეწყოთ „ჯახი“ რომელიც უნდა დასრულებულიყო სროლით და  მსხვერპლით. ვის მიერ განხორციელდა მაშინ საუბრების მოსმენა და ჩაწერა და რამდენად კანონიერად, დღემდე დაუდგენელია.  ასეა თუ ისე,  სატელეფონო საუბრების გამომზეურებამ რევოლუციის ეს  გეგმა გაშიფრა და მისმა ავტორებმა დროებით უკან დაიხიეს, თუმცა როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა „რევოლუციურ სცენარზე“ ხელი არ აუღიათ. „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ახლახანს გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებიდან ჩანს, რომ არჩევნებზე დამარცხებას შეგუებული „ნაციონალები“ ძალადობრივი გზით აპირებენ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას. ვინ ჩაიწერა და გამოაქვეყნა  სატელეფონო საუბარი, კვლავ უცნობია. თუმცა, ხელწერაა ნაცნობი - სახიფათო მოვლენების წინ ამ მოვლენების ინსპირატორების გეგმების გამომზეურება და ამით ხიფათის პრევენცია.  „რუსთავი-2“ შემთხვევაში „ნაცმოძრაობამ“ რევოლუციურ სცენარზე იმიტომ თქვა უარი, რომ გაჩნდა სასამართლოს უფრო მაღალ ინსტანციებში დავის მათ სასარგებლოდ დასრულების შანსი და მეორეც- ფართო საზოგადოებრივი პროტესტის აგორება ვერ მოხერხდა. საზოგადოების და პარტიების ნაწილი შეშფოთებას კი გამოხატავდა, მაგრამ არ  აპირებდა „ნაციონალების“ პარტიული ტელევიზიის გულისათვის ბარიკადებზე ასვლას და  რევოლუციაში თავით გადაშვებას.

სულ სხვაა არჩევნები, სადაც სულ სხვა ინტერესებია და პარტიების გარდა ბევრი სხვა  დაინტერსებული მხარეც. არიან პარტიები რომლებმაც იციან რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ, მაგრამ მღვრიე წყალში თევზის დაჭერაზე უარს არ იტყვიან, თუკი გარიგდებიან რევოლუციის ავანგარდ პოლიტიკურ ძალასთან და მხარდაჭერის სანაცვლოდ რამეს გამორჩებიან - თუნდაც ერთი დეპუტატის მანდატს. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ბევრმა სამოქალაქო აქტივისტმა გადაინაცვლა სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის  მაღალ თანამდებობებზე. რა თქმა უნდა, „ნაციონალებისგან“ მათ ეს საჩუქარი  მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღეს.

რეალურად ხელისუფლებამ იცის, რომ ძალოვან და სამართალდამცავ სტრუქტურებში, ისევე როგორც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში „ნაცმოძრაობის“ საკმარისზე მეტი მომხრეა დარჩენილი იმისათვის, რომ საჭირო დროს ამ უწყებების ან პარალიზება მოახდინონ ან რევოლუციონერებს რაიმე დახმარება აღმოუჩინონ, როდესაც საამისო დაავალებას მიიღებენ.

უფრო მეტიც, თუ „ნაციონალების“ ძალადობრივი აქციების დაშლისათვის ლეგიტიმური ძალის გამოყენება გახდა საჭირო, „ფერადი რევოლუციის“ არსენალში   რეაგირების უამრავი ასორტიმენტი არსებობს. მაგალითად, წინასწარ დამუშავებული პოლიციის რომელიმე რაზმი დემონსტრატიულად გადადის მომიტინგეთა მხარეს.  ასევე „რევოლუციონერებთან“ შეკრული პოლიციელები შეგნებულად იყენებენ გადამეტებულ ძალას და შემდეგ ხდება ამ მძიმე კადრების ფართო ტირაჟირება. სხვათა შორის, არც არჩევნების შეგნებულად გაყალბების მცდელობაა გამორიცხული. გარკვეული ხარვეზები ამ არჩევნებზე რა თქმა უნდა იქნება, თუმცა, გააჩნია რა მასშტაბისა, ვინ და როგორ გამოიყენებს მათ  და ხომ არ მოხდება ხარვეზების  გაბუქება ისე როგორც 2003 წელს.   

ომახიანი განცხადებების მიუხედავად რომ დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა განწირულია, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მოსალოდნელ რევოლუციასთან დაკავშირებით გარკვეული დაძაბულობა და შიში მაინც არსებობს.   ალბათ ამას უნდა მივაწეროთ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩენილ იარაღის სამალავებზე ინფორმაციის გახმაურება არჩევნებამდე 10 დღით ადრე, რაც აშკარად მოსახლეობის მობილიზაციასა და „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთხელ დემონიზებას ემსახურებოდა.

„ნაცმოძრაობას,“ მიუხედავად იმისა რომ ხელისუფებამ კბილების დიდი ნაწილი დააძრო,  დარჩენილი კბილებითაც შეუძლიათ საკმაოდ მწარედ კბენა. დიდი ალბათობით რევოლუციისათვის სამზადისი უკვე დაწყებულია. როგორც ზემოთ ითქვა, ძირითადი სამუშაო როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, ფარულად მიმდინარეობს, იმისათვის რომ ხელისუფლებამ ვერ მოასწროს კონტრზომების მიღება და შემდეგ მას რამდენიმე მხრიდან ერთდროულად დაარტყან. „ნაციონალების“ მიერ დაანონსებული 5 ოქტომბრის  აქცია რევოლუციური სამზადისის ხილული ნაწილია მხოლოდ, რომელსაც ძალის დემონსტრირების, ხელისუფლების დაბნევის და მერყევი მოქალაქეების მიმხრობის ფუნქცია აქვს. რამდენად გაუძლებს „ქართული ოცნება“ დარტყმებს, როდესაც ძალიან მოკლე დროში მოახერხა და მის წინააღმდეგ აიმხედრა ძალიან ბევრი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი, რომლებსაც სხვათა შორის რევოლუციებში მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. ისინი დღეს აცხადებენ რომ დესტაბილიზაცია და რევოლუცია მხოლოდ ხელისუფლების უნაითობის შედეგი იქნება და მართალნიც არიან. „ფერადოვან რევოლუციებს“ მხოლოდ სუსტი და დისკრედიტირებული ხელისუფლების პირობებში აქვთ წარმატება.  ძლიერი ხელისუფლების მქონე  ყველა ქვეყანაში „ფერადოვანი რევოლუციის“ მცდელობებმა მარცხი განიცადეს.

ზაალ ანჯაფარიძე

ავტორი: . .