„ჰეროკრატიის“ მეორე სერიაში ერთი ასეთი ნიშანდობლივი ეპიზოდია: ზედამხედველები საკანში შედიან, ყველა პატიმარი „კოიკა-ნარი“-დან ჩამოდის და მხოლოდ მთავარ გმირს ძინავს ტკბილად, ბავშვური გამომეტყველებით სახეზე. ჯალათი (ბრჭყალების გარეშე) მას „ნარებიდან“ ჩამოაგდებს და სასტიკად სცემენ, - „როგორ გაბედე და მძინარე დაგვხვდიო“. სხვა პატიმრები ხელებაწეული დგანან და საბრალოს თანაგრძნობით უყურებენ. ჯალათი კი, საკნიდან გასვლისას, ყველას აფრთხილებს: „არ გაბედოთ ხელების ჩამოწევა თორემ . . . . . “.
ეს ეპიზოდი, თუ სისტემურად განვიხილავთ, არის სრული სიყალბე, ანუ რეჟისორის წინასწარგანზრახული და შეგნებული (!) ტყუილი. სინამდვილეში, იმ საკანში მოვლენები ასე განვითარდებოდა: ჯალათი შემოვიდოდა, მძინარეს ჩამოაგდებდა, მაგრამ თითსაც არ დააკარებდნენ: სხვა პატიმრებს უბრძანებდნენ, ხელებაწეულნი მდგარიყვნენ უსიტყვოდ ფეხზე 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ, როცა „კარმუშკიდან“ ზედამხედველი ეტყოდათ, „გეყოთ, ხელები ჩამოუშვითო“, ის პატიმრები საცოდავს მიცვივდებოდნენ და უსასტიკესად სცემდნენ.
ასე ხდებოდა სინამდვილეში და ეს გლდანის „მერვე დაწესებულების“ გარეწარი უფროსის ინოვაცია არ არის: ამ „ტექნოლოგიას“ საუკუნეთა განმავლობაში იყენებდნენ. ჯერ კიდევ დიდ ალექსანდრე სოლჟენიცინს აქვს აღწერილი: ციხის ან „ლაგერის“ ადმინისტრაცია, „ურჩის“ დასასჯელად პრობლემებს უქმნის საკნის სხვა ბინადართ იმ მიზნით, რათა გაავებულმა პატიმრებმა თავად სცემონ.
ოღონდ, აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ აქ არ იგულისხმებიან ე.წ. „ნასედკები“, ანუ ციხის ადმინისტრაციასთან შეგნებულად მოთანამშრომლე პატიმრები და ინფორმატორები. „ნასედკებზე“ ყველაფრის გადაბრალება ადვილია. სინამდვილეში, ასე იქცევიან ჩვეულებრივი პატიმრები, რომლებიც ასიდან - ოთხმოცდაჩვიდმეტ შემთხვევაში სწორედ ზემოთაღწერილი სქემით იმოქმედებდნენ: „შენი გულისთვის ჩვენ რატომ უნდა ვიხვნდებოდეთო“ და . . უსასტიკესად გაუსწორდებოდნენ იმ საცოდავს.
მაგრამ გოგა ხაინდრავას ამის თქმა არ აწყობს. არ აწყობს ძალიან ღრმა სისტემური მიზეზის გამო, რადგან თუ ამ სიმართლეს იტყვის და მხატვრულად გამოხატავს, ინგრევა მთელი მისი შავ-თეთრი კონცეფცია: „ციხის ბოროტი ადმინისტრაცია - კეთილშობილი, რაინდი პატიმრები“; ანუ „ცუდი ხელისუფლება - კარგი საზოგადოება“.
არადა, ავტორი აქაც ცრუობს: შეუძლებელია ჯანსაღ საზოგადოებას სახელმწიფო ადმინისტრაციაში და ძალისმიერ სტრუქტურებში (თუნდაც საშუალო და დაბალ დონეზე) ყავდეს ამდენი მანიაკი, გარეწარი, სადისტი და მწამებელი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ის, რომ ხაინდრავა „გვაბოლებს“ და მარტივი, შავ-თეთრი სქემებით ცდილობს ცრუ სტერეოტიპები მოგვახვიოს თავს, ერთი უკვე ისტორიული ფაქტით დასტურდება: გავიხსენოთ ე.წ. „ფოტოგრაფების საქმე“. ერთ-ერთ მათგანს, მოგვიანებით, ინტერვიუში ასეთი რამ წამოცდა: „ციხის უფროსმა მითხრა, თუ არ აღიარებ, ჩვენ თითსაც არ დაგაკარებთ, მაგრამ იმ საკნის პატიმრებს, სადაც შენ შეგასახლე, საშინელ დღეში ჩავყრი და მერე ისინი რასაც გიზავენ . . . “.
დღემდე უკვირს ბევრს, რატომ აღიარა ბოლოს და ბოლოს ამ ფოტოგრაფმა არჩადენილი დანაშაული, როდესაც გარეთ ამდენი მხარდამჭერი და გულშემატკივარი ჰყავდა? რასაკვირველია, არავითარი „ჯაშუში“ იგი არ ყოფილა. ის და მისი კოლეგები დააპატიმრეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მათ მიჰყიდა (ამათ კი გაავრცელეს) 26 მაისის უსასტიკესი დარბევის ფოტოები.
მთელი საზოგადოება, მთელი ჟურნალისტური თანამეგობრობა ფეხზე დადგა უდანაშაულო კოლეგების დასაცავად. ადვოკატი „თვით“ ეკა ბესელია იყო. ფოტოგრაფმა კი დანაშაული მაინც აღიარა და ყველაფერზე ხელი მოაწერა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდა: ბესელიაც და სხვებიც მას დაიცავდნენ ციხის ადმინისტრაციისგან, მაგრამ არ დაიცავდნენ სხვა პატიმრებისგან!
პატიმართა უფლებების დამცველი „ენჯეოების“ ლეგიონია ამ ქვეყანაში, მაგრამ ერთხელ თუ გახსოვთ ეთქვათ: „ესა თუ ის პატიმარი მისმა თანასაკნელებმა აწამესო?“ არადა, ყველაზე ხშირად სწორედ ასე ხდება.
არასდროს, არ ერთხელ არ უთქვამთ! იმიტომ, რომ ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ „გარედან“ წასვლა იოლია - სხვა პატიმრების წინააღმდეგ კი (რომლებიც, სინამდვილეში, ყველაზე ხშირად იჩენენ ველურ სისასტიეს) - ბევრად პრობლემური. მაშინ ხომ უკვე იმათ ახლობლებთან და ნათესავებთან ექნებათ საქმე?!
სერგო თეთრაძე „ნასედკებს“ არ გაუუპატიურებიათ - ჩვეულებრივმა, „კეთლშობილმა“ პატიმრებმა ჩაიდინეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ არასასიამოვნო, არასტერეოტიპულ სიმართლეს გოგა ხაინდრავა არ გვეუბნება, რადგან (ვიმეორებ) არ აწყობს აკვიატებული შავ-თეთრი დისკურსის დარღვევა
იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, თავად გრძნობდეს რაიმე პასუხისმგებლობას საკუთარი ზნეობრივი არჩევანისთვის: განა ეს უზნეო და უტვინო ბიჭ-ბუჭებ-გოგოშკები, რომლებმაც „გლდანი“ შექმნეს და თვითონ ბინძურ ორგიებში იხრჩობოდნენ, სწორედ გოგა ხაინდრავას და მისი მსგავსი „ჭკუისკოლოფების“ ძალისხმევით არ მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად?
იმ „რევოლუციის“ მთავარი motto და სულისკვეთება „მეტი თავისუფლება“ არ ყოფილა. და ვერც იქნებოდა მარტივი მიზეზით: იმაზე მეტი თავისუფლება, რაც ამ ქვეყანაში შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს არსებობდა, უბრალოდ, თეორიულადაც კი შეუძლებელია! 2003 წლის 22 ნოემბერს შეკრებილი მასის სიღრმისეული მისწრაფება იყო „ძლიერი ხელი“, ე.წ. „ძლიერი ხელისუფლება“ და თუ ხაინდრავა მაშინ რევოლუციონერთა პირველ რიგებში ბრძანდებოდა, ახლა ვის რატომ და როგორ „ასწავლის ჭკუას?“
თანაც, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის მის ბიოგრაფიაში? გავიხსნოთ 1991 წელი.
როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, მივიღოთ, როგორც უზენაესი ნება და ხელოვანისათვის საყოველთაო დათქმით მიკუთვნებული „დიადი შედომის“ უფლება. თუმცა ეს უფლება დანტეს შეიძლებოდა ჰქონოდა, როდესაც პრიორობა ჩამოართვეს, შემდეგ კი ფლორენციდანაც განდევნეს „შავმა გველფებმა“, და არა ერთი ტრაფარეტული, პლაკატური, სტერეოტიპული, შავ-თეთრი პროპაგანდისტული ნახელავის ავტორს, რომელსაც ამ უბედურ ქვეყანაში ჯერ თავად „მოჰყავდა“ მთავრობანი, შემდეგ კი „თამამად“ ცდილობდა აეცილებინა თავიდან პასუხისმგებლობა მის მიერვე „მოყვანილი“ ხელისუფლების ნამოქმედარისთვის.
კახა კირვალიძე