საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე საქართველოში 15 ოქტომბერს ჩამოდის, რის შემდეგაც საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდება, - ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლოში წაიკითხა.
განცხადებაში ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ბრალის წაყენება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.
"ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერმე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარესმ მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინარე, მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე... 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ გია ლორთქიფანიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება.