ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა იწყება. ბრალდებისა და დაცვის მხარეები შუამდგომლობებით წარსდგებიან, თუმცა წინასწარ არ კონკრეტდება რა შუამდგომლობებით მიმართავენ ისინი მოსამართლეს.
პროცესის მიმდინარეობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია.
„ვიცით, რომ ეს სასამართლო არის პირდაპირ კონტროლში პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან, მურუსიძის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ამოვწურავთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ უდანაშაულო 5 ადამიანი, პატიმრობას ამას არ დავარქმევ, ტყვეობაში აყვანილი 5 უდანაშაულო ადამიანი გამოვიყვანოთ ციხიდან, დავუბრუნოთ საკუთარ ოჯახებს,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი, 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.