საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრობლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ეჭვმიტანილად დააკავეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილი.
გამოძიებით დადგენილია, რომ მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილმა მის განხილვაში არსებულ საქმეზე დახმარების სანაცვლოდ, 2010 წლის 28 მაისს ქრთამის სახით აიღო 5000 ლარი.
ასევე ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლევან ბოჭორიშვილი. მან თავისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ საქმეზე სასურველი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო 1000 ლარი; ასევე მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ მეორე საქმეზე სასურველი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დახმარების სანაცვლოდ, ლევან ბოჭორიშვილმა ქრთამის სახით აიღო 1500 ლარი.
ასევე დაკავებულია ადვოკატი ნანა თხელიძე. ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდებულების დამცველს ნანა თხელიძე შეპირდა ნაცნობი პროკურორების მეშვეობით ხსენებულ პირებთან სასურველი პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში დახმარებას, რაშიც მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა 6500 ლარის ოდენობით, კერძოდ: გ.შუბითიძის საქმეზე - 2010 წლის 24 მარტს 4000 ლარი, ბ.წერეთლის საქმეზე - 2010 წლის 10 აპრილს 1500 ლარი და დ.მუსერიძის საქმეზე - 2010 წლის 17 მაისს 1000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე დიმიტრი მჭედლიშვილი და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი ლევან ბოჭორიშვილი დაკავებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დ. მჭედლიშვილს და ლ. ბოჭორიშვილს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ადვოკატი ნანა თხელიძე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ზეგავლენით ვაჭრობა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.