საარჩევნო კამპანია დიდი ხანია გასცდა ეკვატორს და ფინიშს უახლოვდება. ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფრონტი აჭარაზე გადის. ეს შესანიშნავად იციან მთავარმა მოწინააღმდეგეებმა და, სწორედ ამიტომ, რესურსების დიდ ნაწილს ავტონომიაში სხვადასხვა უსაგნო და უშინაარსო აქციათა გამართვაზე ხარჯავენ.
აჭარის არჩევანი არანაკლებ ნიშანდობლივი იქნება, ვიდრე სანდრა რულოვსის შედეგი ზუგდიდის რაიონში. გარკვეული აზრით უფრო მეტადაც კი.
მაგრამ ერთი უცნაურობა ნამდვილად შეინიშნება: აჭარული რბოლის მონაწილეები არაფერს ამბობენ იმ სენსაციურ ინფორმაციაზე, რაც ამას წინათ მილიარდერმა ივანიშვილმა „გააჟღერა“: ერთ-ერთი შეხვედრისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიიფ ერდოღანმა მისგან, როგორც ირკვევა კაზინოების დახურვა მოითხოვა!
„“ არ უთქვამს - „მომთხოვაო“. თუმცა პოლიტიკაში, ამ დონეზე, „თხოვნა“ და „მოთხოვნა“ ერთი და იგივეა. ისევე, როგორც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პირისპირ საუბრისას გაიჟღერა ამ თხოვნა-მოთხოვნამ თუ საჯარო სივრცეში, ვთქვათ პრეს-კონფერენციაზე; და არც იმას, რამდენი დრო გავიდა ამ „თხოვნიდან“: რამდენიმე თვე თუ სამი წელი. მთავარია ტენდენცია და პრობლემის არსი. თურქეთის პრეზიდენტს კი ქართული კაზინოები სერიოზულ პრობლემად მიაჩნია, რაც სრულიად ბუნებრივია მისი სახელმწიფოებრივი, საერთონაციონალური „პროექტიდან“ გამომდინარე:
ერდოღანი „პოლიტიკური ისლამის“ ლიდერია არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელს რეგიონში. თავის მხრივ, ეს პროექტი გულისხმობს ისლამის საბაზო ეთიკური ნორმების დამკვიდრებასა და, შეძლებისდაგვარად, გავრცელებას (!) მოაზრებად სივრცეში, ანუ, მათ შორის, სამეზობლოშიც, რადგან სამეზობლოში არსებული ვითარება ზეგავლენას ახდენს მთელი „პროექტის“ წარმატებულობაზე ქვეყნის შიგნით.
აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ ისაა ბუნებრივი, რომ თურქეთში გამორიცხულია, ვთქვათ, საროსკიპოების ლეგალურად ფუნქციონირება (არალეგალურად იცოცხლე, რამდენიც გნებავთ) არამედ აზარტული თამაშების, ესე იგი ანუ კაზინოებისა, რასაც აგრეთვე კრძალავს იგივე ისლამური ეთიკა.
ქრისტიანული ეთიკაც კრძალავს, რასაკვირველია, და რა, მერე? განა აიკრძალა ბორდელები ბერლინში ან კაზინოები ლონდონში? - დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში კაზინო ყოველ ნაბიჯზეა. მაგრამ საქმე ისაა, რომ „პოლიტიკური ქრისტიანობა“, რომელიც გერმანელ „ქრისტიან-დემოკრატების“ და მათი სხვა ევროპელი კოლეგების პოლიტიკურ პოზიციებში მჟღავნდება, ასეთ „ჩაღრმავებას“ მაინც ვერ იგულისხმებს. მაშასადამე, აქ „პოლიტიკური ისლამის“ ის თვისება მჟღავნდება, რომ იგი ბევრად უფრო „ინკლუზიურია“ სოციალური სისტემის ყველა ასპექტში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერდოღანი ნამდვილად არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც „ჰაერზე ისვრის“ სიტყვებს: რაკი ეს საკითხი საქართველოს იმდროინდელ (და ამჟამინდელ) ლიდერთან წამოჭრა, მაშასადამე მისი სპეცსამსახურები მას დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიან, რა ხდება აჭარაში, რამდენი თურქი ჩადის იქ სპეციალურად კაზინოში სათამაშოდ და კაზინოებთან განუყოფელ სხვა „დაწესებულებებში“ დროის სატარებლად . . . . . რაც მთავარია, რა რეზონანსი, რა რეაქცია ახლავს ამას კონსერვატიულ თურქულ საზოგადოებაში და რამდენად ლახავს ხელისუფლების ავტორიტეტს, ანუ აკნინებს მის ლეგიტიმურობას, რაკი „ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ უმსგავსობის შესაჩერებლად“.
ეს ნარატივი ძალიან სერიოზულია ერდოღანისთვის, მით უმეტეს წარუმატებელი სამხედრო პუტჩის შემდეგ: მან შესანიშნავად იცის, რომ კონსერვატიული ტრენდი თურქეთში ბუნებრივად გაძლიერდა, შესაბამისად, მოთხოვნები და მოლოდინები გაიზარდა, ამდენად იგი უკვე მუდამ იძულებულია, იმოქმედოს კიდევ უფრო რადიკალურად, კიდევ უფრო უკომპრომისოდ - „პოლიტიკური ისლამის“ ეთიკური ნორმების დასაცავად, რათა გაამართლოს საკუთარი გამარჯვება (პოლიტიკაში ასე ხშირად ხდება, როცა გამარჯვებული იძულებულია „უკანა რიცხვით“ გაამართლოს გამარჯვება) თურქული საზოგადოების თვალში და ისიც, რომ პუტჩის ჩახშობის შემდეგ ასიათასობით (!) ადამიანს შეახო სასჯელი ამა თუ იმ ფორმით.
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება სტერეოტიპი, რომ ისლამური ეთიკა მისთვის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგიაა და არა „დიადი პროექტის“ განხორციელების ინსტრუმენტი. ამგვარი სტერეოტიპის შექმნა კი, საბოლოოდ, ხელისუფლების დელეგიტიმაციას გამოიწვევს.
აქ იმდენად ღრმა სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომ ერდოღანი ამ თემას ისევე არ მოეშვება, როგორც, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ღვთისმეტყველ ფეთხულაჰ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნას და . . . . . თუკი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი (!) უბედავს მუქარას, კატეგორიული ტონით საუბარს, ინჯლირლიყის ამერიკული სამხედრო ბაზისთვის ალყის შემორტმასა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ხომ წარმოგიდგენიათ, არ შეუძლია და რას მოიმოქმედებს, თუ საქართველომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ანუ კაზინოები არ დახურა?
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ზემოთ ითქვა, ქართველი პოლიტიკოსები ამ თემაზე არ საუბრობენ და ბიძინა ივანიშვილს რომ არ ეთქვა (ჩვეული გულწრფელობით), ბევრს არც არავის ეცოდინებოდა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოთხოვნას აყენებს.
არ საუბრობენ, რაკი „არაკომფორტული და მოუხერხებელი“ თემაა: ერთნი თავს არიდებენ ამ საკითხზე მსჯელობას იმიტომ, რომ მაშინ მეზობელი თურქეთის საქართველოსთვის „პრობლემატურობაზე“ უნდა ისაუბრონ, რაც არ აწყობთ. მეორენი ამას არ მოერიდებოდნენ, თუმცა გამოვიდოდა, რომ კაზინოებს იცავენ. არადა, მათი არსებობა თავადაც მიუღებლად მიაჩნიათ.
მაგრამ არსებობს „საერთო მნიშვნელი“, რომელსაც საბოლოოდ ვერავინ გაექცევა: ეს არის ეკონომიკური შედეგი და სრული კატასტროფა, რაც ელის არა მხოლოდ აჭარას, არამედ მთელ საქართველოს ერდოღანის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში: უშუალოდ კაზინოებიდან საბიუჯეტო შემოსავალი მიზერულია, ანუ საშემოსავლო თვალსაზრისით არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რეალურად, კაზინოების დახურვა იმას ნიშნავს, რომ ათეულობით მსხვილი ინვესტორი, რომელმაც სასტუმრო სწორედ კაზინოს გასახსნელად ააშენა ბათუმსა თუ თბილისში, აუცილებლად გვიჩივლებს საერთაშორისო არბიტრაჟში და მოიგებს კიდეც მრავალმილიონიან სასამართლო პროცესს:
დღემდე როგორც წინა, ასევე ამჟამინდელი ხელისუფლება კაზინოს ლიცენზიის მიღების მსურველებს უყენებდა პირობას: ლიცენზიას მიიღებთ, თუ ააშენებთ მინიმუმ 100 ნომრიან სასტუმროს. სწორედ ამიტომ შენდებოდა და შენდება ბრენდ-სასტუმროები, რაკი მეზობელ თურქეთში, ირანში, რუსეთში და აზერბაიჯანში კაზინოები აკრძალულია; ანუ ბიზნესი უეჭველად შემოსავლიანი იქნება.
მაგრამ თუ კაზინოები აიკრძალება, ეს ბიზნესი ჩამოიშლება და მასთან ერთად დაინგრევა სათამაშო ტურიზმი, რაც უსასტიკესი დარტყმა იქნება მთელი ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელიც ბოლო 10 წელია საქართველოს ეკონომიკის ერთადერთ ლოკომოტივად იქცა.
მარტო თურქეთის მოქალაქეებისთვის აკრძალვა (ასეთ სისულელესაც მოისმენ ზოგჯერ) არ გამოვა, რადგან ეს ნამდვილი სეგრეგაცია იქნება ნაციონალური ნიშნით. ევროკავშირი ამას არ დაუშვებს: ბევრი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს კი უკრძალავს კაზინოებში თამაშს, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა დაყოფა პასპორტის, ანუ ნაციონალობის მიხედვით, ესე იგი რუსები ან ინგლისელები შეუშვა კაზინოში და თურქები არა - სრული სიგიჟეა. ამიტომ მოთხოვნა „თურქები არ შეუშვათო“, იგივეა, რაც „დახურეთ კაზინოები!“.
ერთი შეხედვით, თითქოს შეგვიძლია უბრალოდ არ შევასრულოთ ეს მოთხოვნა, არ მივაქციოთ ყურადღება ერდოღანის წუხილს და განვაგრძოთ business as usual - თურქეთი აჭარაში ჯარებს არ შეიყვანს რასაკვირველია. მაგრამ ამგვარი „იგნორიც“ შეუძლებელია თურქეთზე საქართველოს ყოველმხრივი დამოკიდებულების გათვალისწინებით: მეზობელ თურქეთს იმდენი ეკონომიკური, სავაჭრო, ლოგისტიკური, სატრანსპორტო ბერკეტი აქვს, რომ მათი სულ მცირე ნაწილის ამოქმედებაც კი კატასტროფული იქნება საქართველოსთვის. შედეგად, ჩვენც იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ ის ბერკეტები („ენერგოდერეფანი“) რაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს უკვე ძალიან სერიოზულ კონფრონტაციას გულისხმობს NATO-ს გავლენიან წევრთან. თანაც, თურქეთის შესაძლო სანქციები მხოლოდ ჩვენ დაგვარტყამს, ხოლო ჩვენი საპასუხო აქციები - ბევრ სხვასაც როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში.
ამგვარი ტრაგიკული არჩევანის წინაშე, ისტორიასა თუ თანამედროვეობაში ბევრი პატარა ქვეყანა აღმოჩენილა და მისი ერთადერთი ხსნა, ასეთ ვითარებაში, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ ელიტათა სიბრძნე, მათ შორის დიპლომატიის პროფესიონალიზმია.
ქართულ ელიტებს, პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებასა და დიპლომატიას რამდენად გააჩნია უნარი, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს, - უმძიმესი თემაა და საეჭვოა მას მომავალმა არჩევნებმა უპასუხოს, რადგან წინა ელიტებმა, მათი სწორხაზოვანი პოლიტიკით, საქართველო აქციეს ერთ მეზობელზე ყველა სფეროში ტოტალურად დამოკიდებულ ქვეყნად ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე; ხოლო ახალმა ელიტებმა, ესე იგი ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერანაირი ალტერნატივა ვერ შექმნა, დიპლომატიური კორპუსის ტრადიციული უნიათობა გააღრმავა (რაუნდს რაუნდზე აგებენ აქაც) და ბევრი მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
სისტემური გამოსავალი ამ და ამგვარი ტრაგიკული დილემებიდან მხოლოდ და მხოლოდ იმგვარი ელიტების, ისეთი ხელისუფლების მოსვლაა, რომელსაც შესწევს უნარი „დააბალანსოს“ მეზობელ სახელმწიფოთა ინტერესები, შექმნას გეოპოლიტიკური საპირწონეები და ალტერნატივები, - როგორი რთული, არასასიამოვნო, არაკომფორტული და სარისკოც (!) არ უნდა იყოს ამგვარი სისტემის ჩამოყალიბება.
დავით ავალიშვილი