ე.წ. 26 მაისის საქმეზე, მთავარმა პროკურატურამ ოდესის პოლიციის უფროსი გია ლორთქიფანიძე დაკითხვაზე დაიბარა.
პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ შსს-ს მინისტრის ყოფილ მოადგილეს მიეცა გონივრული ვადა, გონივრული დრო, რათა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდეს.
მისი განმარტებით, ეს გონივრული ვადა 2 დღეა. წიკლაურის ინფორმაციით, დაკითხვაზე დაბარების უწყება მის ოჯახს ჩაბარდა.
მისივე თქმით, დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურა გია ლორთქიფანიძის მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ზომას მიმართავს.
მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, პროკურატურამ მოიპოვა აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას.